საქმე # 170100121005249356
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1332აპ-23 ქ. თბილისი
გ. გ. 1332აპ-23 29 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანისა და მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
1.2. ვ. ვ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. გ–სა და ვ. ვ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2020 წლის 12 ნოემბერს, წ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ. ვ–მა ხელში არსებული ბრტყელტუჩასა და ლითონის ლენტის სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა გ. გ–ს მიმართ, რომელმაც აღნიშულის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ხანმოკლე მოშლით;
2.2. 2020 წლის 12 ნოემბერს, წ–ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ–ში, ურთიერთშელაპარაკებისას, ვ. ვ–მა ხელში არსებული ბრტყელტუჩასა და ლითონის ლენტის სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავალჯერადი დარტყმით ფიზიკურად იძალადა გ. გ–ს მიმართ, რის შემდეგაც, გ. გ–მ შურისძიების მოტივით, კუთვნილი SUBARU FORESTER-ის მოდელის ავტომანქანიდან (სახ/ნ .........) გადმოიღო თავისი ცეცხლსასროლი იარაღი და დამიზნებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ვოსკან და ვართან ვოსკანიანებს, რის შემდეგაც გაისროლა ჰაერში. გ. გ–ს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ვართან და ვ. ვ–ებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენით:
3.1. ვ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3000 ლარი ჯარიმა;
3.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 3000 ლარი ჯარიმა. მასვე დამატებით სასჯელებად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევა 2 წლით და ქონების - ცეცხლსასროლი იარაღისა და 2 ვაზნის - ჩამორთმევა;
3.3. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალა სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულ გ. გ–სთან მიმართებით.
4. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით აღმოიფხვრა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მასვე დამატებით სასჯელებად დაენიშნა იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 2 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე და ქონების - ცეცხლსასროლი იარაღისა და 2 ვაზნის - ჩამორთმევა.“.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
5.1. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა–მა მოითხოვა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება, გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;
5.2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ონისე თუთისანმა მოითხოვა ცვლილება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენში მსჯავრდებულების მიმართ გამოყენებული სასჯელის დამძიმების კუთხით.
5.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა დაცვის მხარემ:
5.3.1. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ. ა–მა მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული განაჩენი და გ. გ–ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ;
5.3.2. მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. წ–მა მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა, კერძოდ:
7.1. მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ. ა–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, გ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას;
7.2. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ონისე თუთისანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენში ცვლილებას, მსჯავრდებულების გ. გ–სა და ვ. ვ–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
7.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ვ. ვ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. წ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე - ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ბრალდების მხარე ითხოვს გ. გ–სა და ვ. ვ–ს მიმართ სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულ გ. გ–ს გამართლებას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებისა და დაცვის მხარემ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების/განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართეს იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–სის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება, ხოლო გ. გ–სა და ვ. ვ–ს მიმართ შესაბამისი სასჯელი განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდებისა და დაცვის მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დავის საგანს არ წარმოადგენს ვ. ვ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (ვ. ვ–ს მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია - ჩაიდინა თუ არა გ. გ–სემ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; ასევე მსჯავრდებულების გ. გ–სა და ვ. ვ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. გ–ს უდანაშაულობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც გ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდება და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა განაპირობეს.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - დაზარალებულების ვ. და ვ. ვ–ების, მოწმეების - ტ. ც–ს და ნ. პ–ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული გასროლილი მასრითა (იხ.: 2020 წლის 12 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ტ.1, ს.ფ. 4-35) და გ. გ–საგან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღით (იხ.: 2020 წლის 13 ნოემბრის ამოღების ოქმი, ტ.1, ს.ფ.110-111) და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ( მუქარის) ჩადენა.
14. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, რომ გ. გ–ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, და კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასთან და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით“ (იხ.: უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 იანვრის N796აპ-23 განჩინება).
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გ. გ–ს, ვ. და ვ. ვ–ების მხრიდან ემუქრებოდა ისეთი საფრთხე, რაც გ. გ–ს ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. აღნიშნულის საპირისპიროდ, პირდაპირი მოწმეების ჩვენებებით დასტურდება, რომ ა. გ–ე (გ. გ–სის მამა) თავიდანვე გამოეთიშა ჩხუბს. მოწმე ტ. ც–ს განმარტებით იმ დროს, როდესაც გ. გ–სემ გაისროლა გ. ჩხუბში არ იყო ჩართული, ჩხუბი დასრულებული იყო, გ. გ–ს საფრთხე არ ემუქრებოდა ო–ების მხრიდან (იხ.: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 მარტის სხდომის ოქმი 12:54:10 – 12:55:00; 12:55:15 – 12:55:35; 13:14:33-13:15:55). ნ. პ-მ მოწმის სახით ჩვენების მიცემისას მიუთითა ასევე, რომ გ. გ–სის მიერ გასროლა გაშველებიდან მალევე მოხდა, იმ დროს ყველაფერი დამთავრებული იყო. მოწმეთა ჩვენებებთან თანხვდენილია დაზარალებულ ვ. ვ–ს ჩვენება, სადაც დაზარალებული უთითებს, რომ როდესაც მანქანიდან გ. გ–მ იარაღი ამოიღო ჩხუბი უკვე დამთავრებული იყო. შესაბამისად, მოწმეთა მიერ მითითებული გარემოებები, გამორიცხავს მსჯავრდებულ გ. გ–ს პოზიციას, რომ ვ–ი მას შემდეგ წავიდა, რაც თავის დაცვის მიზნით გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა. აღნიშნული არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ. გ–ს არ ჰქონდა მუქარის განზრახვა და გასროლა მხოლოდ თავის დასაცავად მოახდინა. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
16. რაც შეეხება ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულების გ. გ–სა და ვ. ვ–ს მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ; ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები (ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა, ნასამართლობის არ ქონა, ვ. ვ–ს შემთხვევაში დანაშაულის აღიარება) და მათ განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - ჯარიმის - განსაზღვრა არ გულისხმობს სასჯელის უსამართლობას და ვერ უგულებელყოფს მის როლს სასჯელის მიზნების მიღწევაში, მითუფრო, რომ ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დამძიმება.
18.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „პატიმრობის გზით პირის თავისუფლების შეზღუდვა არის არა წესი, არამედ გამონაკლისი. პირის თავისუფლების შეზღუდვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევასა და ვითარებაში, მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიება არის აბსოლუტურად აუცილებელი და ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არ არსებობს სხვა ალტერნატივა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება N 3/5/1341,1660 „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციუობის თაობაზე“, II-33).
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, No.30743/09, par 76, ECtHR, 21/09/2017).
20. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ონისე თუთისანისა და მსჯავრდებულ გ. გ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ. ა–ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნეს დაუშვებლად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი