Facebook Twitter

საქმე N 180100122006227906

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№1194აპ-23 ქ. თბილისი

ხ–ი გ., 1194აპ-23 29 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გოჩა ცინცაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლას, გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ. ხ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით – დაზარალებულის შეტყობინებით, დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მსჯავრდებულის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით, შემაკავებელი ორდერითა და მოწმეების: გ. მ–ს, რ. კ–ს, შ. რ–ს, ლ. კ–ს, ტ. ტ–ს, ს. გ–სა და ვ. ტ–ს ჩვენებებით – უტყუარად დასტურდება მისი ბრალეულობა.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ. ხ–ს, – დაბადებულს ..., – ბრალად დაედო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.1. 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 24 ივნსამდე პერიოდში, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ხ–ი, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ორსულ დას – მ. ხ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფსიქოლოგიურ-მორალური დამცირება და ტანჯვა.

3. გ. ხ–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენით გ. ხ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – გოჩა ცინცაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რადგან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, უტყუარად ვერ დადგინდა გ. ხ–სის მიერ ბრალადშერაცხილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ: დაზარალებულმა მ. ხ–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება თავისი ძმის – გ. ხ–ს წინააღმდეგ და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვებისას მიწოდებული ინფორმაცია, ისევე, როგორც – საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებიც, თავის მხრივ, არსებითად დაზარალებულის მიერ გამოკითხვებისას მიცემული ჩვენებების შინაარსის შემცველია, დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს; სხვა მტკიცებულებებიდან კი, რომლებზეც აპელირებს კასატორი თავის საკასაციო საჩივარში: მოწმეების სახით დაკითხული გამომძიებლებისა და ექსპერტების ჩვენებების ნაწილი, გ. ხ–სათვის ბრალადშერაცხილ ქმედებასთან მიმართებით არის ირიბი, ხოლო ნაწილი – არაფრისმთქმელი და, შესაბამისად, ვერ გამოდგება მისი ბრალეულობის სარწმუნოდ დასადასტურებლად, ხოლო დაზარალებულის შეტყობინება, რომლის მიხედვთ, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ძმა ძალადობს მასზე და სახლიდან აგდებს ჩვილ ბავშვთან ერთად და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი პირის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გამოცემული შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად, 2022 წლის 24 ივნისს, დაახლოებით, 18:00 საათზე, მ. ხ–ს თავისმა ძმამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გ. ხ–სათვის წარდგენილი კონკრეტული ბრალდების – გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია – გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

10. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ცინცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი