ბს-175-137-კ-05 18 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. ქადაგიძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ა-მა, ლ. ა-მა და გ. ე-მა 1997წ. დეკემბერში სარჩელი აღძრეს ყაზბეგის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე დაბა ყაზბეგის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილების მიმართ და დაბა ყაზბეგის ¹...... ბენზინგასამართი სადგურის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 1993 წელს დაბა ყაზბეგის ¹....... ბენზინგასამართ სადგურში ზ. ქ-თან ერთად მუშაობდნენ. მცხეთის ავტობაზამ სადგურში მომუშავე პირებს აღნიშნული ობიექტის თანაბარწილად შესყიდვის უფლება მისცა. ოთხივე თანამშრომელმა თანაბარწილად შეიტანეს ბანკში თანხა და შეისყიდეს ობიექტი.
სასამართლო გადაწყვეტილებით, ყაზბეგის რაიონის პროკურორის სარჩელის საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ¹.... ბენზინგასამართი სადგურის პრივატიზაცია. ამის შემდეგ, 1996წ. 30 ივნისს, სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის განყოფილებამ ¹....... ბენზინგასამართი სადგური ზ. ქ-ს განმეორებით მიჰყიდა. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონულმა განყოფილებამ პირვანდელ მყიდველებს აუქციონში მონაწილეობის მიღების საშუალება მოუსპო, ვინაიდან განმეორებითი აუქციონის ჩატარების დღეს ჩაუკეტეს კარი და არ დაუშვეს აუქციონზე, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად 100 ლარი მათ წინასწარ გადაიხადეს. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ აუქციონი ჩატარდა კანონმდებლობის დარღვევით, ინფორმაცია აუქციონის გამართვის თაობაზე არ გამოქვეყნებულა ერთი თვით ადრე, საკითხი არ შეთანხმებულა ადგილობრივ ორგანოებთან. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ ობიექტი მათ მიერ უკვე შესყიდული იყო, რადგან 1993 წელს თანხა გადაიხადეს, თუ რაიმე თანხა იყო საჭირო, მაშინ სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის განყოფილებას მათთვის უნდა ეცნობებინა და ისინი წინააღმდეგი არ იქნებოდნენ, თანხა დაემატებინათ.
ყაზბეგის რაიონის სასამართლოს 1998წ. 12 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელეთა გამოუცხადებლობის გამო სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული.
ყაზბეგის რაიონის სასამართლოს 1998წ. 2 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა განცხადება და საქმე აცილებული იქნა ყაზბეგის რაიონულ სასამართლოს და გადაეცა მცხეთის სასამართლოს.
1999წ. 8 აპრილს ა. და ლ. ა-ებმა და გ. ე-მა სარჩელით მიმართეს მცხეთის სასამართლოს დაბა ყაზბეგის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილების მიმართ და იმავე საფუძვლებით ყაზბეგის ¹..... ბენზინგასამართი სადგურის პრივატიზების შესახებ განმეორებით დადებული ხელშეკრულებისა და 1996წ. 30 ივლისის აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მოსარჩელეები ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდნენ, რომელშიც შენატანების პროპორციულობის მიხედვით, ¹...... ბენზინგასამართი სადგურის მესაკუთრეებად იქნებოდნენ ცნობილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა-ებისა და ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 19 ოქტომბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო 1999წ. 18 ნოემბერს მიღებული მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 16 ოქტომბრის განჩინებით ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 18 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. სასამართლოში საქმის გახილვისას, მოსარჩელეებმა გაზარდეს მოთხოვნა და ძირითად სარჩელთან ერთად სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილებისათვის მორალური ზიანის _ 5000 ლარის დაკისრებაც მოითხოვეს.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 30 აპრილის განჩინებით, საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ზ. ქ-ი ჩააბა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს აცილების შემდეგ საქმე განიხილა ყაზბეგის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბათილად ცნო 1996წ. 30 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებული აუქციონი ¹..... ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვის თაობაზე, მისგან გამომდინარე შედეგებით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ქ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინებით ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ¹...... ბენზინგასამართი სადგურის აუქციონის წესით გაყიდვისას დარღვეული იყო საქართველოს რესპუბლიკის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” დებულების მე-10 მუხლის მოთხოვნა, გასაყიდი ობიექტების თაობაზე ინფორმაციის აუქციონამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნების შესახებ და დადგენილად მიიჩნია, რომ ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის აუქციონის წესით გაყიდვის თაობაზე ადგილობრივ პრესაში არ გამოქვეყნებულა, რის გამოც აუქციონის შედეგები ბათილად ცნო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონულმა განყოფილებამ და ზ. ქ-მა, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვეს.
უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 3 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების და ზ. ქ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 დეკემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა, ა. და ლ. ა-ების და გ. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას ინფორმაციის გამოუქვეყნებლობით საჯაროობის პრინციპის დარღვევა გარიგების ბათილობის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი არ იყო პრივატიზების თაობაზე და ამით შეიზღუდა მისი უფლება აუქცონში მიეღო მონაწილეობა. ვინაიდან ა. და ლ. ა-ების და გ. ე-ისათვის ცნობილი იყო აუქციონის ჩატარების შესახებ და ისინი გამოცხადდნენ კიდეც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისად, მყიდველს _ ზ. ქ-ს მათთან შედარებით, უკანონო შეღავათებით ან სხვა არაკანონიერი უპირატესობით არ უსარგებლია.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად, პრივატიზების თაობაზე გარიგების ბათილობის საფუძველი აუქციონის ჩატარების წესის უხეში დარღვევა იყო. აღნიშნულ შემთხვევაში კი “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებული აუქციონის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. და ლ. ა-ებმა და გ. ე-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” დებულება, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, საინფორმაციო ცნობები გასაყიდად შემოთავაზებული სახელმწიფო ქონების შესახებ დგება აუქციონის ორგანიზატორის მიერ და ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში და კომიტეტის სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტინებში არა უგვიანეს ერთი თვისა. სადავო ობიექტის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ კი ადგილობრივ პრესაში არ გამოქვეყნებულა, რაც ადასტურებს ყაზბეგში მდებარე ¹...... ბენზინგასამართი სადგურის პრივატიზების მიზნით 1996წ. 30 ივნისს გამართული აუქციონის კანონის უხეში დარღვევით ჩატარებას.
ამასთან, კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ 1993წ. 7 ივნისის მდგომარეობით, ზ. ქ-ს ბენზინგასამართი სადგურის შესასყიდად თანხა არ გადაუხდია, მიუხედავად ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მის სახელზე გაფორმდა, ხოლო ისინი უმართებულოდ ამოიღეს პარტნიორთა სიიდან და მათი თანხები მიითვისეს, რაც დღემდე არ მიუღიათ.
სასამართლომ ასევე არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებებზე, რომ საგადასახადო დავალების ¹14112 ქვითარზე თანხის შეტანის თარიღი 1994 წელი გადასწორებულია 1993 წლად, როცა კუპონი რუსული რუბლის თანაბარი იყო. გარდა ამისა, ზ. ქ-ზე სადავო შენობის საკუთრების უფლების მოწმობა 1993წ. 15 ივნისს გაიცა, ხოლო ხელშეკრულება სანოტარო წესით 1994წ. სექტემბერში დამოწმდა.
საკასაციო სასამართლოს სახელმწიფო სხდომაზე დაბა ყაზბეგის ქონების მართვის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და მხარი საკასაციო საჩივარს დაუჭირა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ ა. და ლ. ა-ებისა და გრომოკო ე-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორებმა ზ. ქ-თან ერთად სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული სასამართლოს მიერ 1993წ. 10 ივნისს ჩატარებულ აუქციონზე დაბა ყაზბეგში მდებარე ¹...... ბენზინგასამართი სადგური თანაბარ წილებში შეისყიდეს 3218 ლარად და მიიღეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 1995წ. 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული ობიექტის აუქციონის წესით პრივატიზების შესახებ გარიგება. მისი ხელახალი პრივატიზება მოხდა 1996წ. 30 ივლისს. უქციონში მხოლოდ ზ. ქ-მა მიიღო მონაწილეობა და სადავო ბენზინგასამართი სადგური 977 ლარად შეისყიდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ადგილობრივ გაზეთ “......-ში” ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა დროის სიმცირის გამო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აუქციონის შესახებ ცნობა ერთი თვის მანძილზე გამოკრული იყო ხალხის თავშეყრის ადგილებში და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ ცნობას აუქციონზე გამოტანილი სადავო ობიექტის შესახებ არავითარი ხელმოწერა და თარიღი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 29 მაისის ¹612 დადგენილებით დამტკიცებული “სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის შესახებ” დებულება, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, საინფორმაციო ცნობები გასაყიდად შემოთავაზებული სახელმწიფო ქონების შესახებ დგება აუქციონის ორგანიზატორის მიერ და ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში და კომიტეტის სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტინებში არა უგვიანეს ერთი თვისა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ა. და ლ. ა-ებს და გ. ე-ს 1993 წელს დაბა ყაზბეგში მდებარე ¹...... ბენზინგასამართი სადგურის შესაძენად გადახდილი თანხა აუნაზღაურდათ ინფლაციის გათვალისწინებით. კასატორები აღნიშნავდნენ და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ მათ სადავო ობიექტში გადახდილი თანხა _ 1852 ლარი ჯერ არ მიუღიათ. ამასთან, ბენზინგასამართი სადგური მეორედ ჩატარებულ აუქციონზე ზ. ქ-მა 977 ლარად შეისყიდა, ბევრად მცირე თანხით, ვიდრე თავდაპირველად იყო შეფასებული. ამასთან, ზ. ქ-ს მიღებული აქვს პირველი აუქციონის ბათილობის შედეგად 1366 ლარი. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ დაბა ყაზბეგის სახელმწიფო ქონების მართვის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. და ლ. ა-ების, გ. ე-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა. და ლ. ა-ების და გ. ე-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. და ლ. ა-ების და გ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი 1996წ. 30 ივლისს სახელმწიფო ქონების მართვის ყაზბეგის რაიონული განყოფილების მიერ ჩატარებული აუქციონი ყაზბეგში მდებარე ¹...... ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვის თაობაზე, თანმდევი შედეგებით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.