Facebook Twitter

¹3კ-568-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

კერძო საჩივრის ავტორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 9 ივლისს მ. ჭ-ემ მ. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი მოპასუხესთან ერთად იყო კოოპერატივ “მ-ის” წევრი. კოოპერატივის საქმიანობიდან გამომდინარე, მოპასუხეს წარმოეშვა მის წინაშე ფულადი დავალიანება.

მოსარჩელემ მოითხოვა კოოპერატივის ქონების გადაფასება და მისი კუთვნილი წილის ანაზღაურება.

2002წ. 26 თებერვალს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და იმავე საფუძვლით მოპასუხისაგან მოითხოვა 44715 ლარის ანაზღაურება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება 2003წ. 3 იანვარს სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველი დარჩა.

განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მ. ჭ-ემ.

მან მიუთითა, რომ რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. გამოცხადდა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა 2002წ. 2 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი ასლის ჩაბარებიდან 1 თვეში შეიტანა. მისი მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა არ გაუშვია, ამიტომ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თავისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.

სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმე კერძო საჩივართან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ დასტურდება კერძო საჩივარში აღნიშნული გარემოება იმის შესახებ, რომ რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 19 ნოემბერს გამოცხადდა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და არა მთლიანად დასაბუთებული გადაწყვეტილება. მანვე მიუთითა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელეც.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილია 2002წ. 19 ნოემბერს. საქმეში არ მოიპოვება ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2002წ. 19 ნოემბერს გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება საქმეში არ მოიპოვება.

როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2003წ. 3 იანვარს, ხოლო რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, თუ როდის ჩაბარდა არ ჩანს.

სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება იმ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2003წ. 3 იანვარს, ანუ კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მ. ჭ-ეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

სსკ-ს 288-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ.

ამ ნორმის მიხედვით, პალატა თვლის, რომ სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს მის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადდა, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ, მაგრამ მასში არაფერია მითითებული დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების თაობაზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი ესწრებოდა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას და სასამართლოს მიერ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით არ დასტურდება.

სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე, ანუ უნდა მიეთოთოს, რა ვადაში შეიძლება მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრება, საიდან დაიწყება ვადის ათვლა, გადაწყვეტილების გამოცხადების დროიდან თუ გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან, სად შეიტანება საჩივარი და ა.შ.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში კი აღნიშნული არ არის, თუ საიდან უნდა დაიწყოს გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა – ამ გადაწყვეტილების გამოცხადების თუ მხარისათვის ჩაბარების დროიდან.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როცა სხდომის ოქმით და საქმის მასალებით არ დასტურდება დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადება, ანდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სრულყოფილად არ არის მითითებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე, მაშინ გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა უნდა აითვალოს მხარისათვის ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დროიდან.

აღნიშნულის გამო, საკასაციო სასამართლოს აზრით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის წინამდებარე განჩინება, რომლითაც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, უნდა გაუქმდეს და მის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი ვადაში შეტანილად უნდა ჩაითვალოს.

სააპელაციო სასამართლომ მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სსკ-ს 368-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, ხელახლა უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი (სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 27 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.