3კ-603-03 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ლ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ი. ს-ისთვის შვილის სარჩენად 200 ლარის დაკისრება, ხოლო მისთვის, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედისთვის, სარჩოს 100 ლარის, გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო: მოპასუხე არ ზრუნავს მასზე, მარტო ზრდის ბავშვს, რის გამოც არის უმუშევარი და იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და არანაირი შემოსავალი გააჩნია.
მოპასუხე ი. ს-ის წარმომადგენელმა ალიმენტის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დათანხმდა 40-50 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე, რადგან ი. ს-ის ყოველთვიური შემოსავალი არის 110 ლარი, მაგრამ არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების შესახებ, რადგან იგი არის განქორწინებული ე. ლ-ესთან, რომელიც შრომისუნარიანია და მისი მხრიდან თანხის, ანუ სარჩოს მოთხოვნა მოკლებულია იურიდიულ საფუძველს. ამასთან, მას, გარდა 110 ლარის შემოსავლისა, სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია; 1999 წელს გაყიდა მამიდის ნაჩუქარი ბინა და დღეისათვის ცხოვრობს ქირით.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ი. ს-ს შვილის, ნ. ს-ის, სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით. ე. ლ-ეს სარჩოს დაკისრების მოთხოვნაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინებით ი. ს-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად მისი დაუშვებლობის გამო, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 360 ლარს, ხოლო სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. ს-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა გადახდილი თანხა 360 ლარის ოდენობით, რადგან არ გაითვალისწინა, რომ იგი მოითხოვდა ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრებას 50 ლარის ოდენობით, რაც წელიწადში 600 ლარია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინებით ი. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ ი. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. ალიმენტის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ქონებრივ – სამართლებრივ დავებში, კერძოდ, ალიმენტის რაოდენობა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ს-ს დაკისრებული აქვს ალიმენტი 80 ლარის ოდენობით. ი. ს-მა გაასაჩივრა რა აღნიშნული გადაწყვეტილება დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ იგი თანახმაა გადაიხადოს 50 ლარი, მაგრამ 80 ლარის გადახდა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე, იგი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება 30 ლარის ფარგლებში (80-50=30). სსკ-ს 41-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე გასაჩივრებული თანხა შეადგენს 360 ლარს (30X12=360) და ამდენად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.