საქმე # 820100122006394889
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად
ცნობის შესახებ
საქმე №1105აპ-23 ქ. თბილისი
ბ მ. 1105აპ-23 10 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. შ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. საბრალდებო დასკვნით მ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალი ედებოდა ,,განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სახვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა“, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტებით.
2. საბრალდებო დასკვნის თანახმად, მ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: მ. ბ–ე 2004 წლის 18 მარტს იმყოფებოდა ქ. ბ–ში სავაჭრო ცენტრ ,,ა–ს” ტერიტორიაზე, სადაც ადრე კონფლიქტური ურთიერთობის გამო ჩხუბი მოუხდა თ. და მ. ჯ–ებთან, რომლებმაც ის ცემეს. აღნიშნული ცემის ფაქტი გაიგო მისმა ბიძაშვილმა – ი. ბ–მ, მივიდა მასთან და თანმხლებ მ. ნ–სთან, ა. გ–სსა და გ. ს–სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს, მოეკლათ თ. და მ. ჯ–ეეები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ჩასხდნენ ი. ბ–მის კუთვნილ ,,ჰონდას” მარკის შავ ავტომანქანაში (სახ. ნომრით – ........ და წინასწარ მომზადებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დაედევნენ მ. და თ. ჯ–ების ,,ვაზ 2104” მოდელის ავტომანქანას, რომლებიც რამდენიმე წუთით ადრე კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით წავიდნენ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან. ავტომანქანით წამოეწივნენ ..........ის ცენტრალური გზაზე N.. ავტოსატრანსპორტო საწარმოს მოპირდაპირე მხარეს. მ. ნ–მ რამდენჯერმე გაისროლა ავტომატური იარაღიდან მ. და თ. ჯ–ების ავტომანქანის მიმართულებით. გასროლის შედეგად, ტყვიით, თ. ჯ–მ მიიღო თავის ქალის ღრუში შემავალი ჭრილობა, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, რამაც, უმოკლეს ვადაში, გამოიწვია მისი სიკვდილი, ხოლო მ. ჯ–მ მიიღო მარცხენა წინა მხრის ორივე ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა დიდი – ცდომით ძვლის დიდი დეფექტით, რბილი ქსოვილების მაგისტრალური სისხლძარღვების და სისხლის მიმოქცევის მოშლით, მარჯვენა მტევნის ორი თითის დაჟეჟილი ჭრილობა, მე-2 ფალანგის ამოვარდნილობა, მარჯვენა მტევნის I თითის საფრჩხილე ფალანგის ნამსხვროვანი მოტეხილობა და მე-2 ხარისხის ტრავმული შოკი, რაც მიყენებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მომხდარის შემდეგ თ. ჯ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა დაეჯახა ,,ბორდიურს“ და გადაბრუნდა, ხოლო დამნაშავენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენით:
3.1. განსასჯელ მ. ბ–ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით);
3.2. განსასჯელი მ. ბ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით) და 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით.
4. აღნიშნული განაჩენის თანახმად, ძებნილი განსასჯელის მ. ბ–ს ადვოკატმა რ. პ–მ მოითხოვა მისი გამართლება ან ქმედების დაკვალიფიცირება, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობა.
5. ძებნილის დაკავების 2022 წლის 20 ოქტომბრის ოქმის თანახმად, მ. ბ–ე დააკავეს ხ–ს რაიონის სოფელ ....–ის საბაჟო-გამშვებ პუნქტში, ადმინისტრაციულ შენობაში, 2022 წლის 20 ოქტომბერს, 12:22 საათზე.
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ბ–სემ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ვ. ხ–მა და მ. მ–მ, რომლებმაც მოითხოვეს მ. ბ–ს გამართლება.
6.1. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაიზიარებს მის პოზიციას მ. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ, მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე, ხოლო სასჯელის შეფარდებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მითითებული მუხლის სანქციაში შეტანილი ცვლილებები, ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის და,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და მ. ბ–ე უნდა გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ მ. ბ–ს, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. ხ–ს და მ. მ–ს (სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მ. ბ–ს ინტერესებს იცავდა ადვოკატი პ. შ–ე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენში მ. ბ–ს მიმართ შევიდა ცვლილება:
7.1. მ. ბ–ს ქმედება, დაკვალიფიცირებული – საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა – საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია);
7.2. მ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
7.3. მ. ბ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, გაუნახევრდა და განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
7.4. მ. ბ–სეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განახევრებული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, შეუმცირდა ¼–ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 9 თვით;
7.5. მ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 20 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით – და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენსა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 მარტის განჩინებაში (რომლითაც მის მიმართ გავრცელდა 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლი) მ. ბ–ს მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება”.
9. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
9.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნიკა მენთეშაშვილი ითხოვს მ. ბ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას;
9.2. მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატ პ. შ–ე ითხოვს მ. ბ–ის უდანაშაულოდ ცნობას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის თანახმად (,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681-ე და 1682-ე მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა), საქმე განიხილება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საბრალდებო დასკვნით სახელმწიფო ბრალდება მ. ბ–ს ედავებოდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენით კი სასამართლომ დაადგინა, რომ მ. ბ–მ სხვა პირებთან ერთად, ,,როგორც დანაშაულის წამქეზებელმა და დამხამრემ, ჩაიდინა თ. ჯ–ს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ, ჯგუფურად, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და ორი პირის, თ. და მ. ჯ–ების განზრახ მკვლელობის მცდელობა” და განსასჯელ მ. ბ–ს ქმედება დააკვალიფიცირა/მსჯავრი დასდო საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), რომლით მსჯავრდებასაც ითხოვს პროკურორი საკასაციო სასამართლოში.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება შემთხვევის დროს მ. ბ–ს სხვა პირებთან ერთად იმ ავტომანქანაში ყოფნა, საიდანაც გაისროლეს ძმებ ჯ–ების ავტომანქანის მიმართულებით (აღნიშნულზე უთითებს მხოლოდ დაზარალებული მ. ჯ–ე, კერძოდ, განმარტა, რომ ავტომანქანაში, რომლითაც მისდევდნენ, მათ შორის, მ. ბ–ე იჯდა); იმავდროულად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მ. ბ–მ სხვა პირები დაიყოლია განზრახ მკვლელობის ჩასადენად ან/და ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ მ. ბ–სე შემთხვევის დღეს – 2004 წლის 18 მარტს, იმყოფებოდა ე.წ. „ხ–ს ბაზრობაზე“ და იცოდა კონკრეტული პირების მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მომზადების (მზადების) შესახებ, რაც ვერ გახდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლით მსჯავრდების საფუძველი.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ. ბ–ს უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება მ. ბ–ს მხრიდან ძმები ჯ–ების მკვლელობის განზრახვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ–მ დაინახა, რომ ი. ბ–ე და მ. ნ–ე, რომლებსაც ჰქონდათ ავტომატური იარაღი და ავტომანქანით დაედევნენ მ. და თ. ჯ–ებს, რომლებიც ამ უკანასკნელსა და მ. ბ–სეს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ (გართულების თავიდან ასაცილებლად) გაეცალნენ იქაურობას, მ. ბ–მ იცოდა ი. ბ–ს და მ. ნ–ს განზრახვისა და იმის შესახებ, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც იმავე დღეს ი. ბ–ს და მ. ნ–ს მიერ აღსრულდა (ი. ბ–ს და მ. ნ–ს მსჯავრი დაედოთ განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის) და ამის შესახებ არ განაცხადა/შეატყობინა შესაბამის ორგანოებს, მ. ბ–ს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების შეუტყობინებლობისათვის.
14. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, თვალისწინებს, რომ:
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 31 მაისის განჩინებით ი. ბ–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა”, „ზ”, „თ“ ქვეპუნქტებითა და საქართვეკის სსკ 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ხოლო მსჯავრდებულ ა. გ–ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა”, „ზ”, „თ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში შეწყდა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილ ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით, როგორც შეუტყობინებლობა იმისა, რომ მზადდებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
14.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც, მ. ნ–სე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით დაენიშნა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” და მე-2 ნაწილის „ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2004 წლის 18 მარტს მოქმედი რედაქციით), დარჩა უცვლელად.
14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (N101აპ-18) ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
14.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით გ. ს-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული – საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით (2004 წლის 18 მარტის რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 19,25,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” და მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტებით (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მსჯავრდების თაობაზე და ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მენთეშაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – პ. შ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე