საქმე N 190100121004693554
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№985აპ-23 ქ. თბილისი
კ–ი ა., 985აპ-23 11 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ–მ.
2. ბრალდების მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენის შეცვლას, ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ვინაიდან მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი უსამართლოა, რადგან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას და მოვალეობათა დარღვევის ხარისხს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, ა. კ–სათვის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, არ მიიღო მხედველობაში სასამართლომ.
3. დაცვის მხარე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენის გაუქმებას, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა მოწმე კ. ჩ–ს ჩვენება, რომ ა. კ–ს სურდა იარაღის დათვალიერება, თუმცა უყურადღებოდ დატოვა ამავე მოწმის განმარტება, რომლის თანახმად, მსჯავრდებულმა ეს იარაღი იპოვნა, ხოლო როდესაც, ცეცხლსასროლი იარაღის პოვნა, დათვალიერება და, სამართალდამცავ ორგანოში ჩაბარების მიზნით, ტრანსპორტირება, არ არის დანაშაული. გადაწყვეტილების მოტივაციისას სასამართლომ მიუთითა, რომ ქმედითი მონანიების დროს, უნდა დგინდებოდეს, რომ დამნაშავეს აღარ სურს დანაშაულის ჩადენა და, ამავდროულად, მოქმედებს ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე, თუმცა ვერ დაასაბუთა, აქედან რომელი წინაპირობა არ იკვეთებოდა ა. კ–ს ქმედებაში, რომელსაც თავისუფლად შეეძლო, გადაეგდო იარაღი ან განეცხადებინა, რომ გაურკვეველ ვითარებაში დაჭრა უცნობმა, რითაც პასუხისმგებლობას აირიდებდა, ისევე, როგორც – არ მიეთითებინა იარაღის ადგილსამყოფელი, რომელსაც, ასეთ შემთხვევაში, ვერ ამოიღებდა პოლიცია.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. კ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად დაედო: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგით:
4.1. 2021 წლის 22 აპრილს, საღამოს საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ვ–ში, მარკეტის უკან მდებარე მინდვრებში, ა. კ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა
მართლსაწინააღმედგოდვე შეძენილსა და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს – ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშს, 9X18 მმ კალიბრიან, 1969 წელს გამოშვებულ, ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის №......... – პისტოლეტს, რომელიც ამოღებულია კ. ჩ–ს კუთვნილ ,,ფორდ ტრანზიტის“ მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ........) დათვალიერების შედეგად, მას შემდეგ, რაც ა. კ–მა ზემოაღნიშნული იარაღიდან გაუფრთხილებელი გასროლით ფეხზე მიიყენა დაზიანება.
5. ა. კ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
6. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენით: ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან ა. კ–ი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შენიშვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ა. კ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის შეფარდებას, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის განაჩენი შეიცვალა: ა. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და, საბოლოოდ, მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ, თითქოსდა, ერთი მხრივ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა და მსჯავრდებულის ქმედებას არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა, როგორც ამას დაცვის მხარე ამტკიცებს, ხოლო, მეორე მხრივ, ა. კ–ს უსამართლო სასჯელი შეუფარდა, როგორც ამაზე ბრალდების მხარე მიუთითებს, რადგან გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად დადგინდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რისთვისაც ა. კ–ი კანონიერად და სამართლიანად არის მსჯავრდებული, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან კერძოდ:
12. აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის განსჯის საგნად არ ქცეულა და საკასაციო სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია, რომ შემთხვევის დღეს, ა. კ–მა კ. ჩ–ს კუთვნილ ავტომანქანაში, მის ხელთ ნაქონი ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან გაუფრთხილებელი გასროლით მიიყენა ფეხზე თვითდაზიანება. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული ქმედების სამართლებრივი შეფასება, რამეთუ დაცვის მხარის პოზიციით, ა. კ–ს სისხლისსამარათლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია საერთოდ, რადგან მან ცეცხლსასროლი იარაღი იპოვნა, დაათვალიერა და, პოლიციაში წარდგენის მიზნით, აპირებდა ტრანსპორტირებას, რაც არ არის დანაშაული, ხოლო, ბრალდების მხარის მტკიცებით, ა. კ–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება – და მის ქმედებაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება – ქმედითი მონანიება – არ არის გამოკვეთილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ქმედითი მონანიების გამო, თუ ეს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით, ხოლო ამავე კოდექსის 236-ე მუხლის (რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ა. კ–ი) შენიშვნის მიხედვით, ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით სასამართლო ადგენს, თუ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის პირმა განახორციელა ქმედითი მონანიება.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება გამოკვეთა, რაც საფუძვლად დაუდო ა. კ–ს ქმედითი მონანიების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, კერძოდ, ერთი მხრივ, მსჯავრდებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, ცეცხლსასროლი იარაღის ადგილსამყოფელის მითითება ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფლობით წარდგენად მიიჩნია და, ამავდროულად, მეორე მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შენიშვნაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რა ვადაში უნდა წარადგინოს პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით და რა მოვალეობები ეკისრება მას სამისოდ, რასაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით არ აქვს ფაქტობრივი გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საქმის მასალებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ეჭვგარეშე დადგენილია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო არა მსჯავრდებულ ა. კ–ს, არამედ – შპს „..........ის“ ექიმის, ლ. თ–ს, შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვით, კლინიკაში თვითდინებით მიიღეს პაციენტი, სავარაუდოდ, ცეცხლნასროლი ჭრილობით, ხოლო გამოძიების მიმდინარეობისას, სამართალდამცავების მიერ, საქმეზე მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, ა. კ–ს მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მსჯავრდებულის მიერ იმ ცეცხლსასროლი იარაღის ადგილსამყოფელის მითითება, რომლის გამოყენებით მიიყენა მან თვითდაზიანება, მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვების დროს გამოძიებასთან მსჯავრდებულის თანამშრომლობაა და ვერაფრით შეფასდება ა. კ–ს ქმედით მონანიებად. სადავოდ გამხდარი საკითხის მართებულად გადასაწყვეტად ასევე მეტად მნიშვნელოვანია მოწმის სახით გამოკითხული, კ. ჩ–ს განმარტება, რომ 2021 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ავტოსამრეცხაოში მივიდა მისი მეგობარი ა. კ–ი, რომელმაც სთხოვა, მისი მანქანით მოშორებით წასვლა. ის დაჯდა ავტომანქანის საჭესთან, ხოლო ა. კ–ი – მძღოლის გვერდით, მგზავრის სავარძელზე. დაახლოებით 100-150 მეტრის გავლის შემდეგ, მსჯავრდებულის მითითებით, გააჩერა ავტომანქანა. მან სთხოვა, აეხსნა, რასთან დაკავშირებით სურდა საუბარი ან რა მიზეზით მივიდნენ ხსენებულ ადგილას, რა დროსაც ა. კ–მა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მისი განმარტებით, იპოვნა და აინტერესებდა, შესაძლებელი იყო თუ არა გასროლა. მას შეეშინდა და ურჩია, გადაეგდო იარაღი, რათა ,,შარში არ გახვეულიყო“, რაზეც მსჯავრდებულმა უპასუხა, რომ გავლილი ჰქონდა სამხედრო სამსახური და ერკვეოდა იარაღში. მალევე გაიგონა გასროლის ხმა. ა. კ–ს გაუვარდა იარაღი და ტყვია მოხვდა მარცხენა ფეხში, რის გამოც, დაუყონებლივ გადაიყვანა იგი საავადმყოფოში. 2021 წლის 23 აპრილს კ. ჩ–ს კუთვნილი ფორდის ფირმის მიკროავტობუსის დათვალიერების შედეგად, სამართალდამცავებმა ამოიღეს ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო საამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ა. კ–ს ქმედებაში, რომელსაც ნებაყოფლობით არ ჩაუბარებია ცეცხლსასროლი იარაღი, არამედ – მხოლოდ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიუთითა მისი ადგილსამყოფელი, არ არის გამოკვეთილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება – ქმედითი მონანიება. მართალია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შენიშვნაში რაიმე დათქმა ქმედითი მონანიების ვადასთან დაკავშირებით არ არის, თუმცა ცალსახაა, რომ საქმის მასალებით აშკარად უნდა დასტურდებოდეს დამნაშავის განზრახვა, ცეცხლსასროლი იარაღის თავისუფალი ნების პირობებში ჩაბარებით შეწყვიტოს დანაშაულებრივი ქმედება, რაც იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება დაწყებულია ა. კ–ს გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანების გამო, მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.
16. ბრალდების მხარის მიერ მიერ სადავოდ გამხდარ სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია მოლოდინი, რომ სასჯელი, თავისი შინაარსით, ფორმით, თვისებრივად და არსებითად გასცდება შურისძიების პრიმიტიულ სურვილს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართალთან და რომელიც ობიექტურად ვერ შეუწყობს ხელს ვერც ადამიანების, საზოგადოების დაცულობას, ვერც დანაშაულის შემცირებას და ვერც დამნაშავე პირის რესოციალიზაციას, საბოლოოდ, ვერ შეუწყობს ხელს ვერც სამართლის პროგრესულ და მისი დანიშნულების შესაბამის განვითარებას და ვერც საზოგადოების წევრების ჰარმონიულ თანაარსებობას, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს იმ სამართლებრივ წესრიგს, რომლის დაცვისთვისაც უნდა გამოიყენებოდეს სახელმწიფოს იძულების უკიდურესი საშუალებები (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
18. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა, როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) შესაბამისად, ა. კ–ს ჩადენილი დანაშაულების სანქციით გათვალისწინებული, კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა, რომელთა კიდევ უფრო გამკაცრების აუცილებლობას, ვერც კასატორი ასაბუთებს და არც საქმის მასალებით დასტურდება.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუასა და მსჯავრდებულ ა. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი