Facebook Twitter

საქმე N 330100121005099385

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1080აპ-23 ქ. თბილისი

პ–ა გ., 1080აპ-23 20 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამთა გახარიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება, დაზარალებულ ნ. ბ–ს ჩვენება არათანმიმდევრულია და არ დასტურდება სხვა არცერთი ნეიტრალური სამხილით, რამეთუ ნ. ბ–ს განმარტებები დასტურდება მოწმე გ. გ–ს ჩვენებითა და მოწმე ჰ. გ–ს გამოკითხვის ოქმით და, ამავდროულად, გასათვალისწინებელია სასამართლოში დაკითხვის დროს, დაზარალებულის მძიმე ემოციური მდგომარეობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. პ–ს, – დაბადებულს 19.. ს, – ბრალად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 13:40 საათზე, თ–ში, ფ–ა ქუჩის №..-ის მიმდებარედ არსებულ ღია ავტოსადგომზე, „BMW-ს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით .........), ნ. ბ–ს, ფულის სანაცვლოდ, ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა გ. პ–სთან. ურთიერთობამდე გ. პ–ამ ნ. ბ–ს გადასცა მომსახურების საფასური – 50 ლარი. სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ, გ. პ–ა დანისმაგვარი საგნის გამოყენებით, თავს დაესხა ნ. ბ–ს, მოსთხოვა ავტომანქანაში დარჩენა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენებით მოკვლის მუქარით, დანის სხეულზე მიდებითა და თავში მუშტის ჩარტყმით, ნ. ბ–ს მოსთხოვა ფულის უკან დაბრუნება, რა დროსაც დაზარალებულის ხელჩანთიდან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამოიღო – 40 ლარი. ნ. ბ–მა გ. პ–ს თავდასხმის შედეგად განიცადა შიში და მიადგა – 40 ლარის – ქონებრივი ზიანი.

3. გ. პ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. პ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გიორგი გოგალაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. პ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და, ამავდროულად, განაჩენში ნათლად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ ვერ დადასტურდა გ. პ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. პ–ასათვის შერაცხილი ქმედების თვითმხილველები არიან მხოლოდ – გ. პ–ა, რომელიც არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას და ნ. ბ–ი, რომლის განმარტებით, შემთხვევის დღეს, ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეული სექსუალური მომსახურების შემდეგ, გ. პ–ა არ აძლევდა ავტომანქანიდან გადასვლის საშუალებას, რადგან მიიჩნევდა, რომ სქესობრივი აქტი არ ჰქონდა დასრულებული, გახსნა დანა, მიადო მარცხენა გვერდზე და სამჯერ ჩაარტყა თავში მუშტი. ნ. ბ–ს ვარაუდით, გ. პ–მ იფიქრა, რომ არასრული სექსუალური მომსახურების გამო უკან დაებრუნებინა თანხა, რის გამოც, ამოიღებდა მისი ჩანთიდან ორ 20-ლარიან კუპიურას, თუმცა ეს არ დაუნახავს; მოწმე გ. გ–ს ჩვენებით, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს, ყარაულობდა იმ ავტოსადგომს, სადაც ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანის შესვლიდან, დაახლოებით, 10-15 წუთში მასთან მივიდა ნ. ბ–ი და უთხრა, რომ მამაკაცმა დაარტყა ხელი, რასაც არ აპატიებდა და ახსენა თანხა, რისი გათვალისწინებითაც, შეუძლებელია ეს ჩვენება საფუძვლად დაედოს გ. პ–ს ყაჩაღობაში მსჯავრდებას, ხოლო მოწმე ჰ. გ–ს მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის დღეს შეხვდა ნ. ბ–ს, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა, ასევე – უთხრა, რომ კლიენტმა დააყაჩაღა და წაართვა 40 ლარი, რაც არ გამომდინარეობს თავად დაზარალებულის მიერ, სასამართლოში მცემული ჩვენების შინაარსიდან, რისი ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, ვერც დაზარალებულ ნ. ბ–ის ჩვენებით, ვერ დაადასტურა გ. პ–სათვის ბრალადშერაცხილი დანაშაულის – ყაჩაღობის – ჩადენა. ტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს გ. პ–ას სასარგებლოდ.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამთა გახარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი