Facebook Twitter

საქმე N 010100122005909223

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1163აპ-23 ქ. თბილისი

ა–ე კ., 1163აპ-23 28 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. პ–მ, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, კერძოდ: მსჯავრდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ, რაზეც მიუთითებს 2022 წლის 17 მაისის გამოკითხვის ოქმიც, როდესაც კ. ა–მ განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნებთან ერთად იპოვნა და იქიდან გამომდინარე, რომ ოჯახში ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, სახლში ვერ დაიტოვა და მიჰქონდა პოლიციაში, რა დროსაც დააკავეს; დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რადგან მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე, თუმცა მოგვიანებით, დაცვის მხარემ სასამართლოს მოახსენა, რა მოხდა რეალური შემთხვევის დღეს, რის შემდეგაც იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა მტკიცებულებების გამოკვლევა, თუმცა სასამართლომ ისე გამოიტანა განაჩენი, რომ წარმოდგენილი სამხილები არ გამოუკვლევია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოკვეთილი, რამეთუ მტკიცებულებები არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია. ამავდროულად, კასატორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ კ. ა–ს გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენით კ. ა–ე, – დაბადებული 19.. წლის 5 ივნისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, კ. ა–ს მიესაჯა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი – ,,EKOL P29’’ მოდელის № .......... პისტოლეტი და 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი – 2 ვაზნა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. პ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 12 სექტემბრის განაჩენით განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. აღსანიშნავია, რომ კასატორი განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით ორ პრობლემურ საკითხს გამოყოფს, რომელიც მისი აზრით, ქმნის კ. ა–ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძველს, კერძოდ: ერთი მხრივ, მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ გამხდარი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვნა და მიჰქონდა პოლიციაში, რაც, თითქოსდა, გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებაზე – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ კ. ა–ს მსჯავრდება დაფუძნებულია მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებაზე, რაც ხსენებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, დაუშვებელია.

8. პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №......... გადაწყვეტილებით – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართები, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ დაცვის მხარეს, სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე, სადავოდ არ გაუხდია კ. ა–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მსჯავრდებულის მფლობელობაში ყოფნა, არამედ ამტკიცებდა, რომ მსჯავრდებულმა ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვნა და პოლიციაში მიჰქონდა, რა დროსაც დააკავეს. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების საგანი არასდროს ყოფილა ამოღებული ნივთების კ. ა–ს მფლობელობაში ყოფნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია.

9. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია სარწმუნოდ მსჯავრდებულის მტკიცება, თითქოსდა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა იპოვნა და პოლიციაში მიჰქონდა, რა დროსაც დააკავეს, რადგან საპირისპიროს მტკიცება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: მოწმეების – ს. ბ–სა და ლ. ჯ–ს გამოკითხვის ოქმებით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 17 მაისს ქ. ბ–ში, ...........ის ქუჩის №..-ის მიმდებარედ შეაჩერეს კ. ა–ე, წარუდგინეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩასატარებელი ჩხრეკის თაობაზე და შესთავაზეს, წარმოედინა კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რის შემდეგაც, კ. ა–მ ნებაყოფლობით წარუდგინათ პისტოლეტისმაგვარი საგანი, მჭიდში მოთავსებული 5 ვაზნით, რომელსაც ინახავდა საქამრეში; პირადი ჩხრეკის ოქმით (უდავო მტკიცებულება) დასტურდება, რომ 2022 წლის 17 მაისს 15:20-15:50 საათზე, ქ. ბ–ში, .........ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული პირადი ჩრეკის დროს, კ. ა–მ პოლიციელებს ნებაყოფლობით წარუდგინა პისტოლეტისმაგვარი საგანი, მჭიდში მოთავსებული 5 ვაზნით; ბალისტიკური ექსპერტიზის №.. დასკვნით (უდავო მტკიცებულება) დადგენილია, რომ კ. ა–საგან ამოღებული: ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი – „EKOL P29“ მოდელის ............ პისტოლეტი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, ორი 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი ვაზნა, ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ხოლო სამი 9 მმ ნომინალურ კალიბრიანი ხმოვანი ვაზნა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათვის; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №.......... დასკვნის (უდავო მტკიცებულება) თანახმად, კ. ა–საგან ამოღებული პისტოლეტის სასხლეტზე აღმოჩენილია შერეული პროფილის გენეტიკური მასალა, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის კ. ა–ს; შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის წერილით (უდავო მტკიცებულება) ირკვევა, რომ შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, 1989 წლის 5 ივნისს დაბადებულ, კ. შ–ს ძე ა–ს (პ/ნ .............) სახელზე, რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შენიშნა: გარდა იმისა, რომ თავად მსჯავრდებული კ. ა–ც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ჰქონდა თან პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები, რომლებიც ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს, მან ხელმოწერით დაადასტურა პირადი ჩხრეკის ოქმი, თუმცა შენიშვნის სახით არ განუცხადებია, რომ იარაღი იპოვნა და პოლიციაში ჩასაბარებლად მიჰქონდა. აღნიშნულზე მითითება არ მოიპოვება არც ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების გამოკითხვების ოქმებში, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. ამავდროულად, მსჯავრდებულის მტკიცების საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიაქცია ყურადღება თავად კ. ა–ს განმარტებას, რომლის მიხედვით, მისგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რამდენიმე დღით ადრე იპოვნა და 2022 წლის 17 მაისს მიჰქონდა პოლიციაში, როდესაც დააკავეს, რამეთუ ასეთი სურვილის შემთხვევაში, მას ჰქონდა საკმარისი დრო კანონსაწინააღმდეგო ნივთების პოლიციიაში ნებაყოფლობით წარსადგენად ან იარაღის პოვნის შესახებ ინფორმაციიის სათანადო ორგანოებისათვის მისაწოდებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მსჯავრდებული დაკავებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით, 2022 წლის 17 მაისს ქ. ბ–ში, ..........ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას კ. ა–ს თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რისი ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ა–ს მსჯავრდება – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის – კანონიერი და დასაბუთებულია.

10. ბრალდების მხარის მტკიცებულებების უდავოდ ცნობასა და მათ გამოკვლევაზე უართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. შესაბამისად, კონვენციის მე-6 მუხლით აღიარებულ უფლებას მათ შორის წარმოადგენს – ბრალდებულის უფლება, დაკითხოს ბრალდების მხარის მოწმეები. ამასთან, კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის, რათა ასეთი უარი კონვენციის მიზნებთან შესაბამისად ჩაითვალოს, ასეთი უარი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის წარმოშობის საფუძველს (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს. უფრო მეტიც, ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Hermi v. Italy, §73; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე: Sejdovic v. Italy, § 86). საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ თავის უფლებაზე (გამოეკვლია ბრალდების მხარის მტკიცებულებები) უარის თქმის პროცედურა შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, კერძოდ: იყო არაორაზროვანი და არ არსებობს მასში დაეჭვების საფუძველი; არ ეწინააღმდეგებოდა რაიმე საჯარო ინტერესს და საქმის არსებითად განხილვისას მოსამართლის განმარტებების პირობებში, იმის მხედველობაში მიღებით, რომ კ. ა–ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი, მსჯავრდებულს გონივრულად შეეძლო განეჭვრიტა თავისი ქმედების (უფლებაზე უარის თქმის) სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის მოტყუების ან მისთვის უკანონო დაპირების ფაქტი საქმის მასალებით არ იკვეთება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. პ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი