Facebook Twitter

ბს-177-167(კ-06) 28 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

ნ. სხირტლაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 4 თებერვალს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში “საქართველოს ელექტროენერგიის ...ის” მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 39262 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა ელექტრობაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სასტარტო პირობების შექმნის მიზნით, ელექტრობაზრისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან, ერთიწ. ვადით, 100000 ლარის გამოყოფა.

აღნიშნულის შესაბამისად, 1999წ. 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და “საქართველოს ელექტროენერგიის ...” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყო 10000 ლარი და სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან. ამასთან, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით წლიურზე გადაანგარიშებით, ხოლო 4.2.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად ფინანსთა სამინისტროს არაერთი წერილობითი მითითებისა, “საქართველოს ელექტროენერგიის ...-მა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც, 2003წ. 5 დეკემბრის მდგომარეობით, “საქართველოს ელექტროენერგიის ...” დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტისადმი შეადგენდა 39262 ლარს, მათ შორის: ძირითადი თანხა _ 10000 ლარი, პროცენტი _ 1200 ლარი, ხოლო საურავი _ 28062 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 5 თებერვლის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.

ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ ცნო მოპასუხემ _ “საქართველოს ელექტროენერგიის ...-მა” და შეპასუხებით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

შეპასუხების ავტორის განმარტებით, სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა 1 წლით, თანხის _ 100000 ლარის მსესხებლის ანგარიშზე ჩარიცხვის დღიდან და დავალიანების დაფარვა უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის, ერთიწ., გასვლის შემდეგ. ამასთან, ელექტროენერგიის ... გამოეყო მხოლოდ 10000 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 100000 ლარისა, რის გამოც შეპასუხების ავტორის მითითებით, ჩასარიცხი დარჩა 90000 ლარი და სესხის დაფარვა უნდა დაწყებულიყო მთლიანი თანხის _ 100000 ლარის ჩარიცხვიდან ერთიწ. შემდეგ.

გარდა ამისა, ხელშეკრულების 5.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულება, რის გამოც, შეპასუხების ავტორის აზრით, ფინანსთა სამინისტრომ სრულად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და მთლიანად გადარიცხოს თანხა მსესხებლის ანგარიშზე, რის შედეგადაც ერთიწ. გასვლის შემდეგ დადგება მსესხებლისათვის ვალდებულების შესრულების ვადა.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ...ისათვის უკვე გამოყოფილ 10000 ლარს, შეპასუხების ავტორმა განმარტა, რომ 1999წ. დეკემბერში ელექტროენერგიის ... 10551 ლარი გადასცა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დასაფინანსებლად, რაც უნდა განხორციელებულიყო ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან. აღნიშნულის შესაბამისად, ელექტროენერგიის ...-მა 2000წ. 18 თებერვალს ¹1/155 წერილით მიმართა ფინანსთა მინისტრს სესხის სახით მიღებული 10000 ლარის გადახდილად ჩათვლის თხოვნით. ფინანსთა სამინისტრომ 2000წ. 17 მაისის ¹08/03-08-278/2229 წერილით აცნობა ელექტროენერგიის ..., რომ წინა წლების საბიუჯეტო დავალიანებების გაწერა მოხდებოდა 2000წ. სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ და საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს მიმართ დავალიანების არსებობის გამო, ელექტროენერგიის ...ს, ფინანსთა სამინისტროსა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის ურთიერთანგარიშსწორებათა უნაღდო ანგარიშსწორების წესით დაფარვის საკითხიც გადაწყდებოდა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და “საქართველოს ელექტროენერგიის ...მა”.

ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ, პროცენტისა და საურავის გადახდის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

“საქართველოს ელექტროენერგიის ...მა” საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდაზე ფინანსთა სამინისტროსათვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სესხის, 10000 ლარის ოდენობით, ფინანსთა სამინისტროსათვის დაბრუნების შესახებ, დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდაზე ფინანსთა სამინისტროსთვის უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სარჩელი საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდის ნაწილში დაკმაყოფილდა; კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა დარიცხული პროცენტის _ 1200 ლარისა და საურავის _ 27497 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულების საფუძველზე 1999წ. 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს 1999წ. 12 აგვისტოს გამოეყო 10000 ლარი და სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან. ამასთან, ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით წლიურზე გადაანგარიშებით, ხოლო 4.2.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2000წ. 18 აგვისტოს, ხოლო სარგებლის პროცენტის დაფარვა _ სესხის მიღებიდან ყოველი სამი საანგარიშო თვის შემდეგ, 5 საბანკო დღის განმავლობაში.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნა სასესხო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით წლიურზე გადაანგარიშებით და საურავის, სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, იყო საფუძვლიანი. მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მხოლოდ 1999წ. 18 ნოემბერს მოხდა ძირითად თანხაზე (10000 ლარი) სარგებლის პროცენტის დაფარვა 300 ლარის ოდენობით, რის გამოც დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვადები და კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” ეკისრებოდა ვალდებულება 10000 ლარის ფარგლებში გადაეხადა საურავი _ სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა აპელანტის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი გაანგარიშება სადავო საპროცენტო განაკვეთისა და საურავის ოდენობის თაობაზე და ჩათვალა, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სარგებელი _ სესხის თანხაზე დარიცხული 12% შეადგენდა 1200 ლარს, ხოლო საურავი _ სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 27497 ლარს. ამასთან, კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება (გაანგარიშების სახით) სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კავშირმა (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან 1999წ. დეკემბერში კავშირმა (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...მა” 10551 ლარი გადასცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელფასო, საპრემიო და სამივლინებო დავალიანებების გასასტუმრებლად, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა მიეღო ფინანსთა სამინისტროს ¹1 სახაზინო სამსახურიდან. “ელექტროენერგიის ...-მა” 2000წ. 18 თებერვალს ¹1/155 წერილით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს სესხის სახით მიღებული 10000 ლარის უნაღდო ანგარიშსწორების გზით ჩათვლის განხორციელების თხოვნით. ფინანსთა სამინისტრომ 2000წ. 17 მაისის ¹08/03-08-278/2229 წერილით აცნობა “ელექტროენერგიის ...ს”, რომ ფინანსთა სამინისტრო თანახმა იყო მოეხდინა დავალიანებათა ურთიერთგაქვითვა. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, “ელექტროენერგიის ...ს” წარმოეშვა კანონიერი ნდობის უფლება და მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიმართ მისი ვალდებულება შესრულებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ მისგან დამატებით საურავის გადახდის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

კასატორი აღნიშნავს, რომ, ვინაიდან ფინანსთა სამინისტრომ არ მოახდინა თანხების ურთიერთგაქვითვა და მიიჩნია, რომ “ელექტროენერგიის ...ს” უნდა გადაეხადა სესხის სახით გამოყოფილი თანხა და პროცენტები, შეეძლო არ მოეცადა სამი წელი და უფრო ადრე ეცნობებინა და მოეთხოვა მისგან ხსენებული თანხის დაბრუნება, ფინანსთა სამინისტრომ კი ხელი შეუწყო საურავის გაზრდას. გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე მოქმედი კერძო პირის (რასაც წარმოადგენს “ელექტროენერგიის ...”) მიერ მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და მისი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რაც სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებისა და 394-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, კასაციის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 10 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ის” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006წ. 10 აპრილის განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2006წ. 24 მაისამდე.

2006წ. 23 მაისს კავშირმა (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...მა” საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი საკასაციო საჩივარი იყო დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006წ. 24 მაისის განჩინებით კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა 2006წ. 28 ივნისს მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კავშირი (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: “ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგიის ...ის ჩამოყალიბების ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 13 ივნისის ¹370 ბრძანებულების მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს დაევალა ელექტრობაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სასტარტო პირობების შექმნის მიზნით, ელექტრობაზრისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან სესხის სახით 100000 ლარის გამოყოფა ერთიწ. ვადით. აღნიშნულის შესაბამისად კი, 1999წ. 21 ივნისს ფინანსთა სამინისტროსა და “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ფინანსთა სამინისტრომ იკისრა ვალდებულება “საქართველოს ელექტროენერგიის ...ისათვის” 100000 ლარის გამოყოფის შესახებ. ფინანსთა სამინისტრომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა მხოლოდ ნაწილობრივ და “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს”, ნაცვლად 100000 ლარისა, 1999წ. 12 აგვისტოს გადაურიცხა 10000 ლარი და სესხით სარგებლობის ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი, სესხის ძირითადი თანხის 12%-ის ოდენობით წლიურზე გადაანგარიშებით, ხოლო 4.2.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2000წ. 18 აგვისტოს, ხოლო სარგებლის პროცენტის დაფარვა _ სესხის მიღებიდან ყოველი სამი საანგარიშო თვის შემდეგ, 5 საბანკო დღის განმავლობაში. ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოს წარუდგინა გაანგარიშება სადავო საპროცენტო განაკვეთისა და საურავის ოდენობის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, სარგებელი _ სესხის თანხაზე დარიცხული 12% შეადგენდა 1200 ლარს, ხოლო საურავი _ სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 27497 ლარს. ამასთან, კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება (გაანგარიშების სახით) სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 14 აპრილის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება სესხის _ 10000 ლარის ოდენობით ფინანსთა სამინისტროსათვის დაბრუნების შესახებ, დარჩა უცვლელად და შესაბამისად, ხსენებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში (სესხის _ 10000 ლარის ფინანსთა სამინისტროსათვის დაბრუნება) კანონიერ ძალაშია შესული. მაშასადამე, ამჯერად საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ საპროცენტო განაკვეთისა და საურავის გადახდევინება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი არასწორად მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სახელშეკრულებო თანხის გადახდევინება და არა სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებების საფუძველზე მოქმედი კერძო პირის მიერ მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სარჩელი სასესხო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, საურავის, სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადახდევინების ნაწილში, საფუძვლიანია, ხოლო მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ერთხელ _ 1999წ. 18 ნოემბერს მოხდა ძირითად თანხაზე (10000 ლარი) სარგებლის პროცენტის დაფარვა 300 ლარის ოდენობით, რის გამოც დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვადები და კავშირ (ასოციაცია) “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” ეკისრება ვალდებულება სესხის თანხის _ 10000 ლარის ფარგლებში გადაიხადოს საურავი _ სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საურავი ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ფაქტობრივად, წარმოადგენს სკ-ის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს, ხოლო აღნიშნული მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნა, ხელშეკრულების თანახმად, უკავშირდება ვალდებულების შესრულების ვადას, სკ-ის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვადის გადაცილებისას კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს როგორც ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება, ისე პირგასამტეხლოს გადახდევინება.

სკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, ხოლო შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სკ-ის 418-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია მხარეთა შორის პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების წერილობითი ფორმა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 4.2.2 პუნქტის მიხედვით, ამავე ხელშეკრულების 1.1 და 2.2 პუნქტებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა საურავი სასესხო ვალდებულების ფაქტობრივი ნაშთის 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახდელს ვადაგადაცილებული გადასახადის თანხიდან დადგენილი პროცენტული განაკვეთით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის აპრიორული პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის პოტენციურად მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.

სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს კანონით განსაზღვრული პროცენტი, თუკი კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო თავისი ბუნებით არსებითად განსხვავდება სარგებლის პროცენტისაგან, კერძოდ, პროცენტის გადახდევინება უკავშირდება არა მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ნორმალურად განვითარების ეტაპსა და კაპიტალით მართლზომიერ სარგებლობას, არამედ აგრეთვე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებას. იმის გათვალისწინებით, რომ ფულადი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით საურავი, ანუ პირგასამტეხლო იყო გათვალისწინებული, “საქართველოს ელექტროენერგიის ...ისთვის” დამატებით სარგებლის პროცენტის დაკისრება ეწინააღმდეგება სკ-ის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ და ამავე დროს ამკრძალავი შინაარსის მქონე მოთხოვნას, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ითვალისწინებს მოვალის ვალდებულებას გადაცილებული დროისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოცემულ შემთხვევაში კი, კრედიტორს შეუძლია სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, რომლის მატერიალური შინაარსი, ფაქტობრივად, შეიძლება გამოიხატებოდეს პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნაში, პროცენტზე გაცილებით მეტი ოდენობის პირგასამტეხლო მოითხოვოს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუშვებელია პირგასამტეხლოსთან ერთად, სარგებლის პროცენტის დაკისრებაც, თუ პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება პროცენტის შესაბამის თანხას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” პირგასამტეხლოსთან ერთად, არასწორად დააკისრა სარგებლის პროცენტი 1200 ლარის ოდენობით. ამიტომ, საკასაციო საჩივარი კასატორისათვის დარიცხული პროცენტის შესაბამისი თანხის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს _ ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვას ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, მაგრამ იმის მხედველობაში მიღებით, რომ ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ კასატორისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო (27497 ლარი) 200%-ზე მეტით აღემატება ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხას (10000 ლარი), აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა ცივილური თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. მოცემულ შემთხვევაში კი, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა (27497 ლარი) გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, გაანახევროს იგი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 13748 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სსამართლო თვლის, რომ “საქართველოს ელექტროენერგიის ...ის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სარჩელი სარგებლის პროცენტის შესაბამისი თანხის _ 1200 ლარის გადახდევინების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საურავის გადახდევინების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და “საქართველოს ელექტროენერგიის ...ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 13748 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. “საქართველოს ელექტროენერგიის ...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005წ. 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ფინანსთა სამინისტროს სარჩელი სარგებლის პროცენტის შესაბამისი თანხის _ 1200 ლარის გადახდევინების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, ხოლო საურავის გადახდევინების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და “საქართველოს ელექტროენერგიის ...” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 13748 ლარის გადახდა;

4. “საქართველოს ელექტროენერგიის ...” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 550 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.