Facebook Twitter

საქმე # 020100120003797956

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1144აპ-23 ქ. თბილისი

ა. ვ. 1144აპ-23 3 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:

1.1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,108-ე მუხლით;

1.2. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2020 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:40 საათზე ჩ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მყოფმა ვ. ა–მ, დანის გამოყენებით, პირადი დაინტერესების გამო, შურისძიების მოტივით, სიცოცხლის მოსპობის განზრახვით მიაყენა ჭრილობა კისრის არეში დ. ს–ს, რის შედეგად დ. ს–მ მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება. დ. ს–ს დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

2.2. 2020 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:15 საათზე ჩ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე ნ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ა. ა–ზე განაწყენებულმა ვ. ა–მ ბასრი საგნის გამოყენებით, ა. ა–ს მიაყენა დაზიანება მკერდის მიდამოში, რის შედეგად ა. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

2.3. 2020 წლის 19 აპრილს, დაახლოებით 19:25 საათზე ჩ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე ნ. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვ. ა–მ დანის გამოყენებით მის დას – ლ. ა–ს – მიაყენა მრავლობითი დაზიანებები მაჯის, მტევნის და მხარის მიდამოში, რის შედეგად ლ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენით:

3.1. ვ. ა–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ვ. ა–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ვ. ა–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

3.4. ვ. ა–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

3.5. ვ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი, 2020 წლის 19 აპრილიდან 22 დეკემბრის ჩათვლით.

4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენში აღმოიფხვრა უზუსტობა; მსჯავრდებულ ვ. ა–ს მიმართ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი და სასჯელის ნაწილში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,6. ვ. ა–ს დანიშნულ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის გამოყენებით 75 დღე და ასევე, დაკავებაში ყოფნის პერიოდი, 2020 წლის 19 აპრილიდან 22 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან – 2022 წლის 20 ივნისის 17:18 საათიდან.”

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძემ, რომელმაც მოითხოვა ვ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება.

5.1. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. დ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს ვ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

7.1. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ვ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. დ–მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 29 აგვისტოსა და 2023 წლის 7 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ წარმოადგინა:

8.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივნისის განაჩენი, რომლის თანახმად: დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას შუამდგომლობა, დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება და თ. ს–ა, ჟ. ჭ–ა და ლ. შ–ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

8.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, რომლის თანახმად: დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას შუამდგომლობა, დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება და დ. ს–ს და მ. კ–ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

9. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვს ვ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი, თავდაპირველი (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით) კვალიფიკაციით.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 29 აგვისტოსა და 2023 წლის 7 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის – მარიამ ქორიძის მიერ წარმოდგენილ განაჩენებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამართალწარმოები შეჯიბრებით ხასიათს, (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლები), მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის ვალდებულებას (საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება“ (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2024 წლის 23 იანვრის №824აპ-23, 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).

11.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებს (განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ, მათ შორის: სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს; წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო) და იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე​1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11.2. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენები გამოტანილია შესაბამისად 2023 წლის 25 ივნისს და 2023 წლის 30 აგვისტოს, ხოლო განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი დაადგინა 2023 წლის 25 მაისს.

11.3. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიყენოს კასატორის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენები, რომლებიც დაცვის მხარისათვის გადაცემული და შესაბამისად, გამოკვლეული არ იქნა არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული; სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ვ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ვ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე, ვინაიდან ვ. ა–ს მიერ ა. ა–ს ან/და ლ. ა–ს მიმართ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

13.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 19 მაისის N .......... დასკვნას (წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N.......-ის ასლი) მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით ლ. ა–ს გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 2020 წლის 19 აპრილს და დაესვა დიაგნოზი: სიმპტომები და ნიშნები, რომელიც მიეკუთვნება ემოციურ მდგომარეობას. მაჯის და მტევნის ღია ჭრილობები. მხარის სარტყლის და მხრის ღია ჭრილობები. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხარის ზედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანებები ჭრილობების სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად), ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმის – ი. ჩ–ს – ჩვენებას (2020 წლის 19 აპრილს, საღამოს საათებში, სსიპ ,,112-ის” ოპერატორისაგან მიღებული იქნა იქნა ინფორმაცია, ჩ–ს რაიონის სოფელ ქ–ში ლ. ა–ს კრუნჩხვითი მდგომარეობის შესახებ. პაციენტს თითებზე აღენიშნებოდა ჭრილობა, თუმცა დაზიანება რა ვითარებაში მიიღო, მისთვის უცნობია. ლ. ა–მ ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, რომ დაზარალებულმა – ლ. ა–მ (მსჯავრდებულის და) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ვ. ა–ს (ძმის) წინააღმდეგ და კვლავაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად.

13.2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ეპიზოდთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის 2020 წლის 5 მაისის N.......... დასკვნას (30.04.2020 წლის 15:20-15:35 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ა. ა–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს დაზარალებულ ა. ა–სს ჩვენებას, რომ 2020 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სახლში, ჩ–ს რაიონის სოფელ ქ–ში. დედამისმა – ნ. ბ–მა – დაუძახა და უთხრა, რომ ლ. შ–ა ცუდად გახდა (ნასვამი იყო და გონებას კარგავდა), წყლით დაუსველეს სახე, თუმცა ვერ შეფხიზლდა. აღნიშნულის გამო (გამოსაფხიზლებლად) ვ. ა–მ ლ. შ–ას ხელი გაარტყა (,,სახეზე გაულაწუნა“), თუმცა ცოტა ძლიერად მოუვიდა, რის გამოც ვ. ა–ს ხმამაღლა მისცა შენიშვნა. აღნიშნულის გამო ა. ა–ს და ვ. ა–ს ერთმანეთს ,,დაეჭიდნენ“ და ორივე წაიქცნენ (11.04.2022; 16:19:15). ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, დაცემის შემდეგ ადგნენ და წავიდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას ,,არაფერი“ განუცდია (16:21:42). არც წაქცევამდე და არც წაქცევის შემდეგ არაფერი შეუმჩნევია, მოგვიანებით ნახა, რომ გულმკერდის არეში აღენიშნებოდა ნაკაწრი (16:26:33). მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა მსჯავრდებულის მიერ რაიმეს მოქნევა (16:31:09). ამასთან, განმარტა, რომ შეჭიდებისას ერთად დაეცნენ, თუმცა წაქცევის დროს ტკივილი არ განუცდია (16:42:31). თავს დაზარალებულად არ ცნობს, ვინაიდან, როგორც ის (ა. ა–ს) წაიქცა, ისე წაიქცა ასევე მსჯავრდებულიც (16:47:19).

14. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ დაზარალებულისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენისათვის გამოიყენება სუბიექტური და ობიექტური ტესტები (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №746აპ-19; 674აპ-20). მოცემულ შემთხვევაში, ბრალადწარდგენილ ერთ ეპიზოდში დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ტკივილი არ განუცდია, ხოლო მეორე ეპიზოდში, დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ ტკივილის ობიექტურად განცდას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, საქმე N1051აპ-21).

15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.: იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, §§9.7; 9.6; 2015).

16. რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ ვ. ა–ს ჰქონდა დ. ს–ს მკვლელობის განზრახვა და მის მიერ ჩადენილი ქმედება, რომლის შედეგადაც დ. ს–მ მიიღო სხეულის მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება – უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა), ნაცვლად მსჯავრადშერაცხილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა, სიცოცხლე მოესპო დ. ს–სათვის, ვინაიდან, შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის ლ. შ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობისა, ვ. ა–სმ დაზარალებულ დ. ს–ს მოუქნია და მიაყენა მხოლოდ ერთი დაზიანება (კერძოდ, მოწმე ლ. შ–ამ განმარტა, რომ მომხდარის შესახებ ბევრი დეტალი არ ახსოვს. ამასთან, 2020 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა ვ. ა–ს დედის დაბადების დღეზე და იყო ნასვამი. სუფრის დასრულების შემდგომ ნ. ბ–სთან, ვ. ა–სა და ლ. ა–სთან ერთად წავიდა სახლში, რა დროსაც გახდა ცუდად. ახსოვს, რომ ვ. ა–მ დახმარების მიზნით დაასხა წყალი და გამოსაფხიზლებლად ხელი გაარტყა. ხელის გარტყმასთან დაკავშირებით ვ. ა–ს და ა. ა–ს კამათობდნენ. შემდეგ კი ვ. ა–ს ეძებდა ა. ა–ს. გონებაზე მოსულმა ლ. შ–ამ გააგრძელა გზა სახლისკენ, ვ. ა–ს მის წინ მიდიოდა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან გამოჩნდა დ. ს–ს. მოულოდნელად, ვ. ა–მ დ. ს–ს დანა ჩაარტყა კისრის არეში, ისე, რომ მათ შორის საუბარი/შელაპარაკებაც კი არ მომხდარა (11.04.2022; 17:57:02). დანის ჩარტყმის მიზეზი არ არსებობდა. მის კითხვაზე, რატომ ჩაარტყა დემნას დანა, ვ. გაშეშდა. ვინ ეგონა დემნა, მისთვის უცნობია (17:58:30). დემნა წაიქცა, შემდეგ ადგა და დამოუკიდებლად წავიდა (17:59:07). მოწმემ დაადასტურა, რომ გამოკითხვის ოქმში ბევრი უზუსტობაა (ტყუილი). მსჯავრდებულს, რომ სდომოდა ა. ა–ს სიცოცხის მოსპობა, ამას მოახერხებდა და თავად ვერ შესძლებდა ვ. ა–ს შეკავებას (18:04:43; 18:14:54). მოწმემ კატეგორიულად განმარტა, რომ ვ. ა–სს, რომ ჰქონოდა განზრახვა, მას ვერავინ შეაკავებდა (18:12:03). მსჯავრდებულმა დაზარალებულს დანა ერთხელ მოუქნია და მეორედ მოქნევის მცდელობა არ ჰქონია (18:17:50; 18:22:27)). ამდენად, მართალია, ვ. ა–მ სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა დ. ს–ს, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, რომ მას ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა. ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა, თავის მხრივ, ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს, მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, შეეძლო კიდევ მიეყენებინა დაზიანებები დაზარალებულისათვის.

17. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას შუამდგომლობა, დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება და თ. ს–ა, ჟ. ჭ–ა და ლ. შ–ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 30 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას შუამდგომლობა, დამტკიცდა მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება და დ. ს–ს და მ. კ–ა ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქმის განხილვისას მოკლებულია იმ არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც არ იქნა მხარეების მიერ არსებითად გამოკვლეული საქმის პირველი ან/და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას.

17.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, განმარტავს, რომ ბრალდების მხარე კასატორის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებები (ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 ივნისის და 2023 წლის 30 აგვისტოს განაჩენები) ქმნის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს საქართველოს სსსკ-ის XXVII (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის წესი) თავის შესაბამისად, რის გამოც ბრალდების მხარემ შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართოს სააპელაციო სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.

18. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე, რაც გულისხმობს – განზრახ მკვლელობის მცდელობას და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არასაკმარისია იმის მტკიცებისათვის, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა დაზარალებულ დ. ს–ს მკვლელობის განზრახვა და მის მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

18.1. ამდენად, პროკურორის პოზიცია არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.

19. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

19.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ინდივიდუალური მახასიათებლები და განსაზღვრა სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

21. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

22. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

25. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე