3კ-607-03 15 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასისა და საბოლოო ანგარიშსწორების თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
დ. უ-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს “გ-ის” გურჯაანის სახაზო-საექსპლოატაციო ფილიალის მიმართ 525 ლარის დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე 2000წ. 10 ივნისიდან 2002წ. 15 თებერვლამდე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში ჯერ მეელსმენედ, შემდეგ მეკუჭნავედ. მოსარჩელეს არ მიუღია ხელფასის ნაწილი და საბოლოო ანგარიშსწორება, რაც შეადგენს 525 ლარს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. უ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის და საბოლოო ანგარიშსწორების, 254 ლარის, გადახდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. უ-ამ და მოითხოვა მთელი თანხის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 11 მარტის განჩინებით დ. უ-ას საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დატოვა განუხილველი, რაზედაც დ. უ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და დამატებითი სააპელაციო საჩივარი თანხობრივად გადიდებული მოთხოვნით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინებით დ. უ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო რა საქმის მასალებსა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას, მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. უ-ას სარჩელი მოპასუხისათვის 525 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ, 254 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. უ-ამ 271 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში.
სააპელაციო პალატამ სსკ-ს 365-ე მუხლზე მითითებით სავსებით სწორად არ მიიჩნია დასაშვებად სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. აპელაციის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას დამატებითი სააპელაციო საჩივრის შესახებ. იმ ვითარებაში, როდესაც წარმოებაში არ არის მიღებული თავდაპირველი სააპელაციო საჩივარი, სასამართლო ვერ იმსჯელებს დამატებით სააპელაციო საჩივარზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. უ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წ. 28 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.