საქმე N 020100120003435489
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №901აპ-23 ქ. თბილისი
კ–ა ი., 901აპ-23 4 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, დავით პაპავამ, რომელიც ითხოვს ი. კ–სა და ზ. ყ–ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე. ღ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი დანაშაულების ჩადენისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებს მათ ბრალეულობას; სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ეჭვგარეშე ი. კ–სა და ზ. ყ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ დაუსაბუთებელი მოსაზრებები დაუდო საფუძვლად წარდგენილი ბრალდებების ნაწილში მათ უდანაშაულოდ ცნობას; სასამართლოს მოსაზრებით, ბრალდების მხარე ე. ღ–ს ედავებოდა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენით დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და თაღლითურად დაუფლებას, ხოლო ი. კ–სა და ზ. ყ–ს – ამ დანაშაულების ჩადენაში დახმარებას, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენდა ანგარიშსწორების საფუძველს და, თითქოსდა, შეუძლებელი იყო ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენის გზით თანხების დაუფლება, რაც არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ი. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში, დახმარება; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, დახმარება; ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად. ზ. ყ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებაში, დახმარება; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა, დახმარება; ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად. ე. ღ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება; სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში იმყოფებოდა; ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. ი. კ–ს 2014 წლის 22 ივლისიდან 2017 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდში, მუშაობდა ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. ი. კ–ს ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №.. დადგენილებით დამტკიცებული, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელიც საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევდა მერიის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის – ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საქმიანობას.
2.2. ზ. (მ–ა) ყ–ა 2014 წლის 5 აგვისტოდან მუშაობდა თვითმმართველ ქალაქ ფ–ს მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსად, ხოლო 2014 წლის 23 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 მაისამდე პერიოდში – ქალაქ ფ–ს მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს. ზ. ყ–ს ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის №..... დადგენილებით დამტკიცებული, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის დებულებისა და ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №... დადგენილებით დამტკიცებული, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესაბამისად, წარმართავდა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელი იყო ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე, ზედამხედველობას უწევდა სამშენებლო საქმიანობას.
2.3. ე. ღ–ა 2005 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული იყო შპს ,,კ–ს“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2.4 2005-2014 წლებში ქალაქ ფ–ში, ქალაქ ფ–ს .......ას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა მიმდინარეობდა სამ ეტაპად. პირველი ეტაპის სამუშაოებზე 2005 წლის 24 აგვისტოს, ქალაქ ფ–ს ადგილობრივი თვითმმართველობის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „კ–ს“ დირექტორ ე. ღ–ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. ხელშეკრულება, დრამატული თეატრის მშენებლობის სამუშაოებზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა – 1888269 ლარი, ხოლო, ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შედეგად, სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა – 2183100 ლარი. მეორე ეტაპის სამუშაოებზე, 2008 წლის 24 იანვარს, თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურსა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „კ–ს“ დირექტორ ე. ღ–ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №.. ხელშეკრულება, დრამატული თეატრის მშენებლობის სამუშაოებზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა – 6961155 ლარი. 2013 წელს დრამატული თეატრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, ჩატარდა ტენდერი დრამატული თეატრის მშენებლობის მესამე ეტაპის სამუშაოებზე. 2013 წლის 4 ნოემბერს, თვითმმართველ ქალაქ ფ–სა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „კ–ს“ დირექტორ ე. ღ–ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №... ხელშეკრულება, დრამატული თეატრის მშენებლობის სამუშაოებზე, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა – 2141463 ლარი. 2014 წლის 11 აპრილს, ე. ღ–ამ წერილით აცნობა თვითმმართველ ქალაქ ფ–ს თეატრის მშენებლობის მეორე და მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულების თაობაზე და მოითხოვა შესრულებული სამუშაოების ჩაბარებასთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად სათანადო კომისიის გამოყოფა. ვინაიდან დრამატული თეატრის მშენებლობა ჩატარებული იყო რამდენიმე ეტაპად, სამუშაოების სირთულის მიხედვით იყო მრავალმხრივი, სპეციფიკური, დიდი მოცულობისა და დიდი ღირებულების, გადაწყდა, სამუშაოების მიღება-ჩაბარებისთვის ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა, რის გამოც, ქალაქ ფ–ს მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი თეატრის დასრულებული სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზაზე. 2014 წლის 26 ივნისს, თვითმმართველ ქალაქ ფ–სა და ტენდერში გამარჯვებულ შპს „მ–ს“ დირექტორ მ. წ–ს შორის ექსპერტიზის ჩატარებაზე დაიდო №.. ხელშეკრულება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ შეადგინა – 13 990 ლარი. ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტების სრულად გადაუცემლობის მიზეზით შპს „მ–მ“ სახელშეკრულებო ვადაში წარმოადგინა მხოლოდ მესამე ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებული ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნით დგინდებოდა ჩატარებული სამუშაოების მთელი რიგი დარღვევები და ხარვეზები. შესრულებულად ნაჩვენებ და ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენდა – 40740,80 ლარს. არასრულყოფილი დასკვნით სამუშაოების ჩაბარების შეუძლებლობის მოტივით, შპს „მ–ს“ უარი ეთქვა ექსპერტიზის დასკვნის მიღება-ჩაბარებასა და სახელშეკრულებო თანხის ანაზღაურებაზე. გადაწყდა, რომ შპს „მ–ს“ გადასცემოდა ყველა საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილი დასკვნის გასაცემად და გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. მიუხედავად ამისა, ექსპერტიზის დასკვნის გასაცემად საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო შპს „მ–მ“ ვერ შეძლო მეორე ეტაპის სამუშაოებზე დასკვნის შედგენა, ხოლო შპს „მ–ის“ 2014 წლის 20 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა, 2014 წლის 1 სექტემბერს ფოსტის საშუალებით გაეგზავნა და მიიღო ი. კ–მ. მიღებული წერილისა და დასკვნის პასუხად, ი. კ–მ და თვითმმართველ ქალაქ ფ–ს მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის (2014 წლის 23 ოქტომბრიდან მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის) უფროსმა, ზ. (მ–ა) ყ–მ, 2014 წლის 5 სექტემბერს შპს „მ–ის“ წერილობით აცნობეს, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაუსრულებელი იყო და მოიცავდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ბოლო ეტაპს. აქედან გამომდინარე, ი. კ–მ ზ. ყ–ს მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, 2014 წლის 20 ოქტომბერს შპს „მ–ითან“ შეწყვიტა ხელშეკრულება. ი. კ–სთვის ცნობილი იყო, რომ დრამატული თეატრის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხარისხის, მოცულობისა და ღირებულების დასადგენად არ იყო ჩატარებული ექსპერტიზა და არც რაიმე ფორმით იყო შესწავლილი სამუშაოები, ასევე – მესამე ეტაპის სამუშაოებზე მისთვის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნით, შპს „კ–ის“ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებით ნაჩვენებ ღირებულებასთან შედარებით, ფაქტობრივად 40 740,80 ლარით ნაკლები სამუშაო იყო შესრულებული, მესამე ეტაპის სამუშაოები იყო ხარვეზიანი და ნაკლული. მიუხედავად აღნიშნულისა, ი. კ–მ და ზ. ყ–მ ბოროტად გამოიყენეს თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ და შპს „კ–ის“ დირექტორის ე. ღ–სათვის გამორჩენის მისაღებად, მასთან ერთად, ჯგუფურად, დაამზადეს ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი - 2014 წლის 23 ოქტომბრის №.... მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც 6961136,10 ლარის მეორე ეტაპის სამუშაოები ჩაითვალეს ჩაბარებულად, მაშინ, როდესაც 2008 წლის 24 იანვარს გაფორმებული 6 961 155 ლარის ღირებულების №.. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული იყო 306231,20 ლარით ნაკლები სამუშაო. რითაც ე. ღ–მ მიითვისა დიდი ოდენობით – 306231,20 ლარი, ხოლო ი. კ–ს და ზ. ყ–ს ე. ღ–ას დაეხმარნენ დიდი ოდენობით – 306231,20 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული თანხა იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში. იმავე დღეს, ი. კ–მ და ზ. ყ–მ, ე. ღ–სთან ერთად, ჯგუფურად, დაამზადეს ყალბი საანგარიშსწორებო ბარათი - 2014 წლის 23 ოქტომბრის №... მიღება-ჩაბარების აქტით, 2141003,18 ლარის ღირებულებით მესამე ეტაპის სამუშაოები ჩათვალეს ჩაბარებულად, მაშინ როდესაც, 2013 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული 2141463 ლარის ღირებულების №... ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული იყო 52991,61 ლარით ნაკლები სამუშაო. ყალბად გაცემული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ე. ღ–ს გადაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებზე თანხა, რითაც ე. ღ–ა თაღლითურად დაეუფლა – 52991,61 ლარს, ხოლო – ი. კ–ს და ზ. ყ–ს დაეხმარნენ დიდი ოდენობით – 52991,61 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებაში. 2008 წლის 24 იანვარს გაფორმებული მეორე ეტაპის №.. და 2013 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული მესამე ეტაპის №... ხელშეკრულებით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ი. კ–მ და ზ. ყ–სმ 359222,81 ლარით ზედმეტად შესრულებულად აჩვენეს, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. ი. კ–სა და ზ. ყ–ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე. ღ–ს – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით: ე. ღ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა; ი. კ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლება – 2 წლით; ზ. ყ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ აქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილების მიმნიჭებელი საქმიანობის უფლება – 2 წლით.
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა, დავით პაპავამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და ი. კ–ს, ზ. ყ–სა და ე. ღ–ას დამნაშავეებად ცნობას მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენისათვის და მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ქ–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ი. კ–ს სრულად უდანაშაულოდ ცნობას.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ე. ღ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების, ხოლო ი. კ–სა და ზ. ყ–ს მიერ – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მათთვის ბრალადშერაცხილი ქმედებების ჩადენა.
10. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ე. ღ–ა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, შპს ,,კ–ის“ მიერ 2007-2009 წლებში ქალაქ ფოთის დრამატული თეატრის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულებისათვის, რისი გათვალისწინებითა და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარე ე. ღ–ს ედავება 2008 წლის 24 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 306231,20 ლარით ნაკლები სამუშაოს შესრულებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ხოლო ი. კ–სა და ზ. ყ–ს – მითვისებაში დახმარებას, რაც მოიცავს იმ პერიოდსაც, რომლისთვისაც ე. ღ–ა ერთხელ უკვე გასამართლებულია, პირის განმეორებით მსჯავრდებასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ გაქარწყლდა კანონით დადგენილი წესით, მართებულად გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამშენებლო ტექნიკური საბუღალტრო ექსპერტიზის 2019 წლის 22 აგვისტოს დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა, რომ 2013 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე 52991,61 ლარით ნაკლები სამუშაოების შესრულებით, ე. ღ–ა მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას, ხოლო – ი. კ–ს და ზ. ყ–ს ეხმარებოდნენ მას დანაშაულია ჩადენაში, რასაც, ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბრალდების მხარე მათ ედავებოდა.
11. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
12. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი