Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-930-02 5 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: თანხის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

შ.პ.ს. “ა-მ” სარჩელი აღძრა სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს-ის” სამართალმემკვიდრის შ.პ.ს. “ნ-ის” წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 24.000 ტ. სადიზელო საწვავის ღირებულების დაკისრება.

საქმის განხილვამდე, შ.პ.ს. “ა-ს” დირექტორმა ა. ა-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ითხოვა მისი შვილის ავადმყოფობის გამო საქმის წარმოების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1998წ. 7 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება შეჩერდა.

2001წ. 15 აგვისტოს შ.პ.ს. “ა-ს“ დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ აღარ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, რის გამოც მოითხოვა საქმის წარმოების განახლება და მისი არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 24 მაისის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმის წარმოება განახლდა.

ამავე სასამართლოს 2002წ. 28 მაისის განჩინებით შ.პ.ს. “ა-ს” სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა შემდეგი გარემოებათა გამო:

1999 წელს მოცემული საქმე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საოლქო სასამართლოს.

1999წ. 7 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა დიდუბის და სამგორის რაიონის სასამართლოების წარმოებაში არესებული შ.პ.ს. “ა-ს” საქმეები და დაიწყო საქმის განხილვა.

1999წ. 9 ივლისს მოსარჩელე ა. ა-ემ ერთად გააერთიანა ყველა მოთხოვნა.

აღნიშნული საქმე განხილული იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ და 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. “ა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. “ს-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19.021 ტონა დიზელის საწვავის ღირებულების _ 4.755.250 აშშ დოლარის ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაში.

საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 7.200 ტონა დიზელის საწვავის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს უკვე განხილული ჰქონდა. აღნიშნულის გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო.

საოლქო საასმართლოს განჩინებაზე მოსარჩელის მიერ შეტანილი იქნა კერძო საჩივარი. საჩივარში აღინიშნა, რომ სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან, კერძოდ, მისი სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის 7.200 ტონა დიზელის საწვავის დაკისრების ნაწილში, სასამართლოს განხილვის საგანი არ ყოფილა. 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით განხილულ იქნა მხოლოდ შ.პ.ს. “ა-ს” მოთხოვნა მოპასუხისათვის 19.021 ტონა დიზელის საწვავის მოთხოვნის ნაწილში, რომელიც სულ სხვა საფუძვლიდან გამომდინარეობდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 38-ე, 39-ე, 284-ე, 414-417-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საოლქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი გარემოებანი:

1997წ. 28 თებერვალს შპს “ა-ს” დირექტორმა ა. ა-ემ სარჩელით მიმართა დიდუბის რაიონულ სასამართლოს სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია “ს-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისაგან მოითხოვა 16,300 ტონ და 7,200 ტონა (სულ 23,500 ტ) დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება. 1998წ. 12 თებერვალს დიდუბის რაიონულმა სასამართლომ საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგმოლობის საფუძველზე საქმის წარმოება შეჩერდა. 1998წ. 21 აპრილს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასმართლოს თავმჯდომარეს და მოითხოვა დიდუბის რაიონის სასამართლოდან გამოთხოვა სამოქალაქო საქმე შპს “ა-სა” და “ს-ს” შორის 23,500 ტ. საწვავის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, ასევე გამოეთხოვა სამგორის რაონის სასამართლოს წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმე იმავე მხარეებს შორის და ერთ წარმოებად გაეერთიანებინა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 14 ოქტომბრის განჩინებით დიდუბის რაიონის სასამრათლოდან და სამგორის რაიონის სასამართლოდან გამოთხოვილი საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. საქმეთა გაერთიანების შემდეგ, 1998წ. 30 ოქტომბერს, მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა 7200 ტ. დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 1998წ. 7 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელე ა. ა-ის შუამდგომლობა და საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის შვილის ავადმყოფობის გამო.

1999წ. 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვით ს-ისა და შპს “ა-ს” სამოქალაქო საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული საქმე განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 7 ივნისის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა თბილისის საქალაქო სასამართლოდან შესული შპს “ა-სა” და “ს-ის” სამოქალაქო საქმე (¹02/ა-14) 7200 ტონა საწვავის ღირებულების ნაზღაურების თაობაზე და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოდან გადმოგზავნილი საქმე შპს “ა.” _ “ს-ი” ზიანის ანაზღაურების შესახებ და დაიწყო საქმის წარმოება. 1999წ. 9 ივლისს მოსარჩელე ა. ა-ემ სასამართლოს წარუდგინა დაზუსტებული სარჩელი, სადაც გააერთიანა მოპასუხეების მიმართ არსებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის 7200 ტ. დიზელის საწვავის ანაზღაურების თაობაზე.

აღნიშნული დავა განიხილა და გადაწყვიტა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო კოლეგიამ 2001წ. 27 დეკემბერს და გადაწყვეტილებით შპს “ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. “ს-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 19021 ტ. დიზელის საწვავის 4755250 აშშ დოლარის ანაზღაურება. აღნიშნული გალდაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 7200 ტ. დიზელის საწვავის ანაზღაურების თაობაზე სასამართლოს უკვე განხილული აქვს, რის გამოც სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად შეწყვიტა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 28 მაისის განჩინება კანონიერია და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად შეწყვიტა საქმის წარმოება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 28 მაისის განჩინება კანოინერია და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსკ-ს 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლითაც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე კოდექსის 266-ე მუხლით კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახალა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო 7200 ტ. დიზელის საწვავის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შპს “ა-ს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ა-ს” დირექტორის ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.