Facebook Twitter

საქმე N 030100122006345070

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1002აპ-23 ქ. თბილისი

შ–ა მ., 1002აპ-23 12 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენზე ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ემელიანე ბერაიამ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მ. შ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით მისთვის წარდგენილი ბრალდების ჩადენისათვის და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ლ. შ–ამ და მოწმე ვ. შ–მ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: ,,112-ში“ დაზარალებულ ლ. შ–ას შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერითა და ორდერის ოქმით, მოწმეების: გ. კ–ს, მ. ჭ–სა და ნ. შ–ს ჩვენებებით.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. შ–ს, – დაბადებულს 19.., – ბრალად დაედო შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2022 წლის 1 სექტემბერს ლ. შ–ს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის .......... მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს ფ–ს საქალაქო განყოფილების თანამშრომელმა გამოსცა მ. შ–ს შემაკავებელი ორდერი, რომლითაც 30 დღით აეკრძალა იმ ბინასთან მიახლოება, სადაც ლ. შ–ა ცხოვრობს, ასევე – მის სამსახურსა და იმ ადგილებთან, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, მ. შ–ამ არ შეასრულა რა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, 2022 წლის 1 სექტემბერს დაახლოებით 13:50 საათზე, მივიდა ქ. ფ–ში, ტ–ს ქუჩის №-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ლ. შ–ა, რომელსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3. მ. შ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

4. ფოთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენით მ. შ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

6. ფოთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ემელიანე ბერაიამ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მ. შ–ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით ფოთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. შ–ს მიერ მისთვის ბრალადშერაცხილი ქმედების – შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის – ჩადენა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი სამხილებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაადასტურა მისი ბრალეულობა, კერძოდ:

11. პირველ რიგში, ხაზგასასმელია, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად მ. შ–ს მიმართ 2021 წლის 1 სექტემბერს შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი, რომლითაც მას აეკრძალა, მათ შორის, იმ ბინასთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი – ლ. შ–ა ცხოვრობდა. სადავო საკითხის მართებულად გადასაწყვეტად, აუცილებელია იმის გამორკვევა, რამდენად დასტურდება მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერით დაწესებული აკრძალვებისა და ვალდებულებების მ. შ–ასათვის გაცნობის ფაქტი, რომლის დარღვევასაც ედავება მას ბრალდების მხარე და რამდენად იყო განჭვრეტადი მ. შ–ასათვის მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, შემაკავებელ ორდერს ხელს აწერენ მისი გამოცემის უფლების მქონე პირი, მსხვერპლი და მოძალადე, ხოლო შემაკავებელი ორდერი შეიძლება ითვალისწინებდეს მოძალადის გაფრთხილებას ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ამავე მუხლის მე-33 ნაწილის თანახმად: თუ მსხვერპლი ან/და მოძალადე რაიმე მიზეზის გამო ხელს არ/ვერ აწერს შემაკავებელ ორდერს, მას ხელს აწერს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის უფლების მქონე პირი. ამ შემთხვევაში, შემაკავებელ ორდერში სათანადო ჩანაწერი კეთდება და მიეთითება მსხვერპლის ან/და მოძალადის მიერ მის ხელმოწერაზე უარის თქმის/მისი ხელმოწერის შეუძლებლობის მიზეზი. ამავე მუხლის მე-36 ნაწილის თანახმად: „შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში“. ამავე მუხლის მე-38 ნაწილის თანახმად: „მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა ცვლილებები, რითაც განისაზღვრა მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერის აკრძალვებისა და ვალდებულებების გაცნობის, ასევე მოძალადის მიერ ორდერის ხელის მოწერის ან მოწერაზე უარის თქმის შესახებ სათანადო ჩანაწერის არსებობის ვალდებულება. საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია სწორედ იმ გარემოებებით, რომ უტყუარად დადასტურდეს მოძალადისათვის შემაკავებელი ორდერით დაწესებული აკრძალვებისა და ვალდებულებების გაცნობის, უფლებებისა და გასაჩივრების წესის განმარტების ფაქტები (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივნისის №270აპ-20 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 5.6).

14. აღსანიშნავია, რომ მ. შ–ასთვის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალადშერაცხილი ქმედების შესაძლო თვითმხილველთაგან დაზარალებულმა ლ. შ–ამ და მოწმე ვ. შ–ამ სასამართლოს არ მისცეს ჩვენებები თავიანთი შვილის – მ. შ–ას წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; მოწმეების სახით დაკითხული პოლიციელების – გ. კ–სა და მ. ჭ–ს ჩვენებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს დედაზე ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, მ. შ–ას მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა, მათ შორის, მსხვერპლის ბინასთან მიახლოება. მ. შ–ას განუმარტეს, რომ სახლში არ უნდა დაბრუნებულიყო, რაზეც თავი დაუქნიათ და თანხმობის ნიშნად ჩათვალეს; 2021 წლის 1 სექტემბერს გამოცემული №.......... შემაკავებელი ორდერისა და თანდართული ოქმის მიხედვით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოძალადე მ. შ–ას 30 დღით აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, რომელშიც მსხვერპლი ცხოვრობს; მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება და მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის – ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელ ორდერის გრაფაში, რომელიც განკუთვნილია მსხვერპლისა და მოძალადის მიერ შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების უფლებისა და წესის განმარტებისათვის, შესრულებულია მინაწერი: „ხელმოწერაზე უარი განაცხადა“, ამავდროულად, ორდერზე არ არის მოძალადის ხელმოწერა და არ არის აღნიშნული ხელმოწერაზე უარის მიზეზი; მოწე ნ. შ–ს ჩვენება კი, რომელზეც ასევე აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში, იმ საკითხთან დაკავშირებით, გაეცნო თუ არა მ. შ–ა შემაკავებელი ორდერის პირობებს, არაფრისმთქმელია, ხოლო თავად მ. შ–ამ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, მტკიცებულებების შეფასების დროს, შემაკავებელი ორდერის გაცნობისა და გასაჩივრების უფლების განმარტების შესახებ, გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა მ. შ–ს სასარგებლოდ.

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი