Facebook Twitter

საქმე # 160100123007244004

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №33აპ-24 ქ. თბილისი

მ. ნ. 33აპ-24 23 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ნ. მ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2023 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე გ. მ–ს და ნ. მ–სის მფლობელობაში არსებულ სახლში ნ. მ–სმა, ურთიერთშელაპარაკებისას, მუშტის ზურგის და მარცხენა ხელის არეში დარტყმებით და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის – გ. მ–ს მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.2. 2023 წლის 17 მარტს, დაახლოებით, 23:30 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე გ. მ–ს და ნ. მ–ს მფლობელობაში არსებულ სახლში ნ. მ–მა, ურთიერთშელაპარაკებისას, მუშტის ზურგის და მარცხენა ხელის არეში დარტყმებით და თმის მოქაჩვით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის – გ. მ–ს მიმართ, რის შედეგადაც, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

2.3. 2023 წლის 19 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ში მდებარე გ. მ–ს მშობლების მფლობელობაში არსებული სახლის მიმდებარედ, ნ. ნ., გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, რადგან თვლის, რომ დაზარალებულს უფლება არ აქვს ქმარს დაშორდეს, სიტყვებით: – ,,თუ ერთ საათში სახლში არ დაბრუნდები მოგკლავ!"– სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის მეუღლეს – გ. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

3.1. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 17 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.2. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 18 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

3.3. ნ. მ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

3.4. ნ. მ–ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილ ბრალდებაში და მისთვის კანონიერი, სამართლიანი და შესაფერისი სასჯელის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი ყველა ქმედებისათვის და მისთვის სამართლიანი, კანონიერი და შესაფერისი სასჯელის განსაზღვრას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ნ. მ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სამართლიანი, კანონიერი და შესაფერისი სასჯელის განსაზღვრას.

9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. მ–სის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა გ. მ–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – ნ. მ–ის (მეუღლე) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ ნ. მ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. მ–სის ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.

14. სასამართლო ითვალისწინებს 2023 წლის 18 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N. დასკვნას, რომლის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთის მონაცემებით გ. მ–ს 17.03-18.03 2023 წელს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 19.03.2023 წელს დაუდგინდა: ნაკაწრი ცხვირზე, რაც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ალესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება დაზარალებულის სხეულზე დაზიანებების არსებობა, ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული იყენებს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებას, ხოლო საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმოშობას უშუალოდ ნ. მ–სის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად (მით უფრო, რომ ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება ვერც დაზიანებების ხანდაზმულობა). ანალოგიური მსჯელობა მიემართება ბრალდების მხარის მიერ ნ. მ–სის ბრალდების სამტკიცებლად წარმოდგენილ 2023 წლის 20 მარტის გარეგნული დათვალიერების ოქმს.

14.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2023 წლის 20 მარტის გარეგნული დათვალიერების ოქმს, რომლის თანახმად, მართალია გ. მ–ს ნაკაწრის სახით დაზიანება აღენიშნებოდა ცხვირის არეში, მარცხენა მკლავზე კი სილურჯე, რომელზეც განმარტა, რომ დაზიანებები მას მიაყენა ნ. მ–მა 2023 წლის 17-18 მარტს, თუმცა ნ. მ–ს ბრალდების შესახებ დადგენილებით, მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებები (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი)) ჩადენილია 2023 წლის 17 მარტს 23:30 საათზე. N.......... შეტყობინებით კი დგინდება, რომ მ–ს რაიონული სამმართველოს ...... განყოფილებაში გამოცხადდა მ–ს რაიონის სოფელ დ–ში მცხოვრები გ. მ–ი, რომელმაც განაცხადა, რომ 2023 წლის 19 მარტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ, ნ. მ–მა. 2023 წლის 19 მარტის სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ პაციენტს ცხვირზე აღენიშნებოდა ძველი ნაკაწრი. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა ვერ განისაზღვრა სამედიცინო ექსპერტიზის ფარგლებშიც. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება თუ რა ვითარებაში ან როდის მიიღო გ. მ–მა სხეულზე არსებული დაზიანებები.

15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ როდესაც დაზარალებული სარგებლობს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებით, არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების – მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის – შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21).

15.1. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოყენების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის 561აპ-15 განაჩენის საუძველზე, ვინაიდან მითითებული გადაწყვეტილებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი დამოუკიდებელ მტკიცებულებად შეფასდა იმ პირობებში, როდესაც მოხდა შემთხვევის ვითარების აღდგენა და არა დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში კი მართალია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სათაურში მითითებულია „საგამოძიებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი, თუმცა ცალსახაა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე გ. მ–საგან მიღებული ჩვენების შესამოწმებლად (იხ. ტ. 1, ს.ფ. 12-15).

16. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.

17. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა ნ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

18. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, ECtHR, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, ECtHR, 9/07/2019).

18.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.

19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).

20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

21. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

23. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნეს დაუშვებალად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი