საქმე N 340100122005829205
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№955აპ-23 ქ. თბილისი
მ–ი გ., 955აპ-23 11 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. მ–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. ჭ–მ, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან გ. მ–ს მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ გამომძიებლების არადამაჯერებელ ჩვენებებს, რომლებიც არ არის გამყარებული არცერთი ნეიტრალური მოწმის განმარტებით და, ამავდროულად, გ. მ–ს დაკავებაში მონაწილე არცერთ პოლიციელს არ გადაუღია ჩხრეკისა და ამოღების პროცესი, რაც მათ მონათხრობს სანდოობას შესძენდა; არასანდოა მოწმეების – დ. მ–ს, ლ. ქ–ს, ს. ა–სა და ლ. შ–ს ჩვენებები, რამეთუ მათი მტკიცებით, გ. მ–ი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საერთოდ უჭირდა გადაადგილება, ავტომატგადაკიდებული, სწრაფი ნაბიჯებით ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა ვერ გააქარწყლებს გ. მ–ს მტკიცებას და ვერ გამოდგება წარდგენილი ბრალდების მამტკიცებელ დამოუკიდებელ, უტყუარ მტკიცებულებად; ამავდროულად, გ. მ–სათვის შეფარდებული სასჯელი – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა არის უსამართლო და არ შეესაბამება სასჯელის მიზნებს.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. მ–ს, – დაბადებულს 19.. , – ბრალად დაედო: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ამჟამინდელი რედაქციით 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2.2. 2022 წლის 17 აპრილს ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში არსებულ მ. ა–ს კუთვნილ ფერმაში ყოფნისას, გ. მ–ი პირადად მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ – 7,62 მმ კალიბრიან, კუსტარული წესით დამზადებულ, №...... ,,კარაბინსა“ და 50 ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიან, სამხედრო დანიშნულების, სტანდარტულ, ფოლადისგულიან ვაზნას, რომელიც 2022 წლის 17 აპრილს ამოუღეს შსს ყ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
2.3. 2022 წლის 17 აპრილს ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში არსებულ მ. ა–ს კუთვნილ ფერმაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. მ–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ – 7,62 მმ კალიბრიან, კუსტარული წესით დამზადებულ, №........ ,,კარაბინსა“ და 50 ქარხნული წესით დამზადებულ, 1943 წლის ნიმუშის, 7,62X39 მმ კალიბრიან, სამხედრო დანიშნულების, სტანდარტულ, ფოლადისგულიან ვაზნას, რომელიც 2022 წლის 17 აპრილს ამოუღეს შსს ყ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა.
3. გ. მ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენით გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარების ეპიზოდი) – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და, საბოლოოდ, გ. მ–ს მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ი–მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: გ. მ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის) და მიესაჯა – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორები განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით ორ პრობლემურ საკითხს გამოყოფენ, რომელიც მათი აზრით, ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების საფუძველს, კერძოდ: ერთი მხრივ, პრობლემურად მიიჩნევენ იმ პოლიციელთა ჩვენებების უტყუარ მტკიცებულებებად მიჩნევას, რომელთა სანდოობასა და დამაჯერებლობასთან მიმართებით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რამეთუ მათი მტკიცებით, გ. მ–ი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირდა გადაადგილება, ავტომატგადაკიდებული, სწრაფი ნაბიჯებით ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებენ, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი ნეიტრალური მოწმის ჩვენება, რომელიც გ. მ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა და, ამავდროულად, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციელებიდან არცერთს არ გადაუღია პირადი ჩხრეკისა და ამოღების პროცესი, რაც მეტად დამაჯერებელს გახდიდა ამ საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას.
10. კასატორების მიერ საკასაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ პირადი ჩხრეკის სანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების მიხედვით: ზოგადად, პირის მფლობელობაში ნივთის აღმოჩენა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ ეს ნივთი მას ეკუთვნოდა და ეს ჰიპოთეზა შეუსაბამო არ არის მტკიცების ტვირთთან და In dubio pro reo-ს პრინციპთან. თუმცა ამ პრეზუმფციის ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როდესაც აღმოსაჩენი ნივთი შეიძლება პირის ბრალდების მთავარი საფუძველი იყოს. [...] როდესაც ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის მტკიცებულებად გამოყენების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზეა დამოკიდებული, მათი სანდოობის განსაზღვრისათვის არსებითი იქნება ის, თუ რამ გამოიწვია ასეთი ვითარების შექმნა. პოლიციელის კეთილსინდისიერი მოქმედების პრეზუმირება ბევრად უფრო მარტივია იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი (განუზომლად რთული) იყო ჩხრეკის სანდოობასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. თუმცა, როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს. [...] გამოძიებისთვის რეალურად ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოუყენებლობა, რაც დაადასტურებდა/გაამყარებდა პირის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ქმნის შეცდომის, თვითნებობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვან რისკებს. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს სამართალდამცავის ვალდებულებას, მოიპოვოს ჩხრეკის სანდოობის უზრუნველმყოფი ნეიტრალური მტკიცებულებები მაშინაც კი, როდესაც ეს პოლიციელის უსაფრთხოების ან/და მტკიცებულების განადგურების/გადამალვის საფრთხის შექმნის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად, შესაძლებელია. (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით - ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-104, 106, 109).
12. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ნათლად განსაზღვრული სტანდარტის მხედველობაში მიღებით, განსახილველ საქმეში გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეაფასა, მოცემულ შემთხვევაში, რამდენად იყო შესაძლებელი პოლიციელების უსაფრთხოების ან/და მტკიცებულების განადგურების/გადამალვის საფრთხის შექმნის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად, ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებ(ებ)ის მოპოვება და მიიჩნევს: იმ ვითარებაში, როდესაც გ. მ–ს დაკავება და ჩხრეკა არ მომხდარა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც შესაძლოა, უფლებამოსილი პირებისათვის მიეცა საჭირო დრო და შესაძლებლობა, რათა სათანადოდ მომზადებულიყვნენ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად, მათ შორის, აღჭურვილიყვნენ შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, არამედ – დადასტურებულია, რომ სოფელში პატრულირებისას, სამართალდამცავებმა გ. მ–ს შემთხვევით წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს, დაუყოვნებლივ დააკავეს იგი და გადაუდებლად ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა; ამავდროულად, დადგენილია, რომ გ. მ–ს დაკავება და პირადი ჩხრეკა არ მომხდარა დღის მონაკვეთში, ხალხმრავალ ადგილას, რაც დამატებითი სამხილ(ებ)ის მოსაპოვებლად ბუნებრივად შექმნიდა ისეთ გარემოს, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან, არამედ – გ. მ–ი დაკავებულია ღამით, 23:00 საათზე, სოფლის მიმდებარედ არსებული ფერმის ტერიტორიაზე, სადაც დაკავებისთანავე – 23:20-23:55 საათზე – ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა; იმ ვითარებაში, როდესაც გ. მ–ს სამართალდამცავებმა წაასწრეს მომეტებული საფრთხისმატარებელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისას, რომელიც მას მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და, შესაბამისად, იმწუთიერად მიუწვდებოდა იარაღზე ხელი, მეტიც – დადგენილია, რომ ერთი ვაზნა მოთავსებული ჰქონდა ავტომატის ლულის არხში, ამავდროულად, დამნაშავე შეეცადა გაქცევას და მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა (ფაქტობრივად განიარაღება) მოხდა დაუყოვნებლივ, გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, რაც ერთობლივად შეფასებისას, ობიექტურად იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ შეიარაღებული გ. მ–ს დანაშაულზე წასწრების გამო დევნის, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს, პოლიციელების უსაფრთხოებისა და მტკიცებულებების გადამალვის რისკის გარეშე, გონივრულ ფარგლებში მოქმედების შედეგად, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა ნეიტრალური მტკიცებულების შექმნა, მათ შორის – ჩხრეკისა და ამოღების თუნდაც მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღება; ამასთან, საქმეში დამოუკიდებელი და ნეიტრალური სამხილების არარსებობასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პრეტენზიის კვალდაკვალ, ხაზგასასმელია, რომ მსჯავრდებულ გ. მ–ს მამამ, მ. მ–მა, რომელიც გ. მ–სათვის ბრალადშერაცხილი ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე – მ. ა–ს კუთვნილ ფერმაში – სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილის წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სასამართლოს მიერ მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებას.
13. საკასაციო საჩივრით ასევე სადავოდ გამხდარ, პოლიციელების ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით: პოლიციელთა ჩვენებები, ზოგადად, სანდო მტკიცებულებებია და არ არსებობს რაიმე a priori საფუძველი, რომ ამ უკანასკნელთა ჩვენებებს იმაზე ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭოს, ვიდრე, მაგალითად, სხვა პირებისას. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული არ გულისხმობს, რომ პოლიციელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია ადეკვატური შემოწმების გარეშე იმთავითვე სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. მტკიცებულების სანდოობის შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებების სრული და ყოველმხრივი შესწავლის შედეგად, სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ფუნქციაა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლომ ყოველმხრივ შეაფასა მოწმეების: დ. მ–ს, ს. ა–სა და ლ. ქ–ს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენებები, რომლებიც საქმის არსებითად მნიშვნელოვან გარემოებებთან მიმართებით, თანხვდენილია, როგორც ერთმანეთთან, ასევე – გ. მ–ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან და, თავის მხრივ, სარწმუნოდ ადასტურებს, რომ 2022 წლის 17 აპრილს, ღამით, ყ–ს რაიონის სოფელ მ–ში პატრულირებისას, მ. ა–ს ფერმის შენობაზე ფარების მინათების დროს, სამართალდამცავებმა შენიშნეს გ. მ–ი, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა შენობიდან, მხარზე გადაკიდებული ავტომატით და ცდილობდა მიმალვას. მსჯავრდებულს ჯერ ავტომანქანით დაედევნენ, შემდეგ – ფეხით და დააკავეს. ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად კი, ამოუღეს: ავტომატი, ორი მჭიდი და 50 ვაზნა; ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. მ–ს ჩხრეკისას ამოღებულია: სროლისათვის ვარგისი, კუსტარულად დამზადებული კარაბინი, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ასევე – გამოსაყენებლად ვარგისი: 2 მჭიდი და 50 ვაზნა, რომლებიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ხოლო ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ ამოღებულ იარაღსა და მჭიდზე აღმოჩენილია გ. მ–ს ბიოლოგიური კვალი; ამავდროულად, ვერც დაცვის მხარე უთითებს კონკრეტულად და არც საქმის მასალებით დადგენილა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული, რაიმე ისეთი გარემოება, რაც გ. მ–ს ხელს შეუშლიდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევაში, რაშიც ერთხმად ამხელენ მას მოწმეები: დ. მ–ი, ს. ა–ე და ლ. ქ–ე, რომელთა ჩვენებებში დაეჭვების გონივრული საფუძველი, მოცემულ შემთხვევაში, არ გამოკვეთილა.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. მ–ს მსჯავრდება კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი – სამართლიანი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. მ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ჭ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი