გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-545-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირებად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ს-ა და მისი მეუღლე შ. კ-ი, შვილები: ვე., გ. კ-ები ჩაწერილები იყვნენ და ცხოვრობდნენ ქ.ბორჯომში, ... მდებარე კომუნალურ ბინაში. 1997წ. აპრილში ბორჯომის საბინაო კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების სახლმმართველმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ვ. ს-ას, შ., ვე. და გ. კ-ების მიმართ და მოითხოვა ქ.ბორჯომში, ... მდებარე ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირებად ცნობა, რადგან ისინი წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ აღნიშნულ ბინაში და ქ.ორჯონიკიძეში არიან საცხოვრებლად გადასულნი, ხოლო მათ ბინაში კი ლ. ვ-ა-გ-ი, ლე., ილ. და ი. გ-ები ცხოვრობენ. ისინი 1991 წელს ამ ბინაში საცხოვრებლად შეუშვა ვ. ს-მა, რომელსაც 35000 მანეთი გადაუხადეს. მოცემული დავა არაერთხელ იქნა სასამართლოების მიერ განხილული. ბოლოს გორის რაიონულმა სასამართლომ 2000წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ბორჯომის საბინაო კომუნალური მეურნეობის სახლმმართველობის (ამჟამინდელი შპს “ბ-ის”) სარჩელი მოპასუხეების: ვ. ს-ას, შ., ვე. და გ. კ-ების, დაინტერესებული პირის ლ. ვ-ა-გ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; ვ. ს-ა და მისი ოჯახის წევრები არ იქნენ ცნობილნი უფლებადაკარგულ პირებად საცხოვრებელ ფართზე, მდებარე ... ქ.ბორჯომში.
ბორჯომის კომუნალური საბინაო მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების სახლმმართველმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 24 ივნისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების ვ. ს-ას, შ., ვე. და გ. კ-ების გამოუცხადებლობის გამო, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს “ბ-ის (ბორჯომის კომუნალური საბინაო მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების სახლმმართველობის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. დაკმაყოფილდა შპს “ბ-ის” სარჩელი და ვ. ს-ა, შ. კ-ი, ვე. და გ. კ-ები ცნობილნი იქნენ უფლებადაკარგულად ქ.ბორჯომში, ... მდებარე მე-16 ბინის ფართზე.
პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ. ს-ას წარმომადგენელმა ადვოკატმა ზ. კ-ე-ბ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 18 ივლისის განჩინებით მიიღო ვ.ს-ას წარმომადგენელი ზ.კ-ე-ბ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ვ.ს-ას საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო: გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ბ-ის” სააპელაციო საჩივარს ეთქვა უარი გამოუცხადებლობის გამო. უცვლელად იქნა დატოვებული გორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება.
მოცემული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოცხადდა საჩივრის ავტორი ვ.ს-ა და მისი წარმომადგენელი ზ.კ-ე. არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ბ.”. გამოცხადებულმა მხარემ იშუამდგომლა, მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან მხარეები სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებულები იყვნენ სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
ლ. ვ-ა-გ-მა საჩივარი შეიტანა 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლოს სხდომაზე გამოძახებული არ იყო. სააპელაციო პალატამ დაარღვია საპროცესო ნორმა, ვინაიდან ლ. ვ-ა-გ-ი მოცემულ დავაში მესამე პირია, იგი სარგებლობს პროცესის მონაწილეთა ყველა უფლებებით და დავა ეხება მისი ოჯახის სადავო ბინიდან გამოსახლების საკითხს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით ლ. ვ-ა-გ-ის საჩივარი არ იქნა მიღებული დაუშვებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 236-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ იმ მხარეს, რომელიც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება მის საწინააღმდეგოდაა მიღებული. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. ვ-ა-გ-ი საქმეში ჩართულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და ამდენად, მას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ გააჩნია. ლ. ვ-ა-გ-ის წარმო-მადგენელმა დ. ა-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებაზე შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მესამე პირს არ აქვს უფლება, გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მესამე პირი იმის მიუხედავად, გააჩნია თუ არა დამოუკიდებელი მოთხოვნა, საპროცესო კანონმდებლობით სარგებლობს პროცესის მონაწილეთა ყველა უფლება-მოვალეობით. პალატამ არ გაითვალისწინა ის, რომ ვ.ს-მა დაარღვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების 10 დღიანი ვადა. მან კერძო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის მიერ მოცემულ საქმეზე 2002წ. 24 ივნისის შემდეგ მიღებული ყველა განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
კერძო საჩივარი სააპელაციო პალატის 2002წ. 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 236-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს მხარეს, რომელიც არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე და მის წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ლ. ვ-ა-გ-ი არ წარმოადგენს მხარეს, იგი ჩაბმულია საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე და ამდენად, მას არა აქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
შპს “ბ-ის” წარმომადგენელმა მ. დ-მა 2003წ. 16 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით: 2002წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ.ს-ას წარმომადგენელ ზ.კ-ეს ჩაბარდა 2002წ. 4 ივლისს, რაც ხელწერილით დასტურდება, ხოლო კერძო საჩივარი შეიტანა 2002წ. 17 ივლისს ე.ი. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გაუქმებულ იქნა კანონიერ ძალაში შესული იმავე პალატის მიერ 2002წ. 24 ივნისს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით შპს “ბ-ის” საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ს 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როცა მხარეს ჩაბარდა გადაწყვეტილების ასლი. მოცემულ შემთხვევაში მხარეს, შპს “ბ-ის” დირექტორს, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2002წ. 6 დეკემბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2002წ. 16 დეკემბრის ჩათვლით. შპს “ბ-ამ” საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში შეიტანა 2003წ. 16 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
2003წ. 21 თებერვალს შპს “ბ-ის” წარმომადგენელმა კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას 2003წ. 20 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
შპს “ბ-ის” წარმომადგენელი განჩინების გაუქმების მოტივად უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის, რომ მათ მიერ გასაჩივრების ვადა გაშვებული არ ყოფილა და 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წარმოუდგინა მესამე პირმა – ლ. ვ-ა-გ-მა, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი და დაერთო საჩივარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით შპს “ბ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაგზავნილ იქნა ზემდგომ სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ შპს “ბ-ის” საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში შეტანილ იქნა სსკ-ს 237-ე მუხლით დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ვ-ა-გ-ის წარმომადგენელი დ.ა-ის კერძო საჩივარი და შპს “ბ-ის” წარმომადგენელი მ.დ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ლ. ვ-ა-გ-ი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად იქნა ჩართული სამოქალაქო საქმეში ბორჯომის საბინაო კომუნალური მეურნეობის მრავალდარგოვანი გაერთიანების სახლმმართველის სარჩელის გამო, მოპასუხეების ვ. ს-ას, შ., ვე. და გ. კ-ების მიმართ ბინის ფართზე უფლებადაკარგულ პირებად ცნობის შესახებ. ლ. ვ-ა-გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლოს სხდომაზე არ იყო გამოძახებული. სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლობის გამო, სსკ-ს 236-ე მუხლის საფუძველზე ლ.ვ-ა-გ-ის საჩივარი არ იქნა მიღებული. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ.ვ-ა-გ-ის წარმომადგენელი დ.ა-ის კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მესამე პირი, იმის მიუხედავად, გააჩნია თუ არა დამოუკიდებელი მოთხოვნა, სარგებლობს პროცესის მონაწილეთა ყველა უფლება-მოვალეობით, რადგან სსკ-ს 236-ე მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია გადაწყვეტილება, შეუძლია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ. სამოქალაქო პროცესის მხარეებს კი წარმოადგენს მოსარჩელე და მოპასუხე. სსკ-ს 88-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მხოლოდ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა. ამდენად, მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე არ აქვს უფლება გაასაჩივროს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რის გამოც სააპელაციო პალატამ ლ.ვ-ა-გ-ის წარმომადგენელი დ.ა-ის საჩივარი სწორად მიიჩნია დაუშვებლად, ამიტომ, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს “ბ-ის” წარმომადგენელმა მ.დ-მა, 2003წ. 16 იანვარს საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას და მოითხოვა ამავე პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ 2002წ. 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ვ.ს-ას წარმომადგენელ ზ.კ-ეს ჩაბარდა 2002წ. 4 ივლისს, რაც ხელწერილით დასტურდება. კერძო საჩივარი კი შეიტანა 2002წ. 17 ივლისს ე.ი. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით სსკ-ს 237-ე მუხლის საფუძველზე შპს “ბ-ის” საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ამ ნორმის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის გამოთვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს “ბ-ის” დირექტორს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაბარდა 2002წ. 6 დეკემბერს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2002წ. 16 დეკემბრის ჩათვლით. შპს “ბ-ამ” საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში შეიტანა 2003წ. 16 იანვარს ანუ კანონით დადგენილი 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.
შპს “ბ-ის” წარმომადგენელმა 2003წ. 20 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, კერძო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატას.
შპს “ბ-ის” წარმომადგენელი განჩინების გაუქმების მოტივად უთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მათ მიერ გასაჩივრების ვადა გაშვებული არ ყოფილა და 2002წ. 21 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათ წარმოუდგინა მესამე პირმა – ლ. ვ-ა-გ-მა, რაზედაც შესდგა სათანადო ოქმი და დაერთო საჩივარს.
საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივარი, რადგან საქმეში მოცემულია შპს “ბ-ის” დირექტორ მ.დ-ის ხელწერილი იმის შესახებ, რომ მან დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 6 დეკემბერს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ს 237-ე მუხლი და სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, შპს “ბ-ის” დირექტორის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ, დაუშვებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ვ-ა-გ-ის წარმომადგენელი დ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის და 29 დეკემბრის განჩინებები.
შპს “ბ-ის” დირექტორი მ.დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის და 2003წ. 25 თებერვლის განჩინებები.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.