საქმე N 190100122006508582
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1292აპ-23 ქ. თბილისი
კ–ი ლ., 1292აპ-23 12 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, შემდეგი ძირითადი მოტივებით: მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ადგილი და დანაშაულის იარაღი ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით და გათვალისწინებული ჰქონდა შესაძლო შედეგი, რაც თავიდან იქნა აცილებული მხოლოდ დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, კერძოდ, შემთხვევის დღეს, ლ. კ–მა დაზარალებულს ხელთნაქონი დანა მუცელში გამიზნულად ჩაარტყა და ჭრილობაშივე დატოვა. აღნიშნული ადასტურებს მის გულგრილ დამოკიდებულებას მოსალოდნელი მძიმე შედეგისადმი. ბრალდების მხარეს ასევე დადასტურებულად მიაჩნია დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ლ. კ–ი დედას ხშირად საყვედურობდა, თუ რატომ მისცა მეუღლის (ლ. კ–ს მამის) წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, რისი უფლებაც ლ. კ–ს აზრით, დედამისს არ ჰქონდა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. კ–ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. რ–ში, რ–ს ქუჩის N...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული დისკრიმინაციისა და სტერეოტიპული შეხედულებების ზეგავლენით, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ლ. კ–მა დედას, ქ. კ–ს, იმ ფაქტით გაბრაზებულმა, რომ ამ უკანასკნელმა, ოჯახში ძალადობის ბრალდების საქმეზე, მეუღლის, ლ–ს მამის, წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რისი უფლებაც, როგორც ქალს და მეუღლეს არ ჰქონდა, დანა დაარტყა მუცელში, მარცხენა მხარეს, ფერდქვეშა მიდამოში, რითაც მიაყენა მუცლის ღრუში შემავალი, ნაკვეთი, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. ლ. კ–ს განზრახვა ვერ შესრულდა, რადგან ქ. კ–ი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად, სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განაჩენით ლ. კ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე.
ლ. კ–ი, – დაბადებული .... წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
ლ. კ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 13 ოქტომბრიდან.
გაუქმდა ლ. კ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლ. კ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების შესახებ დადგენილების კვალიფიკაციის მიხედვით – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს ლ. კ–სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 19, 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება და მისი მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 111, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ბრალდების მხარის საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, კერძოდ:
9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: „ორი სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს, ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის დაზიანებისგან. განზრახვის დასადგენად კი შესასწავლია: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 სექტემბრის №227აპ-16 და 2018 წლის 17 მაისის №680აპ-17 გადაწყვეტილებები). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარის ისეთი ელემენტის განსაზღვრისას, როგორიც არის მართლწინააღმდეგობის შეგნება და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილი, ობიექტურმა დამკვირვებელმა ერთობლივად უნდა შეაფასოს განზრახვის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები და ის წინაპირობები, რაც დამნაშავის კონკრეტულ მისწრაფებაზე ახდენს გავლენას“. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის №723აპ-22 გადაწყვეტილება).
10. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი: დაზარალებულ ქ. კ–სის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს ის და დედა (ლარისა ქუსიაშვილი) სამსახურიდან გვიან დაბრუნდნენ. სახლში რომ შევიდნენ ლ–ა ნასვამი დახვდა, სახეზეც შფოთვა ეტყობოდა და ჰკითხა, რა სჭირდა, ლ–მ მიუგო, რომ – არაფერი. იგი მისკენ მიტრიალდა და მაშინვე იგრძნო დარტყმა კუჭის არეში. როგორ დაარტყა და ხელში რა ეჭირა არ დაუნახავს, ტკივილით მიხვდა, რომ მუცელში რაღაც დაარტყა, შემდეგ დაიხედა და დანა დაინახა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ. კ–ს მისთვის მეორედ დარტყმაც შეეძლო, თუმცა არ დაურტყამს. მანვე აჩვენა, რომ ლ–მ დას უთხრა დედისთვის მიეხედათ.
11. დაზარალებულ ქ. კ–ს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ ქ. კ–ი მკურნალობდა სტაციონარულად 13.10.2022 წ-დან 20.10.2022წ-მდე დიაგნოზი: მუცლის წინა კედლის მარცხენა ნახევრის ნაჩხვლეტ- ნაკვეთი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში შინაგანი ორგანოების დაზიანებით, რაც მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზეპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე კვალიფიკაციის დადგენისას, დაზიანების რაოდენობასა და ლოკალიზაციასთან ერთად, არსებითად მნიშვნელოვანია შეფასდეს დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა უმართლობის ჩადენის შემდეგ.
13. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დგინდება, ლ. კ–მა დაზარალებულს მიაყენა მხოლოდ ერთი დაზიანება, რომლის შემდეგაც, მსჯავრდებულმა შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამასთან, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზი არ გამხდარა დაზარალებულის მიერ ლ. კ–სათვის წინააღმდეგობის გაწევა, ან ოჯახის რომელიმე სხვა წევრის ჩარევა და მსჯავრდებულის შეჩერება, თუ გარიდება შემთხვევის ადგილიდან. შესაბამისად, დანის დარტყმის შემდეგ, მსჯავრდებულს შეეძლო კიდევ დაერტყა დანა, მაგრამ მას აღარ დაურტყამს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლ. კ–მა თავის დას დახმარებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც გავიდა სახლიდან. ამდენად. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად მიუთითებს, რომ მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, ლ. კ–სათვის რაიმე ხელისშემშლელი გარე ფაქტორი არ არსებობდა და მას ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ დაზარალებულისათვის მიეყენებინა სხვა დაზიანებებიც, რაც მას არ ჩაუდენია, აღნიშნული კი მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით.
14. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას იმ ნაწილშიც, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულები, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ლ. კ–ს მიერ დაზარალებულისთვის დაზიანების გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით მიყენების ფაქტი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი