Facebook Twitter

საქმე N 330802224008744117

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№6I-24 4 მარტი, 2024 წელი

ქ–ი ე., 6I-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე,

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. (E–H) ქ–ს (K–N) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ქ–ი მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. 2023 წლის 26 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ–ს (E-h K-n) ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაკავების თხოვნა.

1.2. 2023 წლის 31 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონული საჯარო მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემული საბრალდებო დასკვნის თანახმად, ე. ქ–იი (E-h K-n) ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), 35-ე მუხლითა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგით:

2022 წლიდან ე. ქ–ი მონაწილეობდა ე. ი–ს მიერ დაფუძნებულ, თ–ს რესპუბლიკის უ–ს რეგიონში მოქმედ დანაშაულებრივ ორგანიზაციაში. აღნიშნული ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დანაშაულების ჩასადენად და მონაწილეთა შეიარაღებით უზრუნველყოფის მიზნით, ე. ქ–მა შექმნა დანაშაულებრივი ორგანიზაციის შეიარაღებული დანაყოფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა. დაჯგუფების საქმიანობაში ე. ქ–მა ჩართო სხვადასხვა პირი. ე. ქ–ი მის მიერ დაფუძნებული შეიარაღებული დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეშვეობით მხარს უჭერდა სხვადასხვა დანაშაულის ჩადენას, მათ შორის, აგვარებდა ფინანსურ, ლოჯისტიკურ საკითხებს, კომუნიკაციას დანაშაულთა ამსრულებლებსა და ორგანიზატორებს შორის, დანაშაულთა ამსრულებლებს უზრუნველყოფდა დანაშაულის ჩასადენად საჭირო ინფორმაციით, იარაღითა და სხვადასხვა საშუალებით.

ორგანიზებული შეიარაღებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ე. ქ–ი ემორჩილებოდა ამავე დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ე. ი-ს. ე.ი-მა ე. ქ–ს უბრძანა თ–ს რესპუბლიკის ქ. უ–ს საზღვაო პორტის დირექტორის ო. ქ–ს მოკვლა. მიღებული დავალების შესასრულებლად, ო. ქ–სის მოკვლის მიზნით, 2022 წლის 24 იანვარს ე. ქ–ი მივიდა ო.ქ–ს საცხოვრებელ სახლთან და ჩაუსაფრდა. ე. ქ–იმა ამავე საცხოვრებელი სახლიდან გამოსული ნ. ი–ი მიამსგავსა ო. ქ–ს, მისი სიცოცხლის განზრახ მოსპობის მიზნით, რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და დაჭრა იგი.

ე. ქ–ი მოქმედებდა, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი და ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერის ე. ი–ს დავალებით, 2022 წლის 27 იანვარს, თ–ს რესპუბლიკის ქალაქ უ–ში, ....... ქარხნის ტერიტორიაზე, მ. ქ–სთან ერთად, თავს დაესხა საზღვაო პორტის დირექტორს ო. ქ–ს. ე. ქ–მმა და მ.ქ–მა სიცოცხლის მოსპობის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და დაჭრეს ო. ქ–სი.

1.3. 2023 წლის 5 მაისს თ–ს რესპუბლიკის უნიეს რაიონის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ გამოსცა ე. ქ–ს (E-h K-n ) დაკავების ბრძანება.

1.4. 2023 წლის 8 აგვისტოს ე. ქ–ს (E-h K-n) მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

2. ე. ქ–ს მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:

2.1. 2023 წლის 4 სექტემბერს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ე. ქ–ს (E-h K-n ) ექსტრადიციის თაობაზე.

2.2. 2023 წლის 15 დეკემბერს ე. ქ–იი (E-h K-n) ექსტრადიციის მიზნით დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

2.3. 2023 წლის 17 დეკემბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ქ–ს (E-h K-n) მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და ამჟამად, ე. ქ–იი (E-h K-n) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში.

2.4. 2024 წლის 20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ და მოითხოვა ე. ქ–ს (E-h K-n) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა.

2.5. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. სასამართლო სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ე. ქ–ი (E-h K-n) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ. ჯ–სა არ დაეთანხმნენ პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რაც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონის საჯარო მთავარი პროკურატურის 2023 წლის 31 იანვრის საბრალდებო დასკვნაში, კერძოდ: თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზაციის შექმნა და ხელმძღვანელობა), თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლითა და 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლითა და 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.

2.7. 2024 წლის 26 თებერვალს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ჯ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინების გაუქმება.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. კასატორის პოზიციით, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში არსებობს ე. ქ–ს მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გარდაუვალი რისკი, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „AMNESTU INTERNACIONAL“-ის 2016-2017 წლების ანგარიში თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავ ფართოდაა გავრცელებული წინასწარი დაკავებისა და საპატიმრო დაწესებულებებში. ანგარიშში ასევე საუბარია პატიმრებისათვის ადეკვატური სამედიცინო დაცვის ნაკლებობაზე. ამდენად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარდგენილი გარანტიები არ ასახავს რეალობას და ვერ განხორციელდება.

4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:

4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა ე. ქ–ს მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი ე. ქ–ი 2023 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში ე. ქ–ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.

5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.

6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლი (რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ამდენად, ე. ქ–ს მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

7. მოცემულ საქმეში ე. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მოითხოვება ისეთი ქმედებების ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კანონმდებლობით და ამავდროულად, მოცემული დანაშაულებისათვის სასჯელის სახით, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3-მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის და აღნიშნულზე არც თავად დაცვის მხარე აპელირებს.

8. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან.

9. დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც მოითხოვება ე. ქ–ს ექსტრადიცია, საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება, სულ მცირე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2241-ე მუხლი, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლი და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებია.

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე და 76-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, დადგენილია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები. პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: ათი წელი - მძიმე დანაშაულის ჩადენიდან, ხოლო ოცდაათი წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს. როგორც წარმოდგენილი მასალებით ირკვევა 2023 წლის 5 მაისს თურქეთის რესპუბლიკის უნიეს რაიონის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ გამოსცა ე. ქ–ს დაკავების ბრძანება, ხოლო 2023 წლის 8 აგვისტოს ე. ქ–ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. ასევე, თურქეთის რესპუბლიკიდან მიღებული ინფორმაციით, არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული ხანდაზმულობის ვადები. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის კრიტერიუმი დაცულია როგორც თხოვნის გამომგზავნი, ისე - მისი მიმღები მხარის კანონმდებლობით.

11. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

12. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ე. ქ–იი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი რაიმე ნიშნით იდევნება თურქეთის რესპუბლიკაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე. გასათვალისწინებელია თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რაც მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

14. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ თურქეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ე. ქ–ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი.

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

16. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“

17. ე. ქ–ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით. გარდა ამისა, იგი არის ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ე. ქ–ი არ ითვლება თავშესაფრის მაძიებლად. ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.

18. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია წონადი არგუმენტები თურქეთის რესპუბლიკაში ე. ქ–ს მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია და დაცვის მხარის აპელირება ამ საკითხზე მოიცავდა მხოლოდ ზოგად განმარტებებს.

20. საექსტრადიციო მასალებში არ იკვეთება, რომ ე. ქ–ს საქმის განხილვისას პროცედურები აშკარად და უხეშად დაირღვა, რაც წარმოშობდა საფუძველს ვარაუდისა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლოა მას შეეზღუდოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ამ უფლების დარღვევის საფრთხე.

21. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ე. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

22. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).

23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ე. ქ–ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, საქართველოში არ უცხოვრია ხანგრძლივად, შესაბამისად ე. ქ–ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლში ჩარევა არ მოხდება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ემრაჰ (E–H) ქოშუნის (K–N) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ჯ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე