Facebook Twitter

საქმე # 020100120003915331

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1188აპ-23 ქ. თბილისი

ღ–ა თ., 1188აპ-23 29 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. ღ–სს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ხ–სა და პ. გ–მის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ღ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ხ–მა და პ. გ–მა, რომლებიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, რამეთუ ერთადერთი მტკიცებულება, რომელზეც დაფუძნებულია მსჯავრდება, არის ჩხრეკის ოქმი და პოლიციელთა ჩვენებები; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბრალდების მტკიცება, რომ თ. ღ–მ იცოდა, რაც ეწყო ავტომანქანიდან ამოღებულ ტომრებში, რაც მხოლოდ ვარაუდია და არა უტყუარი მტკიცებულება; თ. ღ–ს განმარტებით, მას არც ტომრები გაუხსნია და არც მათ დატვირთვაში მიუღია მონაწილეობა, იგი ენდო მ. ღ–ს, რომელმაც უთხრა, რომ ფიცრები მოჰქონდა, ხოლო საპირისპიროს დასადასტურებლად გამოძიებას არ ჩაუტარებია გენეტიკური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, არ დაუთვალიერებია შემთხვევის ადგილი; საეჭვოა ჩხრეკის ოქმის სანდოობისა და უტყუარობის საკითხი, რადგან უგულებელყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც დადგინდა, რომ აუცილებელია ჩხრეკის ფაქტის ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარება, კერძოდ – ჩხრეკის მიმდინარეობის ვიდეოგადაღება და ჩხრეკის პროცესზე ნეიტრალური მოწმის დასწრება.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ღ–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, პირთა ჯგუფის მიერ, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2020 წლის 26 ივლისს თ. ღ–სმ, მ. ღ–ასთან ერთად, ,,ტოიოტა ლენდკრუიზერის’’ მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომრით – .....), რომელსაც მართავდა თ. ღ–ს, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ს ტერიტორიაზე, ჯგუფურად ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 34071 ლარის ღირებულების – აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი – 8310 კოლოფი სიგარეტი ,,Manchester-ი’’.

3. თ. ღ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენით თ. ღ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გაუნახევრდა და განესაზღვრა – 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეუმცირდა 75 დღით და, საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა – 3 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.

5. ამავე განაჩენით თ. ღ–სთან ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვისათვის მსჯავრდებულია – მ. ღ–ა.

6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების მ. და თ. ღ–ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჯ–მ, რომელიც ითხოვდა თ. ღ–ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობას, ხოლო მ. ღ–ს –ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულში გამართლებას და მისთვის სასჯელის შემსუბუქებას.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ დადგინდა თ. ღ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც იგი კანონიერად არის მსჯავრდებული, კერძოდ: მოწმეების – გ. კ–ს, ლ. გ–ს, ბ. ც–სა და ა. ქ–ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე იმყოფებოდნენ სოფელ ფ–ში. გზის პირას შენიშნეს შავი ჯიპი, რომლიდანაც გადმოვიდა ორი პირი, ავტომანქანის საბარგულში ჩააწყვეს ფუთები და უკან დაბრუნებას აპირებდნენ. პოლიციელებმა მანქანაში მყოფ პირებს დაუძახეს, რომ შეჩერებულიყვნენ, თუმცა ავტომანქანამ სწრაფი სვლით დატოვა შემთხვევის ადგილი, ისე, რომ გზაზე გადამდგარ გ. კ–ს კინაღამ დაეჯახა, რაც სასწრაფოდ შეატყობინეს მეორე ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც მოშორებით იყო განლაგებული; მოწმეების – ნ. გ–ს, ი. კ–სა და ბ. კ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ იმყოფებოდნენ სოფელ ფ–ს სასაფლაოსთან. პირველი ოპერატიული ჯგუფისაგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე გზა გადაუკეტეს და შეაჩერეს შავი ჯიპი, რომელსაც მართავდა წ–ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – თ. ღ–ს და იჯდა ამავე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი – მ. ღ–ა. თ. ღ–მ თავში წაიშინა ხელები და აღირა, რომ მანქანით კონტრაბანდული სიგარეტი გადაჰქონდა, რაც შეატყობინეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; მოწმეების – მ. ჩ–ს, გ. გ–ს, ვ. ქ–ს, ა. ჯ–სა და ვ. ქ–ს ჩვენებებითა და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2020 წლის 26 ივლისს წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ–ში ჩატარებული, ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდკრუიზერის“ ჩხრეკისას, უკანა სავარძელსა და საბარგულში აღმოჩენდა 6 შავი ფუთა, რომლებშიც მოთავსებული იყო სულ – 8310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,მანჩესტერი“; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 8310 კოლოფი სიგარეტი ,,მანჩესტერის“ საბაზრო ღირებულება 2020 წლის 26 ივლისს, საორიენტაციოდ შეადგენდა – 34071 ლარს.

11. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მსჯავრდებულ თ. ღ–ს მტკიცება, თითქოსდა, მან არაფერი იცოდა მის ავტომანქანაში მოთავსებული კონტრაბანდული ტვირთის შესახებ, რადგან საპირისპირო მტკიცება გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ, მოწმეებმა – გ. კ–მა, ლ. გ–მ, ბ. ც–მ და ა. ქ–მ ცალსახად დაადასტურეს, რომ დაინახეს, როგორ გადმოვიდა შავი ფერის ჯიპიდან ორი პირი, რომლებიც მოგვიანებით აღმოჩნდნენ თ. და მ. ღ–ები, როგორ ჩატვირთეს ავტომანქანაში ერთობლივად კონტრაბანდული სიგარეტი და აპირებდნენ უკან დაბრუნებას, რა დროსაც ამხილეს ისინი სამართალდამცავებმა. მოწმეების – გ. კ–ს, ლ. გ–ს, ბ. ც–სა და ა. ქ–ს ჩვენებებით კი ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ, მას შემდეგ, რაც თ. ღ–ს მიხვდა, დანაშაულზე როგორ წაასწრეს, თავში წაიშინა ხელი და აღიარა ავტომანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადატანა, რისი ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამხილები ქმნის მტკიცებულებათ უტყუარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისია თ. ღ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ბრალდების მხარის მიერ კონკრეტული საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩაუტარებლობა იმთავითვე ვერ შეფასდება მსჯავრდებულის გამამართლებელ მოცემულობად, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი მიმდინარეობდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, დაცვის მხარეს ჰქონდა ბრალდების მხარესთან თანასწორი შესაძლებლობა, თავად ეზრუნა სასამართლოსათვის წარსადგენი მტკიცებულებების მოცულობაზე და თავად ჩაეტარებინა გენეტიკური ან/და დაქტილოსკოპიური კვლევები ან/და დაეთვალიერებინა შემთხვევის ადგილი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში და არ ყოფილიყო საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება №970აპ-21 საქმეზე, პუნქტი 8).

12. ამავდროულად ხაზგასასმელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელზეც აპელირებენ კასატორები თავიანთ საკასაციო საჩივარში, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ჩხრეკის შედეგად უაქციზო სიგარეტების იმ ავტომანქანიდან ამოღება, რომელსაც მართავდა თ. ღ–ს, არამედ – მათი მტკიცებით, თ. ღ–ს შეცდომაში იყო შეყვანილი, რადგან ეგონა, რომ მხოლოდ ფიცრები გადაჰქონდათ. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნად არ ქცეულა უაქციზო საქონლის იმ ავტომანქანიდან ამოღების ფაქტი, რომელსაც მართავდა თ. ღ–ს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილება – ,,გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განსახილველ საქმესთან მიმართებით არარელევანტურია.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ თ. ღ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. ხ–სა და პ. გ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი