Facebook Twitter

¹3კ-604-03 19 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით ვ. კ-ის სარჩელი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა უმოძრაოდ. ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ჯ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაენიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად. ვ ჯ-ეს დაევალა წარმოედგინა რწმუნება, სადაც მითითებული იქნებოდა მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც ამავე პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებრვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. კ-ის წარმომადგენელმა ი. ჯ-ემ, რომელმაც კერძო საჩივარს დაურთო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილების შესახებ რწმუნებულმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი მიიჩნია დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის განხილვა სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სსკ-ს 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთმითითებულ მოთხოვნებს სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დარჩება განუხილველი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ჯ-ეს არ ჰქონდა კერძო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, რის გამოც სასამართლომ მას დაუნიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად. ი. ჯ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რის გამოც სასამართლომ კერძო საჩივარი დატოვა განუხილველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დატოვა კერძო საჩივარი განუხილველი და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მინდობილობა არ უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. კ-ის წარმომადგენლის ი. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.