Facebook Twitter

საქმე N 330100121004668761

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№915აპ-23 ქ. თბილისი

მ–ე გ., №915აპ-23 4 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ–მ, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება, რომ დაზარალებულ კ. ლ–ს გ. მ–მ მიაყენა დაზიანება, ხოლო, მეორე მხრივ, დგინდება, რომ ა. ო–ს ეპიზოდში, გ. მ–ე პოლიციელების გადამეტებული ძალის გათვალისწინებით, მოქმედებდა საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად; სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა მოწმე პოლიციელების ჩვენებები, თითქოსდა, კ. ლ–ს ნაჭდევიდან სდიოდა სისხლი, რაც შეუძლებელია, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს მხოლოდ ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა, კანის მთლიანობის დაურღვევლად; არასანდოა დაზარალებულ კ. ლ–ს ჩვენება, რომელმაც ექიმთან პირველადი გასაუბრებისას აღნიშნა, რომ დაზიანება შემთხვევით მიიღო აქციაზე, ხოლო მოგვიანებით მიუთითა, რომ დაზიანება გ. მ–მ მიაყენა განზრახ; კ. ლ–ს განმარტება, რომ, თითქოსდა, გ. მ–მ მიაყენა დაზიანება ეწინააღმდეგება, როგორც შემთხვევის ვიდეოჩანაწერს, სადაც არ ჩანს დაზარალებულისათვის ხელის დარტყმის ფაქტი, ასევე – დაცვის მხარის მოწმეების: ვ. მ–ს, კ. კ–ს, ნ. ნ–ს, ა. კ–სა და სხვათა მონათხრობს; დაზარალებულ ა. ო–ს ეპიზოდთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გ. მ–ს დაკავებისას პოლიციელებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა, როდესაც ისე შებოჭეს, რომ არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას, რაც უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაა და მსჯავრდებულს აძლევდა უფლებას, დაეცვა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თუმცა სასამართლომ ისე დაადგინა გ. მ–ს ბრალეულობა, რომ არ გამოუკვლევია მისი დაკავების კანონიერება და პროპორციულობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენით გ. მ–ე, – დაბადებული 1..., – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5200 ლარი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და, საბოლოოდ, დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. მ–მ ჩაიდინა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

3.1. 2021 წლის 14 აპრილს, შუადღის საათებში, ქ. თ–ში, .........ის №..-ში არსებული პოლიტიკური გაერთიანება პარტია „..........– ......... საქართველოს“ ცენტრალური ოფისის მიმდებარედ გამართული აქციის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების მოწოდებისა, რომ აქციის მონაწილეებს არ გამოეყენებინათ ხელთ ნაქონი საღებავი ,,პულვერიზატორები“ და შეესრულებინათ სხვადასხვა წარწერები, ნახატები და სიმბოლოები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნებს, რა დროსაც გადაწყდა აქციის რამდენიმე მონაწილის ადმინისტრაციული წესით დაკავება. აღნიშნულით განაწყენებული გ. მ–ე ადმინისტრაციული დაკავების დროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლების მოწოდებას და შეეწყვიტა წინააღმდეგობა, გ. მ–მ გაშლილი ხელი მოუქნია პოლიციის თანამშრომელს, კ. ლ–ს, მოარტყა სახის მარჯვენა მხარეს და მიაყენა დაზიანება, ხოლო ა. ო–ს, რომელიც ასევე ცდილობდა მის დაკავებას, ორჯერ უკბინა მარცხენა ხელზე. გ. მ–ს ფიზიკური ძალადობის შედეგად ა. ო–მა და კ. ლ–მა განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატებმა – ი. ჩ–მა და ლ. ტ–მ, რომლებიც ითხოვდნენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორის საკვანძო არგუმენტებს, რომლებიც დიდწილად გამეორებულია საკასაციო საჩივარშიც, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხები გასცა სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით და დამატებით მიუთითებს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001; Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009). თუ საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მცირე დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017; Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და სასამართლომ არასრულფასოვნად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა გ. მ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან: დაზარალებულების – კ. ლ–სა და ა. ო–ს, მოწმეების: გ. ფ–ს, ლ. მ–ს, გ. გ–ს, ა. თ–სა და ლ. ც–ს ჩვენებებიდან (დგინდება, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის დროს გაწეული წინააღმდეგობისას, გ. მ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავებს, კერძოდ, კ. ლ–ს მიმართა უცენზურო სიტყვებით, მოუქნია ხელი და მიაყენა დაზიანება მარჯვენა ყურის არეში, ხოლო ა. ო–ს – უკბინა ხელზე); სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიდან (ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს კ. ლ–ს მარჯვენა ყურის ნიჟარის ჩაღრმავების არეში გარეგნულად აღენიშნებოდა მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული უსწორო, ოვალური ფორმის, მოწითალო, ნოტიო დაზიანება ნაჭდევის სახით და დაუდგინდა დიაგნოზი – ყურის ზედაპირული ტრავმა, ხოლო ა. ო–ს კი, მარცხენა წინამხრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში გარეგნულად აღენიშნებოდა მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით და დაუდგინდა დიაგნოზი – წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა); გ. მ–სის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიდან (დგინდება, რომ 2021 წლის 14 აპრილს, 12:39 საათზე, ქ. თ–ში, ........ მოედნის №..-ის მიმდებარე ტეროტორიაზე, წინააღმდეგობის გაწევისას, იძულების პროპორციული ძალის გამოყენებით, დააკავეს გ. მ–ე, რომელმაც, მისივე გადმოცემით, მარჯვენა ფეხის წვივზე მიიღო დაზიანება); შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერიდან (თვალნათლივ დასტურდება საპროტესტო აქციის მსვლელობისას გ. მ–ს მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველების მიმართ გაწეული ძალადობრივი წინააღმდეგობა) და საქმეში არსებული სხვა სამხილებიდან, რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, თითქოსდა, სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაუდო გამამტყუნებელ განაჩენს და, ამავდროულად, დაუსაბუთებლად უარყო დაცვის მხარის სამხილები, რომლებიც გ. მ–ს უდანაშაულობაზე მიუთითებდნენ, ვინაიდან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეაფასა საპროცესო მოწინააღმდეგეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამხილები და სწორად შენიშნა, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგებოდა ბრალდების მხარის მოწმეთა მონათხრობს, ამავდროულად, იყო ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხველი, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული დემნა შამუგიას გარდა, დაცვის მხარის უკლებლივ ყველა მოწმემ გამორიცხა გ. მ–ს მიერ პოლიციელების მიმართ როგორც სიტყვიერი, ასევე – ფიზიკური შეურაცხყოფა, მაშინ, როდესაც ა. ო–სათვის ხელზე კბენის ფაქტს არც თავად მსჯავრდებული უარყოფს და ასევე – ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით, რომლის შინაარსს, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, მხარეების საპირისპირო განმარტებების კვალდაკვალ, მტკიცებულებების შეფასების დროს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი აქვს.

11. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ამ სამხილის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, ფაქტების ზედმიწევნით სარწმუნოდ დადგენის შესაძლებლობას იძლევა, ადასტურებს, რომ საპროტესტო აქციის მსვლელობისას გ. მ–ე პოლიციის თანამშრომლებს მიმართავდა აგრესიულად, ყვირილით, რის გამოც, კ. ლ–მა არაერთხელ მოუწოდა მას, დაეწია ხმის ტონისათვის, საპასუხოდ კი, გ. მ–მ მიაყენა მას შეურაცხყოფა, კერძოდ უთხრა: ,, – თუ რამის ტრ...ი გაქვს, მიდი და იქ გაატრ...ე“, რის შემდეგაც, კ. ლ–მა დაიწყო გ. მ–ს დაკავება, რომელიც უწევდა წინააღმდეგობას. ამ დროს ჩანაწერის კადრი დინამიურია, რაც ართულებს მოქმედებების მკაფიოდ გარჩევას და, ამავდროულად, კ. ლ–ი და გ. მ–ე გადიან კადრიდან, თუმცა გ. მ–ე მალევე ბრუნდება და მის დაკავებას ცდილობენ სხვა პოლიციელები, რომლებსაც იგი ასევე უწევს წინააღმდეგობას, მათ შორის – ა. ო–ს, რომელიც უკნიდან ცდილობს გ. მ–ს შებოჭვას სხეულის კორპუსზე ხელების მოხვევით, გ. მ–ე კი, გამიზნულად კბენს მას ხელზე. ჩანაწერში ისმის ა. ო–ს ყვირილი: ,,მიკბინა, მიკბინა!“, რომელიც უშვებს ხელს გ. მ–ს და მის დაკავებას სხვა პოლიციელები განაგრძობენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის – შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით უტყუარად დგინდება, რომ ა. ო–ი დაკავებისას გ. მ–ს კი არ ახრჩობდა, როგორც ამას მსჯავრდებული ამტკიცებდა, არამედ – ცდილობდა დაკავების თანმდევი წინააღმდეგობის დასათრგუნად, უკნიდან შეებოჭა იგი სხეულის კორპუსზე ხელების მოხვევით, რაც გამორიცხავს მსჯავრდებულის ქმედების კანონიერებას და მის ბრალეულობაზე მიუთითებს.

12. დაცვის მხარის მიერ დაზარალებულ კ. ლ–ს ეპიზოდთან მიმართებით, გ. მ–ს მსჯავრდების საეჭვოდ მიჩნევას საფუძვლად დაედო კასატორის მიერ რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების გამოკვეთა, რომლებიც, თითქოსდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მის უდანაშაულობას, კერძოდ, სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები, მათ შორის – თავად კ. ლ–ს განმარტება, თითქოსდა, ნაჭდევიდან სდიოდა სისხლი, რაც დაცვის მხარის პოზიციით, შეუძლებელია, რადგან ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს მხოლოდ ზედაპირული დაზიანება აღენიშნებოდა, კანის მთლიანობის დაურღვევლად, რაზეც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორის ზემოაღნიშნული მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ პირადი შემოწმებისას, კ. ლ–ს მარჯვენა ყურის ნიჟარის ჩაღრმავების არეში გარეგნულად აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენის ხანდაზმულობასთან თანხვდენილი, რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, უსწორო, ოვალური ფორმის, მოწითალო, ნოტიო დაზიანება, ნაჭდევის სახით, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის, ე. ლ–ს ჩვენებით კი, სარწმუნოდ დადასტურებულია, რომ ნაჭდევი დაზიანება, რომელიც აღენიშნებოდა დაზარალებულ კ. ლ–ს, ასევე შესაძლებელია იყოს სისხლმდენი. დაზარალებულ კ. ლ–ს ჩვენების უტყუარობასთან დაკავშირებით, რასაც საეჭვოდ მიიჩნევს კასატორი, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მხოლოდ ის ფაქტი, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, პაციენტის განმარტებით, დაზიანება შემთხვევით მიიღო აქციაზე, ვერ გადაწონის კ. ლ–ს თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებას, რომელიც ამხელს გ. მ–ს ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში და რომელიც ზედმიწევნით თანხვდენილია და დასტურდება, როგორც დაზარალებულ ა. ო–სა და მოწმეების: გ. ფ–ს, ლ. მ–ს, გ. გ–ს, ა. თ–სა და ლ. ც–ს ჩვენებებით, ასევე – სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საექსპერტო კვლევის დროს, დაზარალებულის პირადი გასინჯვის მონაცემებით.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ–ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით არის კანონიერი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის წინაპირობები არ იკვეთება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ტ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი