Facebook Twitter

¹ 3კ-597-03 23 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ხ.-მ სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს შპს “ს.-ის” მიმართ და მოითხოვა ჯანმრთელობის დაზიანებით მიყენებული ზიანისათვის ერთდროულად 4250,40 ლარისა და ყოველთვიურად – 42,20 ლარის დაკისრება.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შპს “ს.-ს” ზ. ხ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთდროულად თანხის 1254,51 ლარისა და ყოველთვიურად – 13,63 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ხ.-მ, რომელმაც მოითხოვა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის მთლიანად დაკმაყოფილება.

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას შპს “ს.-ის” წარმომადგენლის მ. ხ.-ის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, რომლითაც იგი მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას, საქმის წარმოება შეჩერდა.

სასამართლომ 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით დააკმაყოფილა შუამდგომლობა სსკ-ს 279-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ხ.-მა და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 279-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება სსკ-ს მე-6 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საქმის განმხილველი სასამართლოს აზრით, კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება.

მითითებული ნორმის თანახმად სასამართლო მოვალეა შეაჩეროს საქმის წარმოება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღდგება კონსტიტუციას.

მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლოს პალატამ საქმის წარმოების შეჩერებას საფუძვლად დაუდო მოპასუხის მიერ სარჩელის აღძვრა საკონსტიტუციო სასამართლოში “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ,, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლას ¹48 ბრძანებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის 48-ე ბრძანებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს. ამასთან, საპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი აღძრულია პრეზიდენტის 48-ე ბრძანებულების მე-11 მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ხ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.