საქმე N 010100121004836559
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1445აპ-23 ქ. თბილისი
შ–ე გ., 1445აპ-23 22 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. შ–მ. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო: გასაჩივრებული განაჩენი არის აშკარად მკაცრი და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები; პოლიციის მუშაკებს ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ გ. შ–ს ჯიბიდან, შესაბამისად, ის არ იყო მისი კუთვნილება. ნარკოტიკული საშუალება პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ,,ჩაუდო” ჯიბეში; ბრალდების მოწმეები არიან მხოლოდ დაინტერესებული პირები – პოლიციელები; მისი პირადი ჩხრეკა ჩატარდა საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით; სასამართლოში ბრალდების მხარემ მოწმის სახით არ დაკითხა მსჯავრდებულის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი, ვ. კ–ე; სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ჩხრეკის თვითმხილველი პირის მ. ზ–ს დაკითხვის შესახებ; მსჯავრდებულს ასევე არ ეკუთვნის მისი საცხოვრებელი ბინის მეზობლად ჩატარებული ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და იარაღები; ამასთან, გ. შ–ე მონაწილეობდა „მეტადონის“ პროგრამაში და სამკურნალო დაწესებულებიდან ჰქონდა წამოღებული ნარკოტიკული საშუალება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენით გ. შ–ე, –დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
გ. შ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. შ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით.
მსჯავრდებულ გ. შ–ს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო, 15 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მსჯავრდებულ გ. შ–ს სასჯელის მოხდა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 5 ივნისიდან.
გაუქმდა გ. შ–ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. შ–მ ჩაიდინა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII-ე თავით ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა.
გ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
ü ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა გ. შ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,051 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,176 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის ნაწილიც - 0,544 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოიღეს 2021 წლის 5 ივნისს, ........თის შემოვლითი გზის ..-ე კილომეტრზე, გზის სავალი ნაწილის გასწვრივ ჩატარებული გ. შ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე ნაწილი - 0,632 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 0,051 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს 2021 წლის 5 ივნისს – ქ. ბ–ში, ი–ს ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
ü გ. შ–მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა სროლისათვის ვარგის 2 (ორ) ცეცხლსასროლ იარაღს, 1930-33 წლების ნიმუშის ტოკარევის (TT) კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრიან N ..... პისტოლეტს, 1895 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრიან „ნაგანის“ N........... რევოლვერს და გამოსაყენებლად ვარგის საბრძოლო მასალას – ქარხნული წესით დამზადებულ 7,62 მმ კალიბრიან 18 (თვრამეტ) ვაზნას, რაც ამოიღეს 2021 წლის 5 ივნისს, ქ. ბ–ში, ი–ს ქუჩის N..-ში მდებარე ბინა N..-ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. შ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ. ნ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. შ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ბრალეულობა მის მიმართ მსჯავრად შერაცხილ ქმედებებში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: რ. ც–ს, ზ. შ–ს, გ. ბ–ს, რ. ს–ს, უ. უ–ს, რ. ბ–ს, ლ. გ–ს, შ. მ–ს, გ. შ–ს, მ. ბ–ს, გ. ზ–სა და სხვათა ჩვენებებით, გ. შ–ს პირადი ჩხრეკის 2021 წლის 5 ივნისის ოქმით, ქ. ბ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე გ. შ–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2021 წლის 5 ივნისის ოქმით, ქ. ბ–ში, ი–ს ქუჩა N.., ბინა N..-ში მდებარე გ. შ–ს დროებით სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის 2021 წლის 5 ივნისის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის 2021 წლის 6 ივნისის დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2021 წლის 6 ივნისის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 23 თებერვლის დასკვნით, ამოღებული მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
10. კასატორის მოსაზრება, რომ მოწმე პოლიციელები დაინტერესებული პირები არიან, მათი ჩვენებები საეჭვოა და ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ არის გ. შ–ის კუთვნილება, რომ მას მითითებული საგნები პოლიციელებმა ,,ჩაუდეს“, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრული, კონკრეტულია და სრულად აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. ამასთან, თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმე პოლიციელთა ჩვენებები სრულად თანხვდენილია სხვა წერილობით მტკიცებულებებს. გარდა ამისა, დაცვის მხარე ვერ უთითებს პოლიციის თანამშრომელთა პირადი დაინტერესების ან სხვა სუბიექტური მოტივის განმაპირობებელი რაიმე გარემოებაზე. ჩხრეკებისა და სხვა საპროცესო მოქმედებებისას არ იკვეთება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტიც, კერძოდ:
11. პოლიციის მუშაკებმა დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების საფუძვლები, პირადი ჩხრეკისა და ბინების ჩხრეკის პროცედურები. გ. შ–ს პირადი, საცხოვრებელი და მის სარგებლობაში არსებული ბინების ჩხრეკების მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის, ექსპერტებმა – ბ. ა–მ და მერიის წარმომადგენელმა – უ. უ–მ. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ბინების ჩხრეკებს ასევე უშუალოდ ესწრებოდნენ თვითონ გ. შ–ე და მისი მეუღლე – ი. ც–ე, რომელთაც ხსენებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე ხელმოწერებით დაადასტურეს ჩხრეკის შედეგები. ამასთან, ოქმებში ბრალდებულის ან საგამოძიებო მოქმედებების სხვა მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნა არ გაკეთებულა. ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მსჯავრდებულ გ. შ–ს კუთვნილების ფაქტი ასევე დამატებით დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატაში წარდგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2022 წლის 23 თებერვლის დასკვნით.
12. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა (მაგალითისთვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №96აპ-17), რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა არ აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ, მთლიანად აღებული, რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად, არ არსებობს პოლიციის მუშაკების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევისა და არგაზიარების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოსდა ნარკოტიკული საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ეკუთვნოდა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, მოგონილია პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით და არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით.
13. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ასევე ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს მსჯავრდებული გ. შ–ე, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
14. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. შ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი