Facebook Twitter

საქმე # 080100121004908334

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №414აპ-24 ქ. თბილისი

ა. ზ. 414აპ-24 24 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. თ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სამი ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2017 წლის 18 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით დროის პერიოდში, ზ. ა–ი მეორადი საოჯახო ტექნიკის მიყიდვაზე შეთანხმების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ნ. წ–ს კუთვნილ ფულად თანხას – 2482 ლარს. კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მეორადი საოჯახო ტექნიკის საფასურად ნ. წ–მ ზ. ა–ს შეთანხმებისამებრ მის კუთვნილ სს „........ ბანკის“ ანგარიშზე, ეტაპობრივად ჩაურიცხა 2000 ლარი და 200 აშშ დოლარი (482 ლარი), თუმცა შეთანხმებული ტექნიკა ზ. ა–საგან არ მიუღია, რის შედეგადაც მას მიადგა 2482 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2.2. 2017 წლის 8 ივლისს, ქ–ში, ..........ის გამზირის №..-ში მდებარე შპს „.........ში“, ზ. ა–ი ავტომობილის ვითომდა ქირაობის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს „........ოს“ კუთვნილ (ბ. ხ–ს სახელზე რეგისტრირებულ) „Mercedes ML“-ის მარკის ავტომობილს (სახელმწიფო ნომრით – .........). კერძოდ, ზ. ა–მა შპს „.......საგან“ ხელშეკრულების საფუძველზე იქირავა აღნიშნული ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს მიჰყიდა კ. დ–ს. ზ. ა–ს ქმედების შედეგად, შპს „......სს“ მიადგა 2800 აშშ დოლარის (6710.48 ლარი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

2.3. 2017 წლის 4 ივლისიდან 10 ივლისამდე დროის პერიოდში, ზ. ა–ი ბ. ჭ–საგან ბინის ქირაობის გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ საოჯახო ტექნიკას. კერძოდ, იგი ბ. ჭ–საგან 4 ივლისს ნაქირავები ბინიდან, რომელიც მდებარეობს ქ–ში, ბ–ს მე-..მ/რ-ის №.........-ში, მოტყუებით დაეუფლა 400 ლარად ღირებულ „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორსა და 500 ლარად ღირებულ, ამავე ფირმის სარეცხ მანქანას, რის შედეგად ბ. ჭ–ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 აგვისტოს განაჩენით ზ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. წ–სას ეპიზოდი) ჯარიმა – 5000 ლარი;

3.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ შპს „......ს“ ეპიზოდი) ჯარიმა – 5000 ლარი;

3.3. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ბ. ჭ–სის ეპიზოდი) ჯარიმა – 5000 ლარი;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ შპს „......ს“ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;

3.5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ზ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. თ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ზ. ა–სათვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის – ჯარიმა 5000 ლარის – დანიშვნა, ვინაიდან ზ. ა–ი არ სარგებლობს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან გასაჩივრების კანონით დადგენილი უფლებით (რომლის ფარგლებშიც იგი იყო ძებნილი) და სასამართლო სხდომაზე განაცხადა თანხმობა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის შეფარდებაზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. თ–მა. ადვოკატი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, ზ. ა–სათვის ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის – ჯარიმა 5000 ლარის – დანიშვნას.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

7.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.

7.2. მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე ზ. ა–ს მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე, იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე - მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს ადვოკატ ა. თ–ს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ა–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. თ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ა. თ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი