საქმე # 190100123006702928
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1302აპ-23 ქ. თბილისი
ზ. ა. 1302აპ-23 19 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ა. ზ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2022 წლის 28 ნოემბერს, შუადღის საათებში, ქალაქ რ–ში, მე-.. მიკრორაიონში მდებარე მაღაზია „ლ–დან“, 2010 წელს დაბადებულ მ. ნ–ს აედევნა ა. ზ–ე, გაჰყვა საცხოვრებელ მისამართამდე – ქალაქ რ–ს მე-.. რაიონში, კორპუსი N.., ბინა N..-ში შეჰყვა კორპუსის შესასვლელში, შეეცადა ლიფტის შეჩერებას და სურდა მასთან გამოლაპარაკება, მ. ნ–მ უთხრა, მისთვის თავი დაენებებინა, რა დროსაც ლიფტის კარი დაიკეტა და მ. ნ–მ სახლში შესვლით უშველა თავს. ა. ზ–ე აჰყვა მ. ნ–ს მე-..სართულზე, გაჩერდა მისი კარის წინ, ჩავიდა კიბეებზე, შემდეგ ისევ დაბრუნდა, დაკაკუნა მეზობლის კარზე და იკითხა ვინმე „ახალგაზრდა ზ–ა“. რის შემდეგაც დატოვა აღნიშნული ტერიტორია. მეორე დღეს, 2022 წლის 29 ნოემბერს, დილის საათებში, მ. ნ–ე აპირებდა სახლიდან გასვლას, გაიხედა კარზე არსებულ საჭვრეტში, ე.წ. „გლაზოკში“ და დაინახა ა. ზ–ე, რომელიც ისევ იდგა მის კართან და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა მამას, დ. ნ–ს. ა. ზ–ს ქმედების შედეგად მ. ნ–ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, აქვს ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რაც მას ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ვერ წავიდა სკოლაში, გამოტოვა საკონტროლო წერა, აქვს შიში, რომ სადმე დახვდება, ფიქრობს, რომ მშობლების გარეშე ვერსად ივლის და თავი უნდა დაანებოს გიტარისა და უცხო ენების მასწავლებელთან სიარულს.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენით:
3.1. ა. ზ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
3.2. ა. ზ–ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა ა. ზ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნა, თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ ა. ზ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ბ–მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს ა. ზ–ს დამნაშავედ ცნობას და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ა. ზ–ს დამნაშავედ ცნობას მათ შორის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებენ ა. ზ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით ისჯება ადევნება - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, უსაფრთხო გარემო და ცხოვრების წესის თავისუფლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 მარტის 725აპ-19 განჩინება).
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის თანახმად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის საჭიროა ფსიქიკური ტანჯვის, ცხოვრების წესის არსებითად შეცვლის ან ასეთი შეცვლის საჭიროების რეალურად არსებობის მტკიცება, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს N.............. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და მ. ნ–ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით, მ. ნ–მ ა. ზ–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულ მ. ნ–ს ჩვენებას, რომელმაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ მას მომხდარის (2022 წლის 28 იანვარს წასული იყო გიტარაზე და იქიდან წამოსვლისას შეიარა „ლ–ს“ მაღაზიაში. მაღაზიიდან გამოსვლისას დაინახა მოხუცი ქალი და ახალგაზრდა კაცი ჩხუბობდნენ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია და სახლისკენ წავიდა. როცა ლიფტში შევიდა, დაინახა, რომ ის კაციც ამოდიოდა კიბეზე, რომელიც ქალს ეჩხუბებოდა, თუმცა ლიფტში ვერ შევიდა, რადგან სანამ იქამდე მივიდოდა, ლიფტის კარი დაიკეტა. ავიდა სახლში, სადაც მხოლოდ მისი და იმყოფებოდა და სახლში გაიგო ლიფტის ხმა. გაიხედა კარის ,,გლაზოკში“ და დაინახა ის კაცი როგორ გამოვიდა ლიფტიდან. მას გადაუღო ფოტო, რათა მამამისისთვის გაეგზავნა. დაურეკა მამას და უთხრა, რომ გარეთ ვიღაც იყო. ამის მერე გამოიხედა მეზობელმა, რომელსაც იმ კაცმა ჰკითხა ზ–ა მინდაო, იმ მეზობელსაც ზ–ა ერქვა, მაგრამ მას სხვა ზ–ა უნდოდა და როცა მეზობელმა უთხრა, რომ აქ არ ცხოვრობსო, წავიდა. მეორე დღეს დილით, როცა გაიღვიძა სახლში, ისევ მარტო იყო დასთან ერთად და დაინახა, რომ ის კაცი ისევ კიბეზე იდგა. ამის გამო ისევ მშობლებს დაურეკა, რომლებმაც პატრულში დარეკეს. იმ კაცს კარებზე არ დაუკაკუნებია) გამო განსაკუთრებული განცდა არ გასჩენია და ამ ფაქტების შემდეგ მარტივად აგრძელებს ცხოვრებას. წრეებზე აღარ დადიოდა გარკვეული პერიოდი, ისიც იმიტომ, რომ მშობლებმა გადაწვიტეს ასე.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადევნება, როგორც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, შეიძლება შედგებოდეს ცალკე აღებული არადანაშაულებრივი ქმედებებისგან, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კონტექსტს. იმავდროულად ქმედების საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის განზრახი ქმედება, მათ შორის დაზარალებულში ფსიქიკური ტაჯვის გამოწვევასთან ერთად, უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად, რაც მოცემულ შემთხვევაში სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმეთა: ზ. ო–ს (მოწმის განმარტებით, დაზარალებულ მ. ნ–ს მეზობელია, 2022 წლის 28 ნოემბერს შემთხვევის დროს, მის კარზე დააკაკუნეს და იკითხეს ზ–ა, თუმცა აღმოჩნდა, რომ საუბარი იყო სხვა ზ–ზე. შემდეგ ეს პიროვნება წავიდა), ლ. ი–სა (მოწმემ დაადასტურა, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს, დილით დაახლოებით 10 საათზე ავიდა ა. ზ–სთან და დარჩა დაახლოებით 2-3 საათამდე. დილით როდესაც მივიდა ა–ი იმყოფებოდა საწოლში და ნახევრად ეძინა) და ს. ზ–ს (ა. ზ–ს დედამ - ს. ზ–მაც დაადასტურა, რომ 29 ნოემბერს სამსახურში წასვლისას - დაახლოებით ათის ნახევარზე, ა–ი სახლში დატოვა) ჩვენებს და მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა. ზ–სის მიერ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი