საქმე N 160100122006156325
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1378აპ-23 26 მარტი, 2024 წელი
მ-ი ა., №1378აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. მ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ში, ე. მ–ს ოჯახის საცხოვრებელი სახლის წინ, ქუჩაში, სტუმრების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ა. მ–სა ორჯერ დაარტყა მუშტი ბეჭებში შვილს – ე. მ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით, ა. მ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი მექვაბიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. მ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა, ასევე მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 22 ნოემბერს, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ ა. მ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა. მ–ს ბრალეულობა. დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ვითარების აღდგენის მიზნითაა ჩატარებული, ვიზუალური დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ბარათით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ს. მ–ს გამოკითხვის ოქმით უტყუარად დადასტურდა ა. მ–ს მიერ შვილის – ე. მ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა. მ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება. ამასთან, კასატორმა პოზიციის დასასაბუთებლად საკასაციო საჩივარში მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის N801აპ-19 განჩინებაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის N118აპ-20 განაჩენზე.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს, უტყუარად დადასტურდა ა. მ–ს მიერ შვილის, ე. მ–ს, მიმართ 2022 წლის 2 აგვისტოს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ე.მ-მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის- მამის წინააღმდეგ.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებული მოწმის – ს. მ–ს გამოკითხვის ოქმზე (უდავო მტკიცებულება) და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმე ა. მ–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობს თავად დაზარალებულისგან. ზემოაღნიშნული მოწმე არ არის ბრალად წარდგენილი ფაქტის უშუალო თვითმხილველი, შესაბამისად, მისი გამოკითხვის ოქმი ირიბი შინაარსისაა და ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი, იმის თაობაზე, რომ დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, რომელიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში - 1. ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად და 2. საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. საქართელოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტი მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული იმ ვითარებასთან, რომელშიც ხდებოდა აღსადგენი შემთხვევა.
5.10. აღსანიშნავია, რომ ე. მ-თან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების და არა ვითარების აღდგენის მიზნით, მოწმემ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, ა. მ–მა იძალადა მასზე. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა და მტკიცებულებით მნიშვნელობა შეეძინა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან.
5.11. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ა. მ–ს მხრიდან დაზარალებულზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და ამის შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდას წარმოდგენილი არ არის.
5.12. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ვიზუალური დათვალიერების ოქმზე, სამედიციონო ბარათზე და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა ნაჭდევი ზურგის არეში, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ მტკიცებულებების პირველწყაროს ასევე დაზარალებული წარმოადგენს, ამასთან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსიდან დამოუკიდებლად იმის დადგენა, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა დაზიანებები მიყენებული შეუძლებელია. საქმეში არ მოიპოვება არცერთი ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ე. მ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებდა მსჯავრდებულის მონაწილეობას განხილულ დანაშაულში. ცალკე აღებული, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამდენად, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.13. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა. მ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.14. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს №801აპ-19 და N118აპ-20 გადაწყვეტილებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის მოცემულობიდან.
5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე