საქმე N 200100122005519098
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1301აპ-23 6 მარტი, 2024 წელი
უ–ი შ., №1301აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. შ. უ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (ორი ეპიზოდი)); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ოთხი ეპიზოდი)); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. შ. უ–ი 2019 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. უ–ი, იყო რა ნასამართლევი ოჯახში ჩადენილი დანაშაულისათვის, 2019 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მამას – ვ. უ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ვ. უ–ი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
1.3. შ. უ–ი 2019 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. უ–მა, იყო რა ნასამართლევი ოჯახში ჩადენილი დანაშულისათვის, 2020 წლის აპრილის თვეში, ქ.თ–ში, ა–ს გამზირი №.., ბინა №..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – ვ. უ–ს, კერძოდ, ხის სკამი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში ვ. უ–ს. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ვ. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.4. შ. უ–ი 2019 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. უ–ი, იყო რა ნასამართლევი ოჯახში ჩადენილი დანაშაულისათვის, 2020 წლის აპრილის თვეში, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მამას – ვ. უ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც, ვ. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.5. 2021 წლის ივლისის თვეში, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – ვ. უ–ს, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა მას ტანის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ვ. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.6. 2021 წლის ივლისის თვეში, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–ი მამას – ვ. უ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად, ვ. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.7. 2021 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას – ვ. უ–ს, კერძოდ, ხელებითა და ფეხებით სცემა მას სხეულის სხვადასხვა არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ვ. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.8. 2021 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–ი მამას – ვ. უ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად, ვ. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.9. შ. უ–იი 2019 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ. უ–იი, იყო რა ნასამართლევი ოჯახში ჩადენილი დანაშაულისათვის, 2019 წლის 10 ნოემბრიდან 2022 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, დედას – ა. უ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ა. უ–მი, მის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად, განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
1.10. 2021 წლის 10 დეკემბერს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, ა. უ–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმაზე და ორივე ყურით ასწია ჰაერში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა. უ–მმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.11. 2021 წლის 10 დეკემბერს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–იი დედას - ა. უ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად, ა. უ–მს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.12. 2022 წლის 11 იანვარს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ა. უ–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმაზე და სამჯერ ჩაარტყა ხელი თავში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ვ. უ–სის მიმართ ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ა. უ–ს მიმართ ფსიქიკური ტანჯვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით შ. უ–ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, ვერ იქნა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს შექმნიდა.
2.2. თელავის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. უ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გამოიხატა შემდეგით:
2021 წლის 10 დეკემბერს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–იმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას – ა. უ–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმაზე და ორივე ყურით ასწია ჰაერში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ა. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის 10 დეკემბრერს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–ი დედას – ა. უ–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ა. უ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2022 წლის 11 იანვარს, ქ. თ–ში, ა–ს გამზირი №..., ბინა №...–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შ. უ–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - ა. უ–ს, კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმაზე და სამჯერ ჩაარტყა ხელი თავში. განხორციელებული ძალადობის შედეგად ა. უ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით შ. უ–იი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ. უ–ის განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით და 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით გველესიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, შ. უ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა და რელევანტური სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
შ. უ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
შ. უ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2021 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
შ. უ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2022 წლის 11 იანვრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, შ. უ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ. უ–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 6 თებერვლიდან 2022 წლის 19 აპრილის ჩათვლით და, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათი, ჩაეთვალა სრულად მოხდილად.
თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, წარდგენილი ბრალდებებით შ. უ–ს სრულად დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი შ. უ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა შ. უ–ს ბრალეულობა, ყველა წარდგენილ ეპიზოდში. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაიკითხა დაზარალებული – ა. უ–ი, რომელმაც მიუთითა, თუ როგორ ძალადობდა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად შ. უ–ი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. მანვე დაადასტურა, რომ შ. უ–ი იგივე ქმედებებს ახორციელებდა ვ. უ–ს მიმართ, სცემდა მას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ვ. უ–ი იძულებული გახდა, ცალკე გადასულიყო საცხოვრებლად. სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხნენ პოლიციელები გ. ა–ი და ლ. ო–ი. ა. უ–სა და ვ. უ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების თანახმად, ანო და ვ. უ–ებმა მიუთითეს ის ადგილები, სადაც მათი შვილი – შ. უ–ი მათ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე ემუქრებოდათ სიცოცხლის მოსპობით. მართალია დაზარალებულმა ვ. უ–მა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ოჯახის წევრის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია, მაშინ, როდესაც სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ შ. უ–ი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე, ასევე, ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით. შესაბამისად, სასამართლომ ასეთ შემთხვევებში უნდა გაითვალისწინოს ის ობიექტური და სუბიექტური გარემოებები, რაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ახასიათებთ. ამდენად, დაზარალებულისათვის მინიჭებული უფლების გამოყენება არ უნდა იქნეს გაგებული იმ სახით, თითქოს მის მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენების უარყოფა ხდება. ამასთან, კასატორის განმარტებით, სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდებით წარდგენილი ბრალდებების დადასტურებისათვის საკმარისია, დაზარალებულმა დააფიქსიროს, რომ ამ ქმედებების შედეგად განიცადა ტანჯვა. აღნიშნულის დასასაბუთებლად პროკურორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ შ. უ–ი 2019 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას ვ. უ–ს მიმართ, ხოლო 2019 წლის 10 ნოემბრიდან 2022 წლის 5 თებერვლის ჩათვლით - ა. უ–ს მიმართ. ფაქტობრივად, ორ წელზე მეტის განმავლობაში დაზარალებულები იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ბრალდებულის მხრიდან, რაც ბუნებრივია, რომ ტანჯვის გამომწვევი იქნებოდა. კასატორს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ შ. უ–ი ნამდვილად ახორციელებდა ვ. და ა. უ–ების მიმართ სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, რა დროსაც ისინი განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ შ. უ–მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი სხვა ქმედებებიც. ამასთან, შ. უ–ს მიმართ დანიშნული არასაპატიმრო სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, შესაბამისად, შ. უ–ის სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს შ. უ–ს ბრალეულობას ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, შ. უ–ს მიერ ა. უ–ს მიმართ, 2021 წლის 10 დეკემბერს და 2022 წლის 11 იანვარს ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტები, კერძოდ: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი) და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ იმსჯელებს ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით.
5.4. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს კასატორის მიერ საჩივარში მითითებულ მტკიცებულებებზე, და ამ მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ: კასატორის პოზიციით, შ. უ–ს მიმართ ბრალად შერაცხილი ოჯახში ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდები, რომლებშიც მსჯავრდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დასტურდება, დაზარალებულ ა. უ–ს ჩვენებით, ანო და ვ. უ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ასევე უდავოდ ცნობილი მოწმეების – გ. ა–ს, ლ. ო–ს გამოკითხვის ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
5.5. საკასაციო სასამართლო უპირველესყოვლისა შეაფასებს ა. უ–ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ მათი შვილი – შ. უ–ი მას და მის მეუღლეს - ვ. უ–ს 2019 წლის ნოემბრიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2021 წლის 10 დეკემბერს შ. უ–მა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ძლიერად მოქაჩა თმა ხელით, შემდგომ კი ორივე ხელი მოჰკიდა ყურებზე და ასწია, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავდროულად, შ. უ–იი მას დაემუქრა მოკვლით, რაც რეალურად აღიქვა და გაუჩნდა მუქარის განხორციელების შიში. ასევე, შ. უ–მა მასზე, იძალადა 2022 წლის 11 იანვარს, კერძოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, ძლიერად მოქაჩა თმა და სამჯერ ჩაარტყა თავში ხელი. დაზარალებულის განმარტებით, შ. უ–ი ფიზიკურ შეურაცხყოფას მამამისსაც აყენებდა და მასაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოწმემ ვერ მიუთითა კონკრეტული პერიოდი და გარემოებები, მისი ჩვენება, შ. უ–ს მხრიდან ვ. უ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად, სხვა პირდაპირი მტკიცებულებების გარეშე საფუძვლად ვერ დაედება შ. უ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ვ. უ–სის სისტემატური შეურაცხყოფის, ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდებში.
5.6. დაზარალებულმა ვ. უ–მა (მამამ) უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა შვილის, შ. უ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ვ. უ–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია მის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შ. უ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.7. ვ. უ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შემდეგ, ა. უ–ი არის ერთადერთი მოწმე, რომელიც საუბრობს, შ. უ–ს მიერ ვ. უ–ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, ასევე სისტემატური შეურაცხყოფის თაობაზე, თუმცა მისი ჩვენება ამ ნაწილში, არ არის მკაფიო, ის მხოლოდ ზოგად განმარტებებს აკეთებს შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების ირგვლივ, არ ასახელებს კონკრეტულად, როდის, რა ვითარებაში და როგორ იძალადა შ. უ–მა მის მეუღლეზე – ვ. უ–ზე, ასევე არ საუბრობს ვ. უ–ს მიერ განცდილ ტანჯვაზე, ფიზიკურ ტკივილზე ანდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად გაჩენილ საფუძვლიან შიშზე, ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი ჩვენება ამ ეპიზოდების უტყუარად დასადასტურებლად არაინფორმატიულია და ვერ გახდება შ. უ–ს ამ ეპიზოდებით მსჯავრდების საფუძველი.
5.8. რაც შეეხება გამომძიებლების, გ. ა–სა და ლ. ო–ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც მხარეებმა სადავოდ არ მიიჩნიეს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მათ გამოკითხვის ოქმებში დეტალურადაა აღწერილი დაზარალებულების – ა. უ–სა და ვ. უ–ს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა მათი გამოკითხვის ოქმები ამ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად ვერ გამოდგება, ვინაიდან აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობა დაზარალებულების მიერ მათთვის ნაამბობს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მათი გამოკითხვის ოქმები, მიუხედავად მათი პრეიუდიციული მნიშვნელობისა.
5.9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.11. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 9 თებერვლის სამედიცინო ექსპერტიზის №............ დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება ვ. უ–ს სხეულზე არსებული დაზიანების შედეგად წარმოქმნილი ნაწიბური, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ამ დასკვნის საფუძველზე უტყუარად იმის დადგენა ვინ მიაყენა ან რა ვითარებაში მიიღო მან აღნიშნული დაზიანება შეუძლებელია, მით უფრო მაშინ, როდესაც ბრალდების მხარე შ. უ–ის ედავება ოჯახში ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს და არა მხოლოდ 2021 წლის ივლისის თვეში განხორციელებულს, რაც სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე არ არის საკმარისი ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
5.12. საკასაციო პალატა აფასებს, ვ. უ–ს მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და აღნიშნავს, რომ ვ. უ–სთან საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით. მოწმემ თავის საცხოვრებელ სახლში მიუთითა იმ ადგილზე/საგნებზე, სადაც მისი განმარტებით, შ. უ–მა იძალადა მასზე. მხედველობაშია მისაღები, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას არ მომხდარა ახალი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოვლენა, კერძოდ: არ ამოღებულა დანაშაულის საგანი ან/და რაიმე სხვა ნივთი, რომელსაც შესაძლოა არსებითი გავლენა ჰქონოდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით) საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულების პირველწყაროს წარმოადგენს, სწორედ ის პირი (დაზარალებული), რომელმაც სასამართლოში შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას ამ მტკიცებულების სისწორე შეამოწმოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთან, ამ შემთხვევაში დაზარალებულთან. რაც შეეხება ა. უ–თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია უშუალოდ ა. უ–მაც მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მისი განმარტებით, შ. უ–მა იძალადა მამაზე – ვ. უ–სზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში და პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების დროს გადმოცემული მწირი ინფორმაცია არ არის საკმარისი დანაშაულებრივი სურათის აღსადგენად ვ. უ–ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო შვიდ ეპიზოდთან მიმართებით. ამდენად, ამ პირობებში სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს ა. უ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვ. უ–ს ეპიზოდებში.
5.13. საკასაციო სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, იმის დასადგენად პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა და ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 29 მარტის N769აპ-20 და 2022 წლის 19 ოქტომბრის N521აპ-22 განჩინებები).
5.14. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულის ქმედებები იყო სისტემატური და ამ ყველაფერმა გამოიწვია ა. უ–ს ტანჯვა, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ერთი მხრივ, სახეზეა მხოლოდ დაზარალებულ ა. უ–მის ჩვენება, რომელმაც მიუთითა 2019 წლიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები და განცდილი სულიერი ტანჯვა, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი შესაძლოა თვეში ერთხელ განხორციელებულიყო. ამასთან, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა შ. უ–ს მხრიდან სისტემატური შეურაცხყოფა მშობლების მიმართ, ვინაიდან ა. უ–ს ჩვენება თავისი შინაარსით ძირითადად შეეხება მის მიმართ 2021 წლის დეკემბერში და 2022 წლის იანვარში განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს, რა დროსაც ასევე აღწერა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, ხოლო ვ. უ–მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, სასამართლოს არ შეუძლია მტკიცებულებების ურთიერთანალიზით შეაფასოს, კონკრეტულად რა ქმედებები და გამონათქვამი მიაღწევდა იმ ხარისხს, რასაც შესაძლოა ობიექტურად გამოეწვია ა. უ–ს ტანჯვა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ორი ეპიზოდი) შ. უ–ს დამნაშავედ ცნობისათვის.
5.15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება შ. უ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ვ. უ–სის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ა. უ–ს მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2020 წლის აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვების ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას შ. უ–ს მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა შ. უ–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის სახე, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.17. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.18. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.20. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე