Facebook Twitter

საქმე # 330100123007135476

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №67აპ-24 ქ. თბილისი

ე. ა. 67აპ-24 30 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ა. ე–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ა. ე–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2.1. ა. ე–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და 2022 წლის 18 ივნისს, დღის საათებში, ქ. თ–ში, ......-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. კ–ის მეშვეობით ნ. მ–ზე გაასაღა 2022 წლის 15 მარტით დათარიღებული თბილისის მთავარი სამმართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის ყალბი უწყება, რომლის მიხედვითაც, ამავე უწყების უფროსი გამომძიებელი – დ. დ–ე, თითქოსდა სისხლის სამართლის N......... საქმეზე 2022 მარტს 16 მარტს, 10:30 საათზე საგამოძიებო მოქმედების, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, იბარებდა ი. ლ–ს, რომელზეც ასევე დასმული იყო ყალბი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ბეჭედი.

ასევე, ნ. მ–ზე გაასაღა 2022 წლის 22 მარტით დათარიღებული თბილისის მთავარი სამმართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყალბი უწყება, რომლის მიხედვითაც, ამავე უწყების უფროსი გამომძიებელი დ. ზ–ე, თითქოსდა სისხლის სამართლის N........ საქმეზე 2022 წლის 26 მარტს, 12:30 საათზე საგამოძიებო მოქმედების, მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, იბარებდა ზ. ხ–ს, რომელზეც ასევე დასმული იყო ყალბი იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის ბეჭედი. ორივე ყალბი უწყების სანაცვლოდ, გ. კ–მა ნ. მ–საგან აიღო 400 აშშ დოლარი. ი. ლ–ს და ზ. ხ–ს სახელზე დამზადებულ ყალბ უწყებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა ა. ე–ი;

2.2. ა. ე–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და 2022 წლის 1 ივლისს, ქ. თ–ში, .....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის კუთვნილ ავტომანქანაში „MERCEDES-BENZ E 300 D“ სახ. ნომრით „......“, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა ყალბ დოკუმენტებს, კერძოდ, 6 ცალი ს–ს პირადობის მოწმობას გაცემულ შემდეგ პირებზე: L–S K–S P–S, დაბ.: .... წელს, დოკუმენტის ნომ.: „....“; P–S A–S, დაბ.: .... წელს, დოკუმენტის ნომ.: .........; T–I ., დაბ.: .......... წელს, დოკუმენტის ნომ.: .......; G–I ., დაბ.: .... წელს, დოკუმენტის ნომ.: .........; G–L ., დაბ.: ....... წელს, დოკუმენტის ნომ.: ......; A–E R., დაბ.: ........ წელს, დოკუმენტის ნომ.: ...... 1 ცალი ნ–ს რესპუბლიკის პასპორტი გაცემული შემდეგ პირზე: S–e G., დაბ.: ........ წელს, პასპორტის ნომ: .......; 1 ცალი ე–ს რესპუბლიკის პასპორტი, გაცემული შემდეგ პირზე.: A. A–L N. H–D, დაბ.: .... წელს, პასპორტის ნომ.: ........; 1 ცალი პ–ს რესპუბლიკის მართვის მოწმობა გაცემული შემდეგ პირზე.: Z. G–E, დაბ.: .... წელს, დოკუმენტის ნომ.: ........; 1 ცალი ლ–ს რესპუბლიკის პირადობის მოწმობა, გაცემული შემდეგ პირზე.: G–A N., დაბ: ... წელს. დოკუმენტის ნომ.: .....

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენით ა. ე–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

3.1. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღების ეპიზოდი) – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.2. საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ე–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით;

3.4. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულს დაეკისრა მოვალეობა - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და, მსჯავრდებულ ა. ე–სთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;

4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ა. ე–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–მ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსმა პროკურორმა გიორგი ჯავარაშვილმა რომელიც ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას ა. ე–ს სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ა. ე–ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

8.1. ბრალდების მხარის საკასაციო მოთხოვნისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის პირობებში, დავის საგანს არ წარმოადგენს ა. ე–ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში (მსჯავრდების ნაწილში) თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია - მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობა.

9. კასატორის მოთხოვნაზე, მსჯავრდებულის მიმართ მკაცრი სასჯელის შეფარდების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

10.1. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც, ა. ე–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ა. ე–ს შეუფარდა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება შეფარდებული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ ა. ე–მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც აღიარა, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

11. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობითად ჩათვლისა და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმავდროულად, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასჯელის უსამართლობას, პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამობას და, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორის გიორგი ჯავარაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი