Facebook Twitter

საქმე N 330100121005105449

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1394აპ-23 25 მარტი, 2024 წელი

ს–ი ე., №1394აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ს–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 259-ე მუხლის პირველი ნაწილი (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია (2021 წლის 22 აგვისტოს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2021 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, თ–ში, ........, მე-.. მრ/ნი, ..-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ს–მა პნევმატური თოფიდან გასროლით წინა მარცხენა მხარზე ნახვრეტი ჭრილობა მიაყენა დ. კ–ს „მეტისის“ ჯიშის ძაღლს, სახელად „ბ–ს“. ე. ს–იის აღნიშნულმა ქმედებამ „მეტისის“ ჯიშის ძაღლის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით, ე. ს–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 31 ოქტომბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ე. ს–ს საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის პროპორციული სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ე. ს–ს ბრალეულობას, კერძოდ: დაზარალებულ დ. კ–ს, მოწმეების ი. გ–ს, ნ. გ–ს ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ე. ს–ს ქმედებამ ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ კ. ლ–ს თავს დაესხა ძაღლი ბ–ა და სცადა მისი კბენა-დაგლეჯვა, რის ასარიდებლად ე. ს–მა პნევმატური თოფიდან ესროლა ძაღლს, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.

5.3. საქართველოს სსკ-ის 30-ე მუხლის თანახმად: მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ესე იგი ვინც სხვას დააზიანებს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებლის ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და თუ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს, თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. უკიდურესი აუცილებლობის დროს სახეზე გვაქვს სამართლებრივ სიკეთეთა და ინტერესთა ურთიერთშედარება. უკიდურესი აუცილებლობის ნიშნებია: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება, ინტერესთა ურთიერთშეჯერება და სუბიექტური ნება. უკიდურესი აუცილებლობის აუცილებელი პირობაა ის, რომ დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

5.4. მოცემულ შემთხვევაში, კ. ლ–ს სამართლებრივი სიკეთეს - ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა რეალურად, რადგან ძაღლი ბ–ა განაგრძობდა თავდასხმას მსხვერპლზე და საფრთხე იყო იმწუთიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არა საფრთხის აღმკვეთი მოქმედების დროული განხორციელება, სამართლებრივი სიკეთე გარდაუვლად დაზიანდებოდა. ე. ს–ი იმყოფებოდა იმგვარ მდგომარეობაში, რომ მის მიერ უმოქმედობის შემთხვევაში, კ. ლ–ს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე იმწუთიერად მიადგებოდა. ამდენად, საფრთხის თავიდან აცილების ალტერნატიული გზა არ არსებობდა და სამართლებრივ სიკეთეთა რანგირების პრინციპის დაცვით, დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე.

5.5. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე. ს–ს ქმედება შეიცავდა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას, კერძოდ, უკიდურეს აუცილებლობას, ანუ ისეთ გარემოებას, როცა პირის გადარჩენა შეიძლებოდა მხოლოდ იმგვარი მოქმედების ჩადენით, რომელიც, გარკვეულ გარემოებათა გათვალისწინების გარეშე, არის დანაშაულებრივი, მაგრამ ამ ქმედებით დაზიანებული სიკეთე გადარჩენილ სიკეთეზე - ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ნაკლებმნიშვნელოვანია.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე