საქმე N 080100123007011647
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1089აპ-23 ქ. თბილისი
გ–ი დ., 1089აპ-23 20 მარტი 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჟ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჟ–მ, რომელიც ითხოვს არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას, ხოლო, თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში – სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრას, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რამეთუ დ. გ–სათვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათს. კასატორის მითითებით, გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რომლებიც მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, არის ნასამართლობის არმქონე, არ ხასიათდება უარყოფითად, არის მშრომელი, ჰყავს მძიმედ დაავადებული მამა, ცდილობს შეურიგდეს დაზარალებულს.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენით დ. გ–ი, – დაბადებული ...., – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დ. გ–ს მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 11 თებერვლიდან.
3. სასამართლომ დაადგინა, რომ დ. გ–მა ჩაიდინა: ოჯახის წევრის მიმართ ადევნება, ესე იგი არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვასა და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგით:
3.1. 2020 წლიდან (ზუსტი დრო დაუდგენელია) 2023 წლის 10 თებერვლამდე დ. გ–ი არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ყოფილ მეუღლესთან – ე. ბ–სთან, კერძოდ, სისტემატურად აკითხავდა სახლთან, აკონტროლებდა მისი ცხოვრების წესს, პირადად შეხვედრისას და მობილურ ტელეფონზე საუბრის დროს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რაც იწვევდა ე. ბ–ს ფსიქიკურ ტანჯვასა და ძალადობის საფუძვლიან შიშს. აღნიშნული ქმედებების გამო ე. ბ–მა ორჯერ შეიცვალა სამუშაო ადგილი. ასევე – ცდილობს ახალ სამუშაო ადგილზე მივიდეს სხვადასხვა გზებით და თავიდან აირიდოს ყოფილი მეუღლის აგრესია, ფიქრობს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასვლაზეც. დავით
გ–ს ქმედებები ჩადენილია გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.
3.2. 2021 წლიდან (ზუსტი დრო დაუდგენელია) 2023 წლის 11 თებერვლამდე, დ. გ–ი მობილურ ტელეფონზე საუბრისას, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა შვილს – ლ. გ–ს, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას. 2023 წლის 10 თებერვალს ლ. გ–მა მამის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, სამართებლით ხელზე მიიყენა თვითდაზიანებები.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჟ–მ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97).
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დ. გ–ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, დ. გ–ს ქმედებებში გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, მისთვის შეფარდებული სასჯელის ზომის შემცირებას არ აქვს კანონიერი გამართლება, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება, მოცემულ შემთხვევაში, არ არის მიზანშეწონილი.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჟ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი