საქმე N 140100115002166692
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე №1397აპ-23 ქ. თბილისი
ჭ–ა შ., 1397აპ-23 22 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა თეონა გოდერძიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს შ. ჭ–ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გამამართლებელი განაჩენის ცვლილებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (ორი ეპიზოდი) და 109-ე მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურდა შ. ჭ–ს მიერ ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენა.
2. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, შ. ჭ–ს ბრალად ედება: განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით (ორი ეპიზოდი); ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
შ. ჭ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
2003 წლის 28 მაისს, ღამით, შ. ჭ–ა, ს. ჭ–სთან, ვინმე ზ. შ–სთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, ლულაგადაჭრილი და კონდახდამოკლებული სანადირო თოფით, „მაკაროვის“ სისტემისა და დაუდგენელი მაყუჩიანი პისტოლეტებით, რომლებიც შეძენილი და შენახული ჰქონდათ მართლსაწინააღმდეგოდ და ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ, სახეზე ნიღაბაფარებულები, მივიდნენ გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მცხოვრებ ტ. ტ–ს საცხოვრებელ ბინასთან, უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და იქ მყოფი დაზარალებულებისათვის, კერძოდ, ტ. ტ–სა და ნ. ს–ს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, რასაც შედეგად მოჰყვა დაზარალებულთა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, მართლსაწინაღმდეგოდ მიისაკუთრეს ოჯახის კუთვნილი 10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს საქორწინო ბეჭედი, ე.წ. – „კალიცო“, ღირებული 220 ლარად; 10 გრამიანი ბაჯაღლო ოქროს გრეხილი ბეჭედი, ე.წ. – „კალიცო“, ღირებული 220 ლარად; ბაჯაღლო ოქროს საყურე, 13-13 თვლით, ე.წ. „შამპანური“, ღირებული 760 ლარად; ბაჯაღლო ოქროს ბეჭედი, ბრილიანტის 28 თვლით, ოთხკუთხედი ფორმის, ორსართულიანი, ღირებული 400 ლარად; ოქროს ბეჭედი, კვადრატული, 1 ტოპაზის და 4 ბრილიანტის თვლით, ღირებული 120 ლარად; სამაჯური, ბაჯაღლოში დაფერილი, 27 გრამიანი, ღირებული 450 ლარად; 30 გრამიანი ოქროს ჯაჭვი ე.წ. „კარდინალი“, ღირებული 400 ლარად, ოქროს კულონი ზოდიაქო „ლომი“, ღირებული 30 ლარად; ასევე გაიტაცეს ფულადი თანხა – 500 აშშ დოლარისა და 200 ლარის ოდენობით და მობილური ტელეფონი – „მოტოროლა“, ღირებული 200 ლარად.
შ. ჭ–ა დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა ზ. შ–სთან (ზედმეტ სახელად ,,ბ–ო’’), ს. ჭ–სა და სხვა პირებთან, რომლებთანაც ერთად ყაჩაღური თავდასხმების ჩადენისათვის, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი ავტომატური და სხვა სახის იარაღები, საბრძოლო მასალები, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელთაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
შ. ჭ–მ გამოძიებით დაუდგენელი დამნაშავე პირისგან შეიტყო, რომ გორის რაიონის სოფელ ტინისხიდში მცხოვრებ რევაზ იორამაშვილის ოჯახში უნდა ჰქონოდათ ფული და სხვა ძვირფასეულობა, რის გამოც განიზრახა ყაჩაღური თავდასხმის გზით დაუფლებოდა ამ უკანასკნელის ქონებას. დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების გაადვილების მიზნით, დაუკავშირდა თავის ნათესავს – ს. ჭ–ს და ზ. შ–სთანს. ეს უკანასკნელები ყაჩაღობისათვის სასჯელს იხდიდნენ ერთად, რ–ს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საიდანაც გათავისუფლდნენ პირობით, ვადაზე ადრე, 2002 წლის თებერვლაში. შ. ჭ–ა მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია – ..........., 2003 წლის 4 ივლისს, დაუკავშირდა. ს. ჭ–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. ლ–ში, მეუღლე ი. ფ–სა და მის ბიძაშვილ კ. ფ–სთან ერთად, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „გაზ 2410“-ით, სახ. ნომერი – „..........“, მობილურ ტელეფონზე, რომლის ნომერია – ........... და ეკუთვნის ი. ფ–სს.
2003 წლის 4 და 5 ივლისს, შ. ჭ–ა, ზ. შ–ი და ს. ჭ–ა ერთმანეთს ტელეფონით არაერთხელ ესაუბრნენ და შეთანხმდნენ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების პირობებზე, რის გამოც, ს. ჭ–ა, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ. ლ–იდან კუთვნილი ,,ვაზ-2410’’ მარკის ავტომანქანით გაემგზავრა ქ. გ–ში, სადაც შეხვდა შ. ჭ–სა და ზ. შ–ს. დაახლოებით 24:00 საათზე, ავტომანქანა ჩააბარეს გ–ს საგზაო სამმართველოს დარაჯს – ე. ჭ–ს და წავიდნენ ძიებით დაუდგენელ ბინაში, სადაც მათ ელოდებოდნენ თანამზრახველები.
დასახელებულ ბინაში შ. ჭ–ა თანაზრახველებთან ერთად შეიარაღდა ცეცხლსასროლი იარაღებით, საბრძოლო მასალებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებით და ნიღაბჩამოფარებულები, დაახლოებით, 04:00 საათზე, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ გ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მცხოვრებ რ. ი–ს ოჯახს. ხსენებულმა პირმა ამ დროს გაუწია წინააღმდეგობა მოგერიების მიზნით და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან გასროლით ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენა ს. ჭ–ს, ხოლო მისმა თანამზრახველებმა, მათ შორის შ. ჭ–მ, რომლებიც მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, რ. ი–ს საძინებელ ოთახში, რომელშიც იგი იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად, ააფეთქეს ხელყუმბარა და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად, სხვადახვა სახის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლებით, განზრახ მოკლეს რ. ი–ი, რის შემდეგაც გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ს. ჭ–ა, რომელიც გარდაიცვალა რ. ი–ს მიერ მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებით, მიატოვეს სოფელ ტ–ს სასოფლო გზაზე და მიიმალნენ.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შ. ჭ–ა, – დაბადებული 19.. წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი, 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (ორი ეპიზოდი, 2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 109-ე მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში.
გაუქმდა შ. ჭ–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.
გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ–ის 219–228–ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა – თეონა გოდერძიშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის ცვლილება და შ. ჭ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი), სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა (ორი ეპიზოდი) და 109-ე მუხლის „ზ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 496-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ამასთან – გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა შ. ჭ–ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი დანაშაულების ჩადენა.
10. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის მსგავსად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემეობაზე, რომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი – ნ. ს–ი სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით არ დაკითხულა და არც გამოძიებაში მისი დაკითხვის ოქმი გამოქვეყნებულა, ხოლო დაზარალებული სოფიო იორამაშვილი დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ არ დაკითხულა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნდა მხოლოდ ს. ი–ს გამოძიებაში დაკითხვის ოქმები. რაც შეეხება მითითებული დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობის ოქმებს (რომელთა თანახმად, მათ ამოიცნეს შ. ჭ–ა), აღნიშნული ოქმები არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მტკიცებულებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ინფორმაციის წყარო ერთი და იგივე პირია. ამასთან, დაზარალებულ ს. ი–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების – ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 349-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის უგულებელყოფით, ვინაიდან მასში არ არის მითითებული და აღწერილი შ. ჭ–ს გარეგნული ნიშნები, რომელთა შესაბამისადაც, დაზარალებულმა იგი ფოტოსურათით ამოიცნო. გარდა ამისა, დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მითითებული ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე ერთ-ერთი პირის – შ. ჭ–ს თვალის ფერი (იშვიათად ლურჯი თვალის ფერი), არ ემთხვევა მისი თვალის ფერს, რომელსაც აქვს ყავისფერ-თაფლისფერი თვალები.
11. რაც შეეხება ს. ი–ს სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებულ ჩვენებას, საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა და მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ან მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან თუ ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა შესაძლებლობა. მხოლოდ აღნიშნული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 481-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებითა და გამოქვეყნებული ჩვენებებისათვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტების (იხ.: „ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ” Schatschaschwili v. Germany [GC], no 9154/10, §§105-107, 113; ECHR 2015) მხედველობაში მიღებით, მხოლოდ ეს სამხილი ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რაც შ. ჭ–ს ბრალეულობას უტყუარად დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
12. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და, ამასთან, დეტალურად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც, შ. ჭ–ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალად წარდგენილ ქმედებებში.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი