¹ 3კ-687-03 30 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
ლ. გოჩელაშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინებით შპს “ო.-ს” დირექტორის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. შპს “ფ.-ს” წარმომადგენლებს აეკრძალათ შპს “ო.-ს” შესასვლელ ჭიშკარში სავაჭრო მაგიდების თვითნებური ჩადგმა, ნაგვის შემკრები ბუნკერების ირგვლივ 10 მეტრის რადიუსში და იგივე მდებარე ტუალეტიდან 25 მეტრის დაშორებით სავაჭრო მაგიდების განლაგება.
ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ფ.-ის” დირექტორმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ შპს “ო.-” ამჟამად არ არის იმ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, რომლებიც თავის დროზე ყოფილ საფირმო მაღაზია “ო.-ის” სარგებლობაში იყო, საკუთრების უფლებით ამჟამად ეკუთვნის შპს “ფ.-ს”
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “ფ.-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ო.-ს” დირექტორმა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით შპს “ო.-ს” დირექტორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შპს “ო.-ს” დირექტორმა განცხადებით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა 2002წ. 3 დეკემბრის განჩინების განმარტება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებით ნ.გ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა დაუშვებლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ ნ.გ.-ე სადავოდ ხდის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინების კანონიერებას, რომელიც არ საჩივრდება, ხოლო განმარტების თაობაზე არაფერს მიუთითებს.
სააპელაციო პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ო.-ს” დირექტორმა, რომელიც მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, ასევე მოითხოვს 2002წ. 3 დეკემბრის განჩინების გაუქმებას. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2002წ. 3 დეკემბრის განჩინება უკანონოა, დაუსაბუთებელია, რის გამოც მოითხოვა მისი განმარტება. 2003წ. 12 მარტის განჩინების შინაარსი და დასაბუთებულობა სამართლის ნორმით არ არის განმტკიცებული.
სააპელაციო პალატამ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ შპს “ო.-ს” დირექტორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.
გადაწყვეტილების განმარტების საჭიროების საკითხი დგება მაშინ, როცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მხარეთათვის გაურკვეველი და ბუნდოვანია. სასამართლომ განმარტებით არ შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილების შინაარსი.
მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2002წ. 3 დეკემბრის განჩინების განმარტება და მიუთითებს, რომ აღნიშნული განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა და მოითხოვს აღნიშნული განჩინების გაუქმებას, მაშინ, როდესაც აღნიშნულ განჩინებაში ცალსახადაა მითითებული, რომ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, იგი არ არის გაურკვეველი და ბუნდოვანი. განმარტებით განჩინების გაუქმება და მისი შინაარსის შეცვლა დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 2003წ. 3 დეკემბრის განჩინება არ საჭიროოებდა განმარტებას და სააპელაციო პალატამ 2003წ. 12 მარტის განჩინებით მართებულად არ დააკმაყოფილა ნ.გ.-ის განცხადება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, 2002წ. 3 დეკემბრის განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია, საკასაციო პალატა აღნიშნულ განჩინების კანონიერებაზე ვერ იმსჯელებს, რადგან სსკ-ს 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის განჩინება არის ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე, იგი არ საჩივრდება და შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, მასში მითითებული კანონის დარღვევა საფუძვლად არ უდევს სააპელაციო პალატის განჩინებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ო.-ს” დირექტორის ნ. გ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 12 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.