საქმე N 330802224008825837
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№10I-24 ქ. თბილისი
ა. ჰ., 10I-24 22 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს (H. A.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
თურქეთის რესპუბლიკის ი-ს მე-4 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს N .... განაჩენით, ჰ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1 და 63-ე მუხლებთან ერთობლიობაში 87/3 (ჯანმრთელობის დაზიანება, ძვლის მოტეხილობით), 149-ე (ძარცვა, ჩადენილი იარაღის გამოყენებით) და 109-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი ძალადობით, მუქარითა და მოტყუებით) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით, ჰ. ა.ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, 2 წლის, 12 წლის და 6 წლის ვადით;
2007 წლის 3 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მე-6 სისხლის სამართლის პალატის N... გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი ძალაში დარჩა და მიიღო საბოლოო სახე;
2008 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 24 მაისამდე პერიოდში ჰ. ა. მოთავსებული იყო შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და იხდიდა ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს.
2018 წლის 24 მაისს იგი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან, თუმცა პირობითი მსჯავრის ქვეშ ახალი დანაშაულის ჩადენის გამო, თურქეთის რესპუბლიკის ი-ს მე-4 უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის N... გადაწყვეტილებით, ჰ. ა-ს მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი გაუქმდა და მის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში უკვე გატარებული ვადის გათვალისწინებით, მან ფაქტობრივად უნდა მოიხადოს 796 დღე თავისუფლების აღკვეთის სახით. მითითებულმა გადაწყვეტილებამ საბოლოო სახე მიიღო 2020 წლის 30 ივნისს;
2023 წლის 28 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ი.-ს მთავარი საჯარო პროკურატურის მიერ გამოცემულია ჰ. ა-ს დაკავების ბრძანება N .... ზემოაღნიშნული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით;
2023 წლის 9 ნოემბრიდან ჰ. ა. იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2005 წლის 3 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ჰ. ა-მ და მისმა თანამონაწილეებმა, მათ შორის – ე. ქ-მა და მ. ა-მა, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ვ. ბ-ს, ცემის შედეგად მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება ძვლის მოტეხილობით, მუქარითა და ძალადობით მოაწერინეს ხელი სულ მცირე 20 ბილიონი ძველი თურქული ლირის ოდენობის ცარიელ ჩეკებზე (წარმოადგენს დაახლოებით 27 000 ლარის ეკვივალენტურ ოდენობას) და ემუქრებოდნენ აღნიშნული ჩეკების განაღდებით.
3. ჰ. ას მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2023 წლის 2 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა.;
2023 წლის 4 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2023 წლის 18 დეკემბერსა და 2024 წლის 9 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჰ. ა-ს ექსტრადიციის თაობაზე მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2024 წლის 29 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ა.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 2 ივნისამდე;
ამჟამად ჰ. ა. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის № 8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. 2024 წლის 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა – ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ი-ს მთავარი საჯარო პროკურატურის ჰ. ა.ს 2023 წლის 28 თებერვლის N ... დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის ი-ს მთავარი საჯარო პროკურატურის ჰ. ა.ს 2023 წლის 28 თებერვლის N ... დაკავების ბრძანებაში მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ბ. საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ ჰ. ა.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე, იგი გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ექსტრადიცია ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.
7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.
8. პროკურორმა წარმოადგინა თავისი პოზიცია საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე სახის მტკიცებულება, თუ ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ა. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2023 წლის 2 დეკემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005).
5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ჰ. ა-ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაემუქრება საფრთხე და რომ იგი გახდება წამებისა, თუ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის, არასათანადო მოპყრობისა, თუ სიცოცხლის მოსპობის საფრთხეებს დაადასტურებდა. საექსტრადიციო მასალების თანახმად, ჰ. ა. წლების განმავლობაში სასჯელს იხდიდა ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის, რის შემდეგაც, ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენამდე, პირობით ვადამდე ადრე იყო გათავისუფლებული საპატიმრო დაწესებულებიდან. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჰ. ა-ს მიერ საპატიმრო დაწესებულებაში ან იქიდან გათავისუფლების შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში, მისი რაიმე ნიშნით დევნას ანდა მისი ცალკეული უფლებების დარღვევას. დაცვის მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირი განცხადებებითა და ზოგადი განმარტებებით, რომლებიც გამყარებული არ არის სათანადო მტკიცებულებებით, რაც არ არის საკმარისი ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკის სამტკიცებლად და ექსტრადიციის დაუშვებლად მისაჩნევად.
6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი. ხსენებული მექანიზმები ერთობლიობაში მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნიან თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.
7. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული, ზემოაღნიშნული ევროპული მექანიზმების არსებობის გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).
8. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა წარმოადგინეს გარანტია, რომ ჰ. ა.ს ექსტრადიცია არ მოითხოვება პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულისათვის, ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიგა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი ჰ. ა.ს უფლებები სრულად იქნება დაცული. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის – წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას (Zarmayev v. Belgium, no 35/10, §113, ECtHR,27/02/2014; Gasayev v. Spain, no 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08; 51946/08, ECtHR, 14/09/2010) და ექვემდებარება საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების დაცვის მონიტორინგს საერთაშორისო ინსტრუმენტების (როგორც ევროპის საბჭოს, ასევე გაეროს ფარგლებში) მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები საჯარო და ხელმისაწვდომია; გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ; გარანტიები საკმარისად კონკრეტულია და არა – ზოგადი და ბუნდოვანი.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „საფუძველი ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ჰ. ა. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფისა და დევნის რისკი.
10. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა დადგეს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრადიციის მომთხოვნი ქვეყნის მიერ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ადგილი ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას (flagrant denial of justice) ან, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. სამართლიანი სასამართლოს უფლებების „აშკარა“ დარღვევა იმდენად მძიმე შემთხვევებს მოიცავს, რომ იგი გულისხმობს ბევრად მეტს, ვიდრე მარტივი პროცესუალური დარღვევებია ან სასამართლო პროცესის დროს პროცედურული გარანტიების შეზღუდული ფორმით არსებობაა. საპირისპიროდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევა გულისხმობს ისეთ ფუნდამენტურ დარღვევებს, რომელთაც კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლება ნულამდე დაჰყავს ან მის არსს აქარწყლებს.
11. თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ ჰ. ა.ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ, თურქეთის რესპუბლიკის ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ „აშკარად“ დაირღვევა უფლებები, მათ შორის – სამართლიანი სასამართლოს უფლება, მეტიც, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული ჰ. ა.ს უფლებების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
12. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ჰ. ა. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
13. ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია ასევე სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს, ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებლობა არ მიეცემა, მოახდინოს ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). საექსტრადიციო მასალების თანახმად, ჰ. ა.ს არ გააჩნია საქართველოში კანონიერად ცხოვრების საფუძველი და ამასთან, მისი ექსტრადიცია მოითხოვება, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულისათვის, რისთვისაც მან უნდა მოიხადოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ჰ. ა.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებებს.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ა-ს (H. A). ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი