საქმე N200100123006845398
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1159აპ-23 ქ. თბილისი
ს–ე გ., 1159აპ-23 26 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალადწარდგენილი ყველა ქმედების ჩადენისათვის და, შესაბამისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ნ. ს–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, წარმოდგენილია მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლის შინაარსი ცხადყოფს, რომ გამოძიების დროს დაზარალებულმა აღადგინა ვითარება და მიუთითა გ. ს–სათვის შერაცხილ ყველა გარემოებაზე. სასამართლოს მსჯელობა, თითქოსდა, დაზარალებულის მიერ განცდილი ტანჯვის დასადასტურებლად აუცილებელია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებას, რომლის მიხედვით, გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს. მოწმეების სახით გამოკითხული გამომძიებლების – თ. ხ–სა და შ. შ–ს გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ, დასტურდება, რომ შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას შეესწრნენ, როგორ აგინებდა გ. ს–ე დედამისს, ხოლო მოწმე ი. ბ–ს გამოკითხვის ოქმით კი, ირკვევა, რომ ნ. ს–სემ ტელეფონით შეატყობინა, რომ მისმა ვაჟმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ს–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; გამოძალვა, ესე იგი, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგით:
2.1. 2022 წლის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან 2023 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ს–ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა დედამისს – ნ. ს–ს, რომელმაც სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.
2.2. 2022 წლის აგვისტოს პირველი რიცხვებიდან 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ქ.თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ს–ე სისტემატურად სცემდა დედამისს – ნ. ს–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა
2.3. 2022 წლის 26 დეკემბერს საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თელავის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა – ი. ბ–მა გ. ს–ს მიმართ 30 დღის ვადით გამოსცა შემაკავებელი ორდერი №........., რომლითაც მას აეკრძალა თავისი დედის – ნ. ს–ს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასთან კონფლიქტში შესვლა. მიუხედავად აღნიშნულისა, იმავე დღიდან – 2022 წლის 26 დეკემბრიდან 2023 წლის 5 იანვრის ჩათვლით, ქ.თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ს–ე სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ნ. ს–ს.
2.4. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისიდან 2023 წლის 5 იანვრის ჩათვლით პერიოდში, გ. ს–ე სისტემატურად სთხოვდა დედამისს – ნ. ს–ს, რომ ბანკში იპოთეკით დაეტვირთა ქ.თ–ში, .........ის ქუჩის №..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო აღებული სესხის თანხა გადაეცა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა თუ სახლს იპოთეკით არ დატვირთავდა და სესხის თანხას არ გადასცემდა მას.
3. გ. ს–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 111-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენით გ. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 111-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.
5. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვალერი გიორგაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამარლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის განაჩენი შეიცვალა; გ. ს–ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 111-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადნისათვის და მიესაჯა – საზოგადოებოსათვის სასარგებლო შრომა – 180 საათით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, წარდგენილი ბრალდებების ნაწილში გ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით და მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, ერთი მხრივ, სარწმუნოდ დადგინდა გ. ს–ი ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ხოლო, მეორე მხრივ, უტყუარად ვერ დადასტურდა მისთვის ბრალადშერაცხილი სხვა ქმედებების ჩადენა, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ: დაზარალებულმა ნ. ს–მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი შვილის – გ. ს–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (რომელიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვისას მიცემული ჩვენების შინაარსის შემცველია), გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო მოწმეების: ი. ბ–ის, თ. ხ–სა და შ. შ–ს გამოკითხვის ოქმები, რომლებზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში და რომლებიც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევისათვის გ. ს–ს მსჯავრდებას, მისთვის ბრალადშერაცხილ სხვა ძალადობრივ ქმედებებთან მიმართებით არაფრისმთქმელია და ვერ გახდება რაიმეს მტკიცების უპირობო საფუძველი. არარელევანტურია პროკურორის მტკიცება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით, რამეთუ ოჯახის წევრის სისტემატურ ცემის, შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის წარდგენილ ბრალდებაში გ. ს–ის უდანაშაულოდ ცნობას საფუძვლად დაედო არა ამ დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის – განცდილი ტანჯვის საეჭვოდ მიჩნევა, არამედ – ის ფაქტი, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადგინდა საერთოდ ძალადობდა თუ არა იგი საკუთარი ოჯახის წევრზე.
10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვალერი გიორგაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი