¹ 3კ-677-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ბ.-მ 2001წ. 22 მარტს სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: გ. ც.-ისა და ვ. ა.-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ გ. ც.-მ ბოროტად ისარგებლა ვ. ა.-ეზე გაცემული მინდობილობით და გაასხვისა ა. ბ.-ის კუთვნილი ბინა, რის შესახებაც თვით ა. ბ.-მა არაფერი იცოდა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ი. ბ.-მა, როგორც დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა და ამავე საზოგადოების წევრმა ა. ბ.-მა თბილისის საოლქო სასამართლოში შეიტანეს სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით, რომ სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა. საქმის მასალებიდან გამომდინარე, დემოგრაფიული საზოგადოება, რომლის სახელითაც იქნა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული, საქმეში მხარედ არ ყოფილა ჩაბმული.
ა. ბ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ბ.-მ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა გ. ც.-სა და ვ. ა.-ს შორის 2001წ. 27 იანვარს თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. სარჩელში მოპასუხედ მითითებულია გ. ც.-ი და ვ. ა.-ე, ხოლო მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე რ. ს.-ე და ფირმა “მ.-ა”.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ბ.-ის სარჩელს მოპასუხეების გ. ც.-ის, ვ. ა.-ის, მესამე პირების რ. ს.-ისა და ფირმა “მ.-ას” მიმართ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
მოსარჩელე ა. ბ.-მ 2001წ. 30 ნოემბერს საჩივარი შეიტანა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე ა. ბ.-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ა. ბ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა აღნიშნულ განჩინებაზე და მოითხოვა რაიონული სასამართლოს განჩინების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 26 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ბ.-ის სარჩელს, გ. ც.-ის, ვ. ს.-ისა და ფირმა “მ.-ას” მიმართ თბილისში, ... მდებარე 22-ე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე ეთქვა უარი.
ილია ბ.-მა, როგორც დემოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა და ამავე საზოგადოების წევრმა ანა ბ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს მიეცათ 10 დღე განჩინების ჩაბარებიდან სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია დემოგრაფიული საზოგადოების სახელით, მაშინ როდესაც, გადაწყვეტილება მიღებულია ა. ბ.-ის, როგორც ფიზიკური პირის, მიმართ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფ.-ვლით, რომ დემოგრაფიული საზოგადოება საქმეში მხარედ არ ყოფილა და იგი არ არის უფლებამოსილი შეიტანოს სააპელაციო საჩივარი.
ა. ბ.-მ და მისმა წარმომადგენელმა ი. ბ.-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საოლქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მათ მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი შევსებულ იქნა.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 11 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ბ.-ის როგორც ფიზიკური პირის სარჩელი. საოლქო სასამართლოს განჩინებით კი განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი იმ მოტივით, რომ იგი შეტანილ იქნა დემოგრაფიული საზოგადოების სახელით და არა ა. ბ.-ის სახელით.
სამოქალაქო კანონმდებლობა განასხვავებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სპეციფიკიდან გამომდინარე სამოქალაქო ბრუნვაში ისინი სხვადასხვა სტატუსით მონაწილეობენ.
სკ-ს 364-ე მუხლის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.
განსახილველ შემთხვევაში, რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების მთელ ეტაპზე, მხარეს _ ფიზიკური პირი ი. ბ.-ი წარმოადგენდა. მან სარჩელი წარადგინა როგორც ფიზიკურმა პირმა და არა როგორც დემოგრაფიული საზოგადოების წევრმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებაც შესაბამისად მისი როგორც ფიზიკური პირის მიმართაა გამოტანილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო, ვინაიდან იგი იმ პირის (დემოგრაფიული საზოგადოების) მიერაა წარდგენილი, რომელიც განსახილველ დავაში არ მონაწილეობდა.
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ მათ შეავსეს ხარვეზი საამისოდ დადგენილ ვადაში და თვლის, რომ ა. და ი. ბ.-ების მიერ წარდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ თავისი შინაარსით არ უნდა ჩაითვალოს მითითებული ხარვეზის შევსებად. პირიქით, განცხადებაში მითითებულია, რომ ვინაიდან ა. ბ.-ი არის დემოგრაფიული საზოგადოების წევრი, თავად საზოგადოების ოფისი კი განთავსებულია მისსავე მისამართზე, პრეზიდიუმი მთლიანადაა მიმდინარე სასამართლოს საქმის კურსში და რა თქმა უნდა, დემოგრაფიული საზოგადოებას სრული კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლება აქვს დაიცვას თავისი წევრის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო და შესაბამისად არარსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ბ.-ისა და მისი წარმომადგენლის ი. ბ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 თებერვლისა და 2003წ. 23 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
ა. ბ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 18,5 ლარის ოდენობით.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.