Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-592-03 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. უ-ეს და ზ. ტ-ეს რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნისას შეეძინათ შვილი კ. ტ-ე. მეუღლეები უსიამოვნების ნიადაგზე განქორწინდნენ. განქორწინების დღიდან ზ. ტ-ე მონაწილეობას არ ღებულობს შვილის აღზრდაში, რის გამოც თ. უ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება 50 ლარის ოდენობით.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ზ. ტ-ეს შვილის – კ. ტ-ის _ სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდად 15 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის აღძვრის დღიდან ყოველთვიურად, კერძოდ, 2002წ. 18 სექტემბრიდან მის სრუწლოვანებამდე.

თ. უ-ემ წარმომადგენელმა დ. უ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 დეკემბრის განჩინებით თ. უ-ის წარმომადგენელი დ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. სააპელაციო დავის ღირებულება განისაღზვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის ავტორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 50 ლარის დაკისრება, ე.ი. დაკისრებული თანხის 35 ლარით გაზრდა. სსკ-ს 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ქონებრივ დავებში შემდეგნაირად განისაზღვრება: ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენს 420 ლარს და აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ იგი დაუშვებლად მიიჩნია.

თ. უ-ის წარმოადგენელმა დ. უ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ის თანხაც, რაც შვილის სარჩენად ორი წლის განმავლობაში არ გადაუხდია, ასევე, კანონით გათვალისწინებული ალიმენტის მაქსიმალური ოდენობა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. უ-ის კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა ამავე პალატის 2002წ. 31 დეკემბრის განჩინება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარემ დაადასტურა, რომ იგი ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის 50 ლარის ოდენობით დაკისრებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თ. უ-ემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ზ. ტ-ისათვის მცირეწლოვანი შვილის, კ. ტ-ის, სარჩენად 50 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება. რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხეს დააკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 15 ლარის გადახდა შვილის, კ. ტ-ის, სარჩენად. თ.უ-ის წარმომადგენელმა დ. უ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ყოველთვიურად 15 ლარი არ არის საკმარისი ბავშვის ნორმალური რჩენისათვის. ბავშვს ესაჭიროება მკურნალობაც, რის გამოც სასამართლოს მოპასუხისათვის უნდა დაეკისრებინა ალიმენტის სახით 50 ლარის გადახდა ყოველთვიურად. ვინაიდან აპელანტმა სადავოდ გახადა სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვიურად მოპასუხისათვის 35 ლარის დაკისრების თაობაზე უარის თქმის ნაწილში, ამიტომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სსკ-ს 41-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთიწ. განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. მოცემულ შემთხვევაში სადავოა მოპასუხისათვის 420 ლარის დაკისრება. სსკ-ს 365-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს (მესამე პირს). თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, სააპელაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს. ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ღირებულება მოცემულ შემთხვევაში არ აღემატება 500 ლარს, ამიტომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად სსკ-ს 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. უ-ის წარმომადგენელი დ. უ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 დეკემბრისა და 2003წ. 25 მარტის განჩინებები.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.