Facebook Twitter

საქმე # 330100122006624688

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1453აპ-23 ქ. თბილისი

ა.გ.1453აპ-23 22 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2022 წლის 15 ნოემბერს, დილის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს მე-..მიკრორაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში, გ. ა–მ მეუღლის – ნ. წ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქალს არ აქვს უფლება, თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, ასევე, მისგან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნითა და მისი ქმედებების კონტროლით, იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, თმა რამდენჯერმე მოქაჩა. გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად, ნ. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2022 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით, 04:30 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში, გ. ა–ე მეუღლეს – ნ. წ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქალს არ აქვს უფლება, თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, ასევე, მისგან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნითა და მისი ქმედებების კონტროლით, ბრტყელტუჩისა და მაკრატლის გამოყენებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ კბილებს დააცლიდა და მოკლავდა. გ. ა–ს მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა ნ. წ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.3. 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში, გ. ა–სე მეუღლეს – ნ. წ–ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქალს არ აქვს უფლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, ასევე, მისგან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნითა და მისი ქმედებების კონტროლით, დანის გამოყენებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. გ. ა–ს მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ. წ–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში;

2.4. 2022 წლის 5 ან 6 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში გ. ა–სემ მეუღლის - ნ. წ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქალს არ აქვს უფლება, თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, ასევე, მისგან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნითა და მისი ქმედებების კონტროლით, არასრულწლოვნების თანდასწრებით, იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, თმა ძლიერად მოქაჩა. ამავდროულად, ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილების - გ. ა-სა და გ. ა–ს მიმართ, კერძოდ, გ. ა-ს თმა მოქაჩა, ხოლო გ. ა–ს ლოყაში დაარტყა ხელი. გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ნ. წ–სმა, გ. ა–მ და გ. ა-მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი;

2.5. 2021 წლის იანვარში, ღამის საათებში, ქ. თ–ში, გ–ს მე-.. მიკრორაიონში, N.. კორპუსის ბინა N..-ში გ. ა–მ მეუღლის - ნ. წ–ს მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, იმის გამო, რომ ქალს არ აქვს უფლება თავად შეაფასოს და გადაწყვიტოს პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელების მიზანშეწონილობა, ასევე, მისგან უსიტყვო მორჩილების მოთხოვნითა და მისი ქმედებების კონტროლით, იძალადა ფიზიკურად, კერძოდ, თმაზე მოჰკიდა ხელი, კედელზე მიარტყმევინა სახე, ამავდროულად, არასრულწლოვნების თანდასწრებით, სახეში დაარტყა ხელი. გ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად ნ. წ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენით:

3.1. გ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. გ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. გ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.5. გ. ა–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.7. მსჯავრდებულ გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 15 ნოემბრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

4.1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა კაპანაძემ მოითხოვა გ. ა–ს დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4.2. მსჯავრდებულ გ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენის გაუქმება გ. ა–ის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანა კაპანაძე ითხოვს გ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს გ. ა–სის დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ამ დანაშაულების ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულებმა: ნ. წ–მა, გ. ა–მ და გ. ა–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს მათი ახლო ნათესავის – გ. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ა–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ა–ს ქმედებებით დაზარალებულებისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამომძიებელი ლ. ბ–ი არ არის შემთხვევის თვითმხილველი პირი, ის არ შესწრებია მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და მან ამის შესახებ იცის მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მისი ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). ამასთან, მ. ღ–ს ჩვენება, დანაშაულის ჩადენის დროსთან მიმართებით, ეწინააღმდეგება გ. ა–ს ბრალდების დადგენილებას (მოწმემ განმარტებით, გამოკითხვის ოქმში მითითებული 2021 წელი არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან გ. ა–ე მის სახლში ცხოვრობდა 2019 წლის დეკემბრის და 2020 წლის იანვრის თვის პერიოდში, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად კი გ. ა–ს მიერ არასრულწლოვანთა თანდასწრებით ძალადობის ჩადენის თარიღად მითითებულია 2021 წლის იანვარი), ამასთან, მაია ღარიშვილმა ასევე უარყო გ. ა–ს მიერ ძალადობის არასრულწლოვანთა თანდასწრებით ჩადენა, ხოლო მ. ღ–მა არ დაადასტურა, რომ შეესწრო ძალადობის ფაქტს და მიუთითა, რომ აღნიშნული შეიტყო მისი დისგან, მ. ღ–საგან.

16. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 15 ნოემბრის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ნ. წ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა (როგორც ძალადობის, ასევე მუქარის ნაწილში).

17. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

18. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა გ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის ნოემბრის დასაწყისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

19. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, ECtHR 9/07/2019).

19.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

24. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი