საქმე N200100122006429846
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1346აპ-23 ქ. თბილისი
ნ–ე ს., 1346აპ-23 22 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიასა და მსჯავრდებულ ს. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – შოთა სარიამ და მსჯავრდებულ ს. ნ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–მა.
ü დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულის გამტყუნების ნაწილში და ს. ნ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებდა ს. ნ–ს ბრალეულობას არც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ ბრალდებაში.
ü ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას და ს. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 11, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგი ძირითადი არგუმენტებით: სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ს. ნ–ს გამართლების ეპიზოდებშიც წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მისი ბრალეულობა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება ის ფაქტიც, რომ ს. ნ–მ დანაშაულები ჩაიდინა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ნ–ს ბრალად ედება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; პირადად სხვა პირის უკანონო თვალთვალი, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს ამ პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
ს. ნ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ქ. ა–ში, ......ის ქ.-ის N..-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ს. ნ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა საკუთარი მეუღლის – მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, თანაცხოვრების პერიოდში, 2022 წლის ივნისის ჩათვლით, მას სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც, დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
ü 2022 წლის ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ს. ნ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან მას მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა ყოფილი მეუღლის – მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა მას. კერძოდ, ს. ნ–ე საკუთარი ავტომანქანით უკან დაჰყვებოდა მ. ნ–ს ქ. ა–ში, მ. ნ–ს სამუშაო ადგილას, ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მ. ნ–ე გადაადგილდებოდა, ასევე, ა–ს რაიონის სოფელ ჭ–ს ტერიტორიაზე, მ. ნ–ს საცხოვრებელ სახლთან. აღნიშნული უკანონო თვალთვალისა და ს. ნ–ს მხრიდან პერიოდული მუქარების შედეგად, მ. ნ–ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვასა და მის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს. ამ მიზეზით, მ. ნ–ე იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა საკუთარი ცხოვრების წესი, კერძოდ, იგი ხსენებულ პერიოდში ერიდებოდა ქალაქში გასვლასა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობას.
ü 2022 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ა–ს ტერიტორიიდან, ს. ნ–ე დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს – მ. ნ–ს ტელეფონის მეშვეობით და გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მას მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2022 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ს. ნ–ე საკუთარი ,,ოპელის” მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა ქ. ა–ში, ......ის ქუჩაზე. ამ დროს, ამავე გზაზე შენიშნა საპირისპირო მხრიდან მომავალი თავისი ყოფილი მეუღლე – მ. ნ–ე, რომელიც მართავდა ,,სუბარუს“ მარკის ავტომობილს. ს. ნ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მას მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა ყოფილი მეუღლის – მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, თავისი კუთვნილი ავტომანქანა გადაიყვანა საპირისპირო სავალ ნაწილში და მაღალი აჩქარებით მიმართა მ. ნ–ს ავტომობილისკენ. მ. ნ–ს ავტომობილთან მიახლოებისას, ს. ნ–მ ავტომობილი კვლავ თავის სავალ ნაწილში დააბრუნა. აღნიშნული ქმედებით, დაზარალებულმა განიცადა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში.
ü 2022 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში, ქ. ა–ში, რ–ს ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ლ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს. ნ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მას მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა ყოფილი მეუღლის – მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მას, რის შედეგადაც, დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ü 2022 წლის 2 ოქტომბერს, ქ. ა–ში, ......... ქუჩაზე, ს. ნ–ე, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან, მას მესაკუთრული დამოკიდებულება გააჩნდა ყოფილი მეუღლის – მ. ნ–ს მიმართ და უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა მასზე, სიცოცხლის დაზიანებით დაემუქრა მას. აღნიშნული მუქარის შედეგად, მ. ნ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით ს. ნ–ე, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვების ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
ს. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
ს. ნ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2022 წლის 12 ოქტომბრიდან.
გაუქმდა ს. ნ–ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული –პატიმრობა
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
ü დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება მსჯავრდებულის გამტყუნების ნაწილში და ს. ნ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ü ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ს. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 11, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც, საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. მხარეები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების დასკვნას, რომ ს. ნ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, განსხვავებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი), სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვების ეპიზოდი) და სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 2 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი ს. ნ–ს დამნაშავედ ცნობისათვის.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რის შესაბამისადაც თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი დატოვა უცვლელად.
11. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივრებში ყურადღებას ამახვილებენ დაცვისა და ბრალდების მხარეები, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, კასატორები საჩივრებში არ უთითებენ. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიასა და მსჯავრდებულ ს. ნ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ს საკასაციო საჩივრები;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი