საქმე # 330100123007532909
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №129აპ-24 ქ. თბილისი
ი-ი ი, 129აპ-24 10 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით:
1.1. ი. ი-ი, - დაბადებული ... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 5 ივნისიდან.
1.2. ი. ი-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, ხოლო 10 წლით - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ი-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (22 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. ი. ი-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 1,412 გრამი ჰეროინისა და 1,447 გრამი კოკაინის (ფუძე) შემცველი ნივთიერებები, რაც 2023 წლის 5 ივნისს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, რ. ჰ-კის ქუჩაზე, №..-ის მიმდებარედ ჩატარებული ი. ი-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ ი. ი-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, ი. ი-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. მსჯავრდებულ ი. ი-ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმე დ. მ-ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის №... დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.
7. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ მ. ყ-ის მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ სასჯელთან, კერძოდ, მსჯავრდებულ ი. ი-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
9. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დანიშნული სასჯელი ემსახურებოდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თანაბრად ხელმძღვანელობს ი. ი-ის სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ი. ი-ის შეფარდებული სასჯელი არის მკაცრი და შესაძლებელია დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
11. საკასაციო სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ი. ი-დ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს, კერძოდ:
12. სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ი. ი-ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი (ჩადენილია ნარკოტიკული საშუალების ჰეროინის და კოკაინის (ფუძე) უკანონო შეძენა, შენახვა, რაც ხასიათდება მაღალი საზოგადოებრივი საშიშროებით. ამ ტიპის დანაშაულების შემდგომი პრევენცია კი, საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს), დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობები, ი. ი-ის კანონის შესაბამისი და ეთიკური ქცევა სასამართლო განხილვის დროს (მათ შორის ის გარემოება, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაულები, უდავო გახადა მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მსჯავრდებულის პიროვნების, ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი.
13. დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლის შესახებ კასატორის პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ხსენებული ნორმებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება და ი. ი-ის დანიშნული სასჯელის ნაწილობრივ პირობითად ჩათვლა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ი. ი-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი