Facebook Twitter

¹ 3კ-670 15 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჩ.-ის სარჩელი, გ. ჩ.-ე და მ. შ.-ე გამოსახლებულნი იქნენ საცხოვრებელი ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისში, .... ამავე სასამართლოს 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იგი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეების წარმომადგენელმა ა. კ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რადგან აპელანტებმა არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში.

ა.კ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ზემო აღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება 3%-ით, მაშინ როცა დავა არაქონებრივი ხასიათისაა და ეხება საჩივრის ავტორთა ბინიდან გამოსახლებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა კერძო საჩივარი, საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. ჩ.-ის სარჩელი, მოპასუხე გ. ჩ.-ე და მისი მეუღლე მ. შ.-ე გამოსახლებულნი იქნენ თბილისში, ... მდებარე მე-9 ბინიდან; დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ. ჩ.-ის და სხვათა წარმომადგენელმა ა. კ.-მ, რომელიც ვაკე-საბურთაოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით არ იქნა დაკმაყოფილებული და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.კ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის განჩინებით გ. ჩ.-ის, ნ. ჩ.-ის და სხვათა წარმომადგენლის ა.კ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში;

ა.კ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება; კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 1113,42 ლარით, რაც შეადგენს მთელი სახლის ღირებულების 3%, მაშინ როცა დავა მიმდინარეობს გამოსახლებაზე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა;

სსკ-ს 39-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის – სადავო საგნის ღირებულების 3 პროცენტს;

ამავე კოდექსის 43-ე მუხლის მიხედვით კი სარჩელის ფასი არაქონებრივ სამართლებრივი დავების დროს განისაზღვრება ყველა გარემოებისა და კონკრეტული მონაცემების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება საქმის მოცულობა, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი;

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს – სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხეთა გამოსახლება მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან. აპელანტები ასაჩივრებენ და უკანონოდ მიიჩნევენ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მათ გამოსახლებას სადავო ბინიდან;

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ დავა უფლებრივი, არაქონებრივი ხასიათისაა და სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნეს არა საქართელოს სსკ-ს 39-ე, 41-ე მუხლებით, არამედ ამავე კოდექსის 43-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი, კანონის დარღვევითაა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის II ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ჩ.-ის წარმომადგენლის ა. კ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტისა და ამავე პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინებები და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.