¹3კ-523-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო თანხის დაბრუნება და გაწეული სარემონტო ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. გ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო თანხის დაბრუნება, გაწეული ხარჯების ანაზღაურება. მოპასუხე ც. გ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის სახით 1400 აშშ დოლარის გადახდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ც. გ-ს დაეკისრა 10000 აშშ დოლარის გადახდა მ. ზ-ის სასარგებლოდ, აგრეთვე სარემონტო ხარჯების ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისრა ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მ. ზ-ას სასარგებლოდ. ზიანის ანაზღაურებაზე მ. ზ-ას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ც. გ-ს შეგებებულ სარჩელზე ეთქვა უარი.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. გ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 5 თებერვალს ც. გ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყვიტა საქმის წარმოება მის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, რასაც დაეთანხმა მ. ზ-ა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ზ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, სადაც მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატის მხრიდან ადგილი ჰქონდა სსკ-ს 378-ე მუხლის I ნაწილის დარღვევას, ვინაიდან მას არ გამოუთქვამს თანხმობა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით მ. ზ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სსკ-ს 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სასამართლო ხარჯების შესახებ.
სსკ-ს 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ს 378-ე მუხლი არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ უარის თქმის შედეგად მიღებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას. ამდენად, სააპელაციო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრით არ შეიძლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არის დაუშვებელი, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 414-ე, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ზ-ას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
დაუბრუნდეს კერძო საჩივრის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ¹000141107 ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 97,50 ლარი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.