Facebook Twitter
საქმე N330100108007174562

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე №1323აპ-23 19 მარტი, 2024 წელი
მ–ი ლ., №1323აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ლ. მ–ს (დაბადებული: 19..) ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით) და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. თ–ში, ც–ს ქუჩა N..-ში მცხოვრები ლ. ს–ს ძე მ–ი 1999 წლის 2 მარტს გასამართლებული იქნა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ძვ. რედაქცია) და მიესაჯა პირობითი სასჯელი 5 (ხუთი) წლის ვადით. იყო რა ნასამართლევი, ლ. მ. ძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,მაკაროვის“ სისტემის ძიებით დაუდგენელი ცეცხლსასროლი იარაღი თავისი საბრძოლო ვაზნებით, რომელსაც შემდგომ ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
1.3. 2003 წლის 25 დეკემბერს, ლ. მ–სი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თ–ი, ...........ის გამზირი N..-ში მცხოვრებ მ. ვ–ს ძე ჭ–ს, რომელსაც გააჩნდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,მაკაროვის“ სისტემის გამოძიებით დადუგენელი ცეცხლსასროლი იარაღი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახვდა და ატარებდა. მათ განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ თ–ი, გ–ს მასივი, ს–ს ქუჩა N..-ში, მცხოვრებ რ. ს–ს. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე დღეს ისინი შეიარაღდნენ ხსენებული იარაღებით და მათი ნაცნობი გ. მ–ს მართვის ქვეშ მყოფი ვაზ-2109 მარკის სახელმწიფო -სარეგისტრაციო ნომრის –„.......“ მქონე ავტომანაქანით, ისე რომ მძღოლისათვის არ გაუნდვიათ თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ, მივიდნენ გ–ს რაიონის სოფელ ტ–ში რ. ს–სთან, რომელიც იმ დროისათვის თავისი სატვირთო ავტომანქანით ეზიდებოდა სამშენებლო მასალას და სთხოვეს მას პირადი საქმის მოტივით ჩამჯდარიყო მათ ავტომანქანაში. ლ. მ–მა და მ. ჭ–მ ჩაისვეს რ. ს–სი ავტომანქანაში, გაიყვანეს ტყის პირას და გაჩერდნენ. გ. მ–სე დარჩა ავტომანქანაში, ხოლო ლ. მ–მა და მ. ჭ–მ რ. ს–ი გადაიყვანეს ტყეში, სადაც მისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ყაჩაღურად თავს დაესხნენ ამ უკანასკნელს და ხსენებული იარაღების მუქარითა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მიაყენეს მას ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, რა დროსაც მ. ჭ–მ რ. ს–ს შეშინების მიზნით მოახდინა ორი გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ლ. მ–სმა და მ. ჭ–მ რ. ს–ს გასტაცეს 270 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი - ,,სიმენს-C-450“, 200 ლარად ღირებული ოქროს რგოლი, 250 ლარად ღირებული ოქროს ძეწკვი, 20 ლარად ღირებულ ოქროს ჯვართან ერთად. აღნიშნულის შემდეგ მ. ჭ–მე კვლავ დაემუქრა დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით, ლ. მ–სთან ერთად ჩაჯდა ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო რ. ს–ი დატოვეს ტყეში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, ლ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ლ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას და დამატებით სასჯელს - ჯარიმას 4000 ლარს, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. მ–ს, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა - 4000 ლარი.

2013 წლის 28 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მსჯავრდებულ ლ. მ–ს მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. მ–სს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 2 მარტის განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნომებრის განაჩენზე დამატებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. მ–ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ანწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ლ. მ–ს განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ლ. მ–ი 2023 წლის 16 მარტს შესახლებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის N. დაწესებულებაში.

2.2. 2023 წლის 30 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. მ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. მ–მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 ნოემბრის განაჩენი;

ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) წარდგენილი ბრალდებით.

ლ. მ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ლ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ლ. მ–ს მიერ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი. კერძოდ: დაზარალებულმა რ. ს–მა მიუთითა, რომ ლ. მ–მა სწორედ მ. ჭ–სთან ერთად ჩაიდინა ყაჩაღობა. დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მართალია გასული დროის გათვალისწინებით მას არ შეუძლია ლ. მ–ს ამოცნობა, თუმცა მისთვის საქმის მასალებით ცნობილი გახდა, რომ მასზე ყაჩაღური თავდასხმა მ. ჭ–სთან ერთად განახორციელა სწორედ ლ. მ–მა. ანალოგიური დადასტურდა მოწმეების – ვ. ს–სა და გ. მ–ს დაკითხვის ოქმებითა და მ. ჭ–ს დაკითხვისა და დაპირისპირების ოქმებით. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოიპოვება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა, რომ რ. ს–ს მიღებული ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ასევე ვაზ-2109 ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ოქროს ძეწკვი, რომელიც რ. ს–მა ამოიცნო, როგორც თავისი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, როცა ლ. მ–ი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში გაამართლა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ: საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5.2. საკასაციო სასამართლო ლ. მ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა ლ. მ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ. მ–ს მიერ ჯგუფურად, ყაჩაღური თავდასხმის ჩადენა.

5.3. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც ლ. მ–ს მიმართ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა რ. ს–მა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ გამოძიების ეტაპზე დაკითხვისას ამოიცნო მ. ჭ–ე და მიუთითა, რომ იგი იარაღს იყენებდა, ამჟამად, გასული დროის გათვალისწინებით მას არ შეუძლია ლ. მ–ს ამოცნობა. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის, საქმის მასალებით გახდა ცნობილი, რომ მასზე ყაჩაღური თავდასხმა მ. ჭ–სთან ერთად განახორციელა ლ. მ–მა. სასამართლო აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვის ოქმებით იმის დადასტურება, რომ სასამართლოში წარმოდგენილი პიროვნება - ლ. მ–ი არის ის პირი, რომელზეც გამოძიების ეტაპზე მოწმეები საუბრობდნენ, შეუძლებელია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობა/უტყუარობა შეაფასოს პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, გამოძიების ეტაპზე არ ჩატარებულა პიროვნების მაიდენტიფიცირებელი საგამოძიებო მოქმედება – ფოტოსურათით ამოცნობა დაზარალებულთან, მ. ჭ–სთან ანდა გ. მ–სთან. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საფუძვლად დაედებოდა ლ. მ–ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას.

5.4. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც ლ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის კანონიერი.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.“

5.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

5.9. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




შალვა თადუმაძე