Facebook Twitter
საქმე # 330802224008720754

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

№8I-24 7 მარტი, 2024 წელი
ი. ე., 8I-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ი-ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

1.1. 2019 წლის 12 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ე-ს მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს განაჩენით, ე. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული ნივთირებების გასაღება ან მიწოდება) და საბოლოოდ მიესაჯა – 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. სასამართლომ დაადგინა, რომ 20.. წლის 20 ნოემბერს ე. ი. თანამზრახველთან ერთად, ნაქირავები ავტომობილით გაემგზავრა ქ. ს-ში, სადაც შემდგომი გასაღების მიზნით, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება – მცენარე კანაფი და გაემგზავრა ქ. ე-ში, თუმცა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნარკოტიკული საშუალების გასაღება ვერ მოახერხა, რადგან დააკავეს სამართალდამცავებმა. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ე. ი. მართავდა, ამოიღეს გასასაღებლად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება.

1.3. 2022 წლის 17 იანვარს ზემოაღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.

1.4. 2023 წლის 31 იანვარს გამოიცა ე. ი-ს დაკავების ბრძანება.

2. ე. ი-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2.1. 2023 წლის 9 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ე. ი-ს ექსტრადიციის თაობაზე და შესაბამისი დოკუმენტები.

2.2. 2023 წლის 28 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ი..

2.3. 2023 წლის 29 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ე. ი-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა – 3 თვით.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით ე. ი.ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2024 წლის 28 მაისამდე.

3. 2024 წლის 16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა: ე. ი.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული ნივთირებების გასაღება ან მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ე-ს მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენის აღსრულების მიზნით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ი.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული ნივთირებების გასაღება ან მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ე-ს მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენის აღსრულების მიზნით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება გაასაჩივრა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი.ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და ე. ი.ს ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, ე. ი.სათვის მსჯავრადშერაცხილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ქართული კანონმდებლობის მიხედვით არის მოსახმარად გამოუსადეგარი, ხოლო სინთეზური კანაბინოიდი – ბონზაი – არ არის შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში, თურქული კანონმდებლობით კი მარიხუანის და კანაფის გასაღება ან მიწოდება, რასაც ედავებიან ე. ი-ს არ არის სისხლისსამართლის წესით დასჯადი. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ქადირ ჯავდარის ოჯახის წევრები, რომლის გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალების ზედოზირება, მომხდარში ე. ი-ს ადანაშაულებდნენ, დანაშაულის აღიარების მიზნით ახდენდნენ მასზე ზეწოლას და ეპყრობოდნენ სასტიკად.

6. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

7. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს:

4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Soering v. the United Kingdom, no.14038/88, §91, ECtHR, 7/07/1989). ამასთან, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: J.K. and others v. Sweden, no. 59166/12, §91,96, ECtHR, 23/08/2016; Saadi v. Italy, no.37201/06, §129, ECtHR, 28/02/2008). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey, no. 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005; K. v. Russia, no. 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას იმის დასადასტურებლად, რომ ექსტრადიცია პერსონალურ საშიშროებას უქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირებს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §350, 352, ECtHR, 12/04/2005). აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში მითითებულია ე. ი.ს მიმართ წარსულში ქადირ ჯავდარის ოჯახის წევრების ზეწოლასა და სასტიკ მოპყრობაზე, მაგრამ გაცხადებულის არსებობა ან/და რეალურობა არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ე. ი-ს ემუქრებოდნენ ან არასათანადო ეპყრობოდნენ, არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომ კონკრეტული საფრთხეების ან ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო, ე. ი-მა მიმართა თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს, რასაც მათი მხრიდან არაეფექტური რეაგირება მოჰყვა, ასევე – არ იკვეთება, რომ ე. ი.ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თურქეთის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მის სათანადო დაცვას. ამდენად, არ არსებობს ,,არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. ი. დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან/და ვენის რეალური საფრთხე.

5. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს: ორმაგი დასჯადობის არსებობისთვის არ არის სავალდებულო ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, დასჯადი უნდა იყოს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, მიუხედავად ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციისა და იმ გარემოებების არსებობისა, რომლებიც პირის დასჯადობას გამორიცხავს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეტა პალატის 218 წლის 22 ივნისის 171-18 განჩინება). მითუფრო, როდესაც მოცემულ შემთხვევაში, ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართ №1-ის 281-ე გრაფაში მითითებული – ადბ-ფუბინაკა წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებას, რომელსაც არ გააჩნია ოდენობები, ხოლო ნარკოტიკული საშუალება კანაფის (ისევე როგორც – მარიხუანის) ოდენობაზე აპელირება არარელევანტურია, რამეთუ ე. ი. მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების გასაღება/მიწოდებისათვის, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რისი გათვალისწინებითაც, დაცვის მხარის მითითებას, რომ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც გასამართლებულია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი არ არის დასჯადი ქართული კანონმდებლობით, არ აქვს გამართლება, ისევე, როგორც მტკიცებას, თითქოსდა, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მიხედვით, რომლის ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია ე. ი., მარიხუანა, კანაფი და ბონზაი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებებს, მაშინ, როდესაც ზემოაღნიშნული კანონის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილია არა ის ნივთიერებები, რომლებიც მიჩნეულია ნარკოტიკულ საშუალებებად თურქეთის კანონმდებლობით, არამედ აღნიშნულია, რომ 188-ე მუხლის მე–2 ნაწილში ჩამოთვლილ ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებით დაინიშნება უფრო მკაცრი სასჯელი.

6. საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს, რომ ექსტრადიციის გადაწყვეტილებამ გამონაკლის შემთხვევაში შესაძლებელია, წარმოშვას საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, როდესაც მიმღებ სახელმწიფოში პირი დგას მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის წინაშე, მაგრამ ,,მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარი“ გულისხმობს დარღვევებს, რომლებიც იმდენად ფუნდამენტური ხასიათისაა (იხ.: Sejdovic v. Italy [GC], no. 56581/00, § 84, ECtHR; Stoichkov Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, §56, ECtHR, 25/03/2005; Drozd and Jano.usek v. France and Spain, §110, ECtHR, 26/06/1992), რომ შეიძლება, გამოიწვიოს მე-6 მუხლით დაცული უფლების ან მისი არსის გაუქმება (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no. 8139/09, §259, ECtHR, 17/01/2012) და კვლავაც აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მართლმსაჯულების განხორციელებაზე აშკარა უარის თქმის საფრთხის რეალურობის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კასატორს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს აღნიშნული საფრთხის დამადასტურებელი კონკრეტული და სარწმუნო მტკიცებულებები (იხ.: Othman (Abu Qatada) v. the United Kingdom, no.8139/09, § 261, ECtHR, 17/01/2012). მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ უთითებს და არც წარმოდგენილი საექსტრადიციო საქმის მასალებით დგინდება რაიმე სახის აშკარა ან/და უხეში პროცესუალური დარღვევა, რაც წარმოშობდა გონივრულ ვარაუდს, რომ ე. ი.ს მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში დაირღვა სამართლიანი განხილვის უფლება ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ასეთი დარღვევის რეალური საფრთხე. თურქეთში ე. ი.ს სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა მისი მონაწილეობით და მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ი.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, ე. ი.ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული ნივთირებების გასაღება ან მიწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თურქეთის რესპუბლიკის ქ. ე-ს მძიმე დანაშაულთა მე-3 სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების რაიმე წინაპირობა.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ი.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე მ. ვასაძე




მოსამართლეები: შ. თადუმაძე




მ. გაბინაშვილი