Facebook Twitter

3კ-570-03 16 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ქ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ განმარტა, რომ მეზობლის – თ. ქ-ის მიერ მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით ამოშენებულ ლოჯიას გაუჩნდა ნაპრალი, ხოლო შემდეგ ნაპრალი გაიხსნა, ბეტონის დიდი ნაწილი ჩამოვარდა და დაუზიანდა საცხოვრებელი ბინა. აგრეთვე, ავარიული მდგომარეობა შეექმნა მის ლოჯიას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს, აგრეთვე, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 85 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-მა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეები მორიგდნენ. აჭარის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 სექტემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ წარდგენილი მორიგების აქტი, აგრეთვე, შეწყდა საქმის წარმოება.

მორიგების აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის “ს-ის” კონსტრუქტორის – გ-ის რეკომენდაციის საფუძველზე მათი ბინების ლოჯიების ავარიული მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით თანაბარი ხარჯებით ჩაატარებენ შემდეგ სამუშაოებს:

ლოჯიების სვეტებისა და კოჭების გამაგრების მიზნით გაკეთდეს ლითონის კუთხედები შველერების გამოყენებით, რაზედაც გამოყენებულ იქნეს თ. ქ-ის საკუთრებაში არსებული შველერები, რომელთა ღირებულების განსაზღვრის შემდეგ იგი გამოკლებულ იქნას საერთო წილობრივი სამუშაოების ჩატარების ღირებულებას. გადახურვის ფილის დაზიანებული ადგილების მთლიანი ფართობის პარამეტრებში აღდგენის, მასალების შეძენის, ხელოსნის გასამრჯელოს მხარეები ერთობლივად განსაზღვრავენ ადგილზე მოწვეულ სპეციალისტთან ერთად თ. ქ-ის შველერების საფასურის გამოკლებით. აღნიშნული სამუშაოების შესრულების დროს მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმებიდან ორი თვის ვადაში.

განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა.

2002წ. 30 დეკემბერს გ. მ-მა განცხადებით მიმართა აჭარის უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის განჩინების განმარტება, კერძოდ კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში არ არის მორიგების პირობები. სააღსრულებო ფურცელში სრულად შედის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია განჩინების აღსრულება, რადგან სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ მხარეები მორიგდნენ, მაგრამ თუ რა პირობებზე, მითითებული არ არის.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა: გ. მ-ს განემარტა, რომ 2002წ. 5 სექტემბრის განჩინება, რომლითაც დამტკიცებული იქნა მხარეთა შორის მორიგება საცხოვრებელი ლოჯიების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ერთობლივი ხარჯებით, იმ შემთხვეაში თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, შეიძლება მიექცეს იძულებით აღსრულებაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ და ითხოვენ მის გაუქმებას და ხელახლა განსახილველად დაბრუნებას განმარტებისთვის. კერძოდ, გ. მ-ი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სასამართლომ ხელახალი განხილვის დროს დამატებით უნდა განსაზღვროს თ. ქ-ის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც 2737 ლარს შეადგენს.

თ. ქ-ი მიუთითებს, რომ სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ მიუთითა მორიგების სრული ტექსტი. აგრეთვე, სასამართლოს განჩინება უნდა განემარტა შემდეგნაირად: რემონტის გაკეთება დაევალოს გ. მ-ს მისი შველერების გამოყენებით. თუ იგი შველერებს არ გადასცემს, პასუხისმგებლობა დაეკისროს მას, ხოლო თუ მ-ი სამუშაოს არ შეასრულებს, პასუხისმგებლობა დაეკისროს მ-ს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრებს და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ სსკ-ს 249-ე მუხლის III ნაწილის თანახმად სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის (საჩივრის, განცხადების) დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ. ე.ი. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს თუ რის შესრულებას ავალებს სასამართლო მხარეს. ამასთან, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს სააღსრულებო ფურცლის შინაარსს, კერძოდ, “დ” ქვეპუნქტში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილი. ე.ი. სააღსრულებო ბიურო აღასრულებს მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილს. აქედან გამომდინარე, მორიგების პირობები სრულად უნდა იყოს მითითებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კი არ შეიცავს მორიგების პირობებს. სასამართლომ მორიგების აქტის შინაარსი მიუთითა მხოლოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში. აქედან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია, თუ სასამართლომ იგი არ განმარტა. განმარტების განჩინების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ სრულად უნდა მიუთითოს მორიგების აქტის პირობები.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 3 თებერვლის განჩინება კანონის დარღვევით იქნა გამოტანილი, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.