Facebook Twitter

საქმე # 330100122005430457

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №120აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ძე ბ, 120აპ-24 10 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ბ. ბ-ძე, - დაბადებული .. წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 9 ოქტომბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ბ-მ ჩაიდინა ბანკისთვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდება კრედიტის მიღების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. ბ. ბ-მ განიზრახა ბანკისთვის თავისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდების გზით კრედიტის უკანონოდ მიღება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 2020 წლის 18 დეკემბერს, თ-ში, ვ-ას გამზირის №..-ში მდებარე, სს „ლ-ის“ სერვისცენტრში, შეავსო სესხის განაცხადი, სადაც დააფიქსირა, რომ, თითქოსდა, მუშაობდა შპს „ლ-ში“ დირექტორის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 2769 ლარს. ასევე წარადგინა შპს „ლ-ის“ სახელით პირთა ჯგუფის მიერ საშემოსავლო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით დამზადებული შემოსავლების სამსახურის ყალბი ცნობა შემოსავლის თაობაზე, თითქოსდა იგი ყოველთვიურად იღებდა ხელფასს ხსენებული ორგანიზაციიდან, რის შედეგადაც მან ბანკიდან უკანონოდ მიიღო კრედიტი 10000 ლარი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულ ბ. ბ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. შ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ბ. ბ-ის სასჯელის სახედ და ზომად პირობითი მსჯავრის შეფარდება 2 წლით და დამატებით სასჯელად ჯარიმის - 3000 ლარის განსაზღვრა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვის ოქმებით, ამოღების ოქმებითა და ამოღებული დოკუმენტაციით, საკრედიტო ხელშეკრულებით, საბანკო მომსახურების შესახებ განაცხადით, დათვალიერების ოქმით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, შპს „ლ-ის“ დეკლარაციებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ა. შ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ბ. ბ-ის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ბ. ბ-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.

11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ბ. ბ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:

12. ბ. ბ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პირველადაა სამართალში.

13. ამასთან, სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბ. ბ-ს, დღეის მდგომარეობით, აღებული სესხი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ აქვს გადახდილი, მითუფრო, რომ ჰქონდა საკმარისი დრო კრედიტის ნაწილის დასაფარად; ამისათვის არაფერი გაუკეთებია და არც მომავალში აპირებს, რადგან, მისივე განმარტებით, ამის ფინანსური შესაძლებლობა არა აქვს. მან აღნიშნული კრედიტი გამოიტანა აწგარდაცვლილი მეგობრის დასახმარებლად და სრულად გადასცა მას, ხოლო თავად რაიმე ზომები არ მიუღია, რათა ეტაპობრივი გადახდის გზით მაინც შეესრულებინა აღებული ფინანსური ვალდებულება.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, სასჯელის მოხდის ფორმის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის, ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრის თაობაზე და მიუთითებს შემდეგს:

15. მართალია, განსახილველი დანაშაულის ჩადენისათვის საკმარისია ყალბი დოკუმენტის წარდგენა საბანკო დაწესებულებისათვის, სესხის მიღების მიზნით, თუმცა ამ გზით მიღებული სესხის დაფარვის მცდელობა განხილული იქნებოდა შემამსუბუქებელ გარემოებად, როგორც დამნაშავის მისწრაფება, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც ბ. ბ-ს არ გაუკეთებია, იმ საფუძვლით, რომ მას თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნდა. გასათვალისწინებელია, რომ იმავე საფუძვლით მან ვერ გადაიხადა გირაოს თანხა. ამგვარ მოცემულობაში, საკასაციო სასამართლოსთვის, სააპელაციო პალატის მსგავსად, გაუგებარია დაცვის მხარის მოთხოვნა დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით, რომლის გადახდის არანაირი მაჩვენებელი საქმეში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს უზრუნია თავისი მოთხოვნის გასამყარებლად რაიმე სახის არგუმენტაციის წარმოდგენაზე. ადვოკატ ა. შ-ის მიერ მითითებულმა შემამსუბუქებელმა გარემოებებმა კი ასახვა ჰპოვა ბ. ბ-ის მიმართ საშეღავათო ნორმის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გავრცელებით, როდესაც მას დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომას და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ბ. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არასამართლიანია და იგი უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ბ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი