საქმე N 330100123007696606
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1398აპ-23 26 მარტი, 2024 წელი
შ–ე ს., №1398აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. შ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 370-ე მუხლის პირველი ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2023 წლის 29 აპრილს ტელეკომპანია „.........ას“ ეთერში გასული გამომძიებელ ს. შ–ს ინტერვიუს საფუძველზე, 2023 წლის 1 მაისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის N........... საქმეზე, თ. ბ–ს გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2023 წლის 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ დაკითხვისას, საქართველოს შსს ............ის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა, ს. შ–მ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ: ს. შ–მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თითქოსდა 2020 წლის 22 ივლისს, თ. ბ–ს ცხედრის აღმოჩენის დღეს, მანამ სანამ დამთავრდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, თ–ს რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე. ა–მ მიუტანა თ. ბ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, გაწმენდილ მდგომარეობაში, ლუქთან ერთად და უთხრა, რომ დაელუქა. აღნიშნული ფაქტიდან მეორე-მესამე დღეს ოქმის საფუძველზე დაათვალიერა თ. ბ–ს კუთვნილი მობილური ტელფონი, რა დროსაც მობილურ ტელეფონში არსებული ინფორმაცია იყო წაშლილი. გარდა ამისა, მან გამოკითხა კომპანია „....ს“ დაახლოებით 4-6 თანამშრომელი, რა დროსაც გამოკითხვა აწარმოა წინასწარ შედგენილი კითხვების მიხედვით, რომელიც მას გადასცეს. ს. შ–ს მიერ თ. ბ–ს გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მხოლოდ 3 პირი, გამომძიებლები და ექსპერტი, თ. ბ–ს გვამზე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, შეადგინა 11 ნიმუშის აღების ოქმი, 2 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 4 დათვალიერების ოქმი და 2 ამოღების ოქმი, გაგზავნა მიმართვის წერილები. სხვა საგამოძიებო მოქმედებები ხსენებულ პირს თ. ბ–ს გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩაუტარებია, არც ს. შ–ე და ერც ე. ა–ი შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში არ მონაწილეობდნენ, თ. ბ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონი დაილუქა ადგილზე, ამოღებისთანავე, რაც აღბეჭდილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველ ვიდეომასალაზე და ს. შ–ს შემხებლობა თ. ბ–ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დალუქვასთან, გახსნა/დათვალიერებასთან დაკავშირებით არ ჰქონია. შესაბამისად ს. შ–მ სასამართლოს მისცა ცრუ ჩვენება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ს. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარი მეშველიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულ ს. შ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 8 დეკემბერს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა მარი მეშველიანმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ს. შ–ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი. გასათვალისწინებელია, რომ ს. შ–მ, ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება, რითაც არ გაუფრთხილდა არც თ. ბ–ს ოჯახის წევრებს და არც თავისი კოლეგის რეპუტაციას, რომელსაც შეუქმნა საფრთხე და კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაბრალებით, ხელყო მისი პატივი და ღირსება. ს. შ–მ დანაშაული აღიარა სასჯელის შემსუბუქების მიზნით და არა იმიტომ, რომ იგი გულწრფელად ნანობდა ჩადენილს. აღიარებისას მას არ განუმარტავს, რატომ მისცა სასამართლოს ცრუ ჩვენება. ამდენად, ს. შ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ს. შ–სათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, სხვა ნორმატიული აქტების, მათ შორის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების, მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 63-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ს. შ–ს საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. ამასთან, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
5.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას თითქოსდა სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და განმარტავს, რომ მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.
5.7. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
5.8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. საქმეში არსებული ინფორმაცია ს. შ–ს წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელი და მისი მოხდის ფორმა, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.
5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის მარი მეშველიანის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე