Facebook Twitter

საქმე N 330100122006248882

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1392აპ-23 26 მარტი, 2024 წელი

ჯ–ე გ., №1392აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ი (პირადი ნომერი: ..........) და გ. ჯ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თ–ი, მ–ს ...... მიკრო რაიონი, ....... „ა“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტყობინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას, სამსახურებრივი ავტომობილით ,,შკოდა ოქტავია“, (სახელმწიფო ნომრით – .........) გამოცხადნენ პატრულ-ინსპექტორები ბ. ბ–ე და გ. ჩ–ი, რომლებიც სიტუაციაში გარკვევის მიზნით მივიდნენ იქვე მყოფ პიროვნებებთან, რომელთა შორის აგრესიულად განწყობილმა გ. დ–მა და გ. ჯ–მ თავდასხმა განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებზე, კერძოდ, გ. დ–მა, თავდაპირველად ფეხი ჩაარტყა ზურგის არეში ბ. ბ–ს და რამდენჯერმე დაარტყა ხელი მუცლისა და გულმკერდის არეში, ასევე მუშტი დაარტყა მარცხენა თვალთან გ. ჩ–ს, თავის მხრივ გ. ჯ–მ ორჯერ დაარტყა ხელი მარცხენა მკერდის არეში გ. ჩ–ის და ფეხი ჩაარტყა მარჯვენა ფეხში, ასევე მარცხენა მკერდის არეში დაარტყა ხელი ბ. ბ–ს, აღნიშნული ქმედებებით ორივე მათგანმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენით:

გ. დ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ჯ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ. ჯ–ს მიმართ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2022 წლის 19 აგვისტოს, დაახლოებით 22:10 საათზე, ქ. თ–ში, მ–ს ... მიკრორაიონი, .... „..“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეტყობინების საფუძველზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, სამსახურებრივი ავტომობილით – ,,შკოდა ოქტავია“, (სახელმწიფო ნომრით – ........) გამოცხადნენ პატრულ-ინსპექტორები: ბ. ბ–ე და გ. ჩ–ი, რომლებიც სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მივიდნენ იქვე მყოფ პიროვნებებთან, რომელთა შორის გ. ჯ–ე, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მიუხედავად არაერთგზის მოწოდებისა, დამშვიდებულიყო წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს თავისი და გ. დ–ის დაკავების პროცესში.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ჯ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ასევე გ. დ–ისათვის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ჯ–მ, მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ა. ჭ–მა და ვ. ა–მ, ასევე, მსჯავრდებულ გ. დ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – დ. ჭ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრებით გ. ჯ–სა და გ. დ–ის წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვეს.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ირაკლი ყვავაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ჯ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა, ასევე გ. ჯ–სათვის და გ. დ–ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადით განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ, დაზარალებულების: ბ. ბ–ს და გ. ჩ–ს ჩვენებები, მოწმეთა ჩვენებები, ა. პ–ს გამოკითხვის ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერები, პირადი ჩხრეკის ოქმები და დათვალიერების ოქმები. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა გ. ჯ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები და გ. ჯ–ს მიმართ არასწორად შეცვალა კვალიფიკაცია, როდესაც ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული კვალიფიკაცია არის უკანონო და არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ გ. ჯ–ე უმისამართოდ იქნევდა ხელებს, დაზარალებულმაც არაერთხელ განმარტა, რომ მას მოხვდა გ. ჯ–ს მიერ მოქნეული ხელი, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, შესაბამისად, მის მიერ განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლით დასჯად ქმედებას და არა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. სწორედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილითაა კრიმინალიზებული პოლიციელზე თავდასხმა და გ. ჯ–ს მიერ განხორციელებული ქმედებები სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა პოლიციელზე. ამასთან, კასატორის აზრით, მსჯავრდებულების გ. ჯ–ს და გ. დ–ის მიმართ დანიშნული სასჯელები არის ზედმეტად ლმობიერი და არ გამომდინარეობს ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან, სიმძიმიდან, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებიდან, მათი წარსულიდან და ბრალდებულების პიროვნებებიდან, რის გამოც, უნდა დაენიშნოთ უფრო მკაცრი სასჯელი, კერძოდ, თითოეულ მათგანს მაქსიმალური ვადით უნდა განესაზღვროს სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, საბოლოო სასჯელი, განაჩენთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოთ შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ჯ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კვალიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონის მოთხოვნათა დაცვით, მსჯავრდებულების ქმედებებს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიანიჭა.

5.3. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გ. ჯ–ს ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადგინდა გ. ჯ–ს მიერ პოლიციელზე თავდასხმა და მისთვის წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილიდან მართებულად გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია პოლიციელზე თავდასხმის გამო, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული თავისი კონსტრუქციით ფორმალური შემადგენლობისაა, შესაბამისად, დასრულებულია თავდასხმის მომენტიდან. სუბიექტური მხრივ მისი ჩადენა მხოლოდ პირდაპირი განზრახვითაა შესაძლებელი. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ისეთ ელემენტს, როგორიცაა მიზანი. პირი შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებას, მოწმის მოშორებას და სხვა. კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმა გამოიხატება აქტიური მოქმედებით. თავდასხმა, ეს არის აგრესიული აქტი. ამასთან, ქმედება განხორციელებული უნდა იყოს ძალადობით, რაც გულისხმობს ცემას, ჯანმრთელობის დაზიანებას და სხვა. თავდასხმის ადრესატი შეიძლება იყოს პოლიციელი ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, მათი სამსახურეობრივი ან საცხოვრებელი შენობა, მათი სატრანსპორტო საშუალება ანდა მათი ოჯახის წევრი.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გ. ჯ–ს ქმედებაში არ არის გამოკვეთილი ბრალად წარდგენილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი - პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მსჯავრდებულმა გ. ჯ–მ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს მისი და გ. დ–ის დაკავების პროცესში, კერძოდ:

5.6. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულების – ბ. ბ–ს, გ. ჩ–ს ჩვენებებს, მოწმის – ა. ზ–ს ჩვენებას, ა. პ-ს, ს. ტ–ს გამოკითხვის ოქმებს, ასევე ვიდეოჩანაწერს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით უტყუარად დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: უტყუარად დგინდება, რომ პოლიციელები გ. დ–ის მხრიდან ძალადობის ობიექტები გახდნენ მანამ, სანამ ისინი შემთხვევის ადგილზე ვითარების გარკვევას მოასწრებდნენ და ვიდრე გაიგებდნენ რა მიზეზით გამოიძახეს შემთხვევის ადგილზე. გ. დ–მა პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია გამოხატა მათი დანახვისთანავე. ამასთან, მისი მხრიდან განხორციელებული მოქმედება, კერძოდ მოულოდნელად ზურგში ფეხის ჩარტყმა ნამდვილად წარმოადგენს აგრესიულ აქტს. საპირისპირო გარემოებები დადასტურდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, გ. ჯ–სთან მიმართებით, კერძოდ, დაზარალებულებმა, მართალია, პირველ ინსტანციაში ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, გ. ჯ–ს მხრიდან მათზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა საქმეზე არსებული ვიდეოჩანაწერით დადასტურებულია, რომ გ. ჯ–ე თავდაპირველად მშვიდად ესაუბრება პოლიციის თანამშრომლებს და მხოლოდ მას შემდეგ გადადის აქტიურ მოქმედებებზე, რაც დაინახავს, რომ გ. დ–ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს წესრიგის დაცვა და მისი მეგობრის დაკავება. საგულისხმოა გ. ჯ–ს მიერ განხორციელებული მოქმედებების ხასიათი და ინტენსივობაც, კერძოდ: ხელების უმისამართოდ ქნევა, გ. დ–ზე ჩახუტება, პოლიციელებისთვის ხელის კვრა, მეგობრისთვის ხელის მოკიდება და გაქცევის მცდელობა.

5.7. იმისათვის, რათა სამართლებრივად სწორად შეფასდეს დავის საგნად ქცეული გ. ჯ–ს მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაცია უნდა გაივლოს ზღვარი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობასა და თავდასხმას შორის. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნა მიღებული გ. ჯ–ს მიერ ქმედებების დაწყების დრო და განხორციელებული ქმედებების ხასიათი, რაც უტყუარად ადასტურებს, რომ მსჯავრდებულის ქმედებები მიზნად ისახავდა პოლიციის მუშაკებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას, მათი საქმიანობის შეწყვეტას ანდა შეცვლას. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შესაძლოა, გ. ჯ–ს ქმედებებს თან სდევდა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობა, რაც დადასტურებულია დაზარალებულთა ჩვენებებით და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, თუმცა მისი მოქმედებები არ იყო აგრესიული აქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც თავდასხმა, პოლიციელების საქმიანობიდან გამომდინარე.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სამართლებრივ შეფასებასა და მოტივაციას გ. ჯ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ.

5.9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ჯ–ს ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.

5.10. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას გ. დ–სა და გ. ჯ–ს მიმართ დანიშნული სასჯელების დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა მათ მიმართ განსაზღვრული სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ირაკლი ყვავაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე