გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-548-03 6 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა და მიჯნის აღმართვა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და ა. ბ-ების მიმართ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. სამტრედიაში, ... მდებარე სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი – საცხოვრებელი სახლის უკანა მარჯვენა მხარეს 40 კვ.მ. ფართის ¹2 და 55 კვ.მ. ფართის ¹2 ნაკვეთები; ა. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა ქ. სამტრედიაში, ... მდებარე სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაწილი – საცხოვრებელი სახლის წინა მარჯვენა მხარეს 49,20 კვ.მ. ფართის მქონე ¹1 ნაკვეთი; ნ. ბ-ს საკუთრებაში გადაეცა აღნიშნული ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის მარცხნივ წინა მხარეს 26-26 კვ.მ. ფართის მქონე ¹2 და ¹3 ნაკვეთები და სახლის მარცხნივ უკანა მხარეს 48,7 კვ.მ. ფართის ¹4 ნაკვეთი; ... ქუჩის მხრიდან ჩასასვლელი ჭიშკრიდან სახლამდე მისასვლელი 290 სმ სიგანის გზის ზოლი დარჩა ა. და ნ. ბ-ების საერთო თანასაკუთრებაში, ხოლო საკარმიდამო ეზოს უკანა მხარეს შუა ნაწილში არსებული მისასვლელი ბილიკი საერთო საკუთრებაში დარჩათ მ. და ნ. ბ-ებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოაქლაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 10 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ბ-მ შეიტანა კერძო საჩივარი იმ მოტივით, რომ 2002წ. 12 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მან ჩაიბარა 2002წ. 27 ნოემბერს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილი იყო კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით მ. ბ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად მისი გადაგზავნის დრო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება, განიმარტა გადაწყვეტილების შინაარსი და მისი გასაჩივრების წესი, მაგრამ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი არ ასახულა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ “გადაწყვეტილება აპელაციურია ერთი თვის ვადაში”, თუმცა არც სხდომის ოქმში და არც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის განმარტებული, ეს ვადა უნდა აითვალოს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, თუ მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის დღიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხდომის ოქმიდან არ ჩანს, დასაბუთებული გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული თუ მხოლოდ მისი სარეზოლუციო ნაწილი ან სხვაგვარად ეჭვის ქვეშ დგება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების საკითხი; როცა სსკ-ს 249-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, ასევე ამავე კოდექსის 288-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად – სხდომის ოქმში, განმარტებული არ არის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, მაშინ მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ყოველთვის უნდა ჰქონდეს ერთი თვის ვადაში მის მიერ ამ გადაწყვეტილების ასლის მიღების დღიდან. იმ შემთხვევაში კი, თუ საქმის მასალებით ვერ ხერხდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მხარეზე ჩაბარების ზუსტი თარიღის დადგენა, ზოგადსამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირის სასარგებლოდ, ანუ გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ უნდა იქნეს მიჩნეული გასულად. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ბ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.